ინტერვიუები

18:00 | 30.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელი: “არჩევანს მეტოქის სპეციფიკის გათვალისწინებით ვაკეთებ”

სამ ივნისს, მოდენაში იტალიის ეროვნული გუნდი ევროპის მომავალი პირველობის შესარჩევ მატჩში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, “სკუადრა აძურა” შესარჩევ ჯგუფში უახლოეს მდევარს, სლოვენიას ექვსი ქულით უსწრებს და ბალტიისპირელებთან წარმატების შემთხვევაში, უკრაინა-პოლონეთში ჩასატარებელი ტურნირის საგზურს პრაქტიკულად გაინაღდებს. La Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტი აპენინელთა უმთავრესი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩეზარე პრანდელის შეხვდა და დასრულებული სეზონის შეფასება სთხოვა.


- სინიორ ჩეზარე, თქვენი აზრით, რამ განაპირობა “მილანის” მიერ სკუდეტოს მოგება?
- “როსონერი” ტრადიციულად ძლიერი გუნდია, გასულ სეზონში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გამორჩეული გახლდათ. მან რამდენიმე რთული გადაწყვეტილება მიიღო და მათი განხორციელებისას მუხლები არ აუკანკალდა. გამბედაობა მწვრთნელისთვის მეტად საჭირო თვისებაა. პირადად მე, “მილანის” თამაშის სტილი მომეწონა. თავდამსხმელები მუდმივად გადაადგილდებოდნენ, რაც მოწინააღმდეგეთა მცველებს მათი განეიტრალების შანსს უმცირებდა. ყოველთვის კარგად მოქმედებდნენ შემტევი ნახევარმცველებიც – ისინი მეტოქის საჯარიმო მოედანზეც ჩნდებოდნენ და უკანახაზელებსაც აქტიურად ეხმარებოდნენ.
- თქვენი კოლეგებიდან, ალეგრის გარდა, წარმატებული მუშაობით თავი ვალტერ მაცარიმაც გამოიჩინა. საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ – “მილანის” თუ “ნაპოლის” დამრიგებელს?
- კოლეგიალობას დავიცავ და პირველობას ორივეს მივანიჭებ. ამასთან, კიდევ ორი გუნდის მთავარი მწვრთნელი მსურს გამოვყო. მასიმო ფიკადენტი მთელი სეზონის განმავლობაში “ჩეზენაში” მაღალ დონეზე მუშაობდა და შედეგიც სახეზეა – ჩეზენელები ჩემპიონატის ფინიშზე შვიდი ქულით დაშორებულები აღმოჩნდნენ გასავარდნი ზონიდან. კლუბმა და ფიკადენტიმ კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვეს, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ სინიორ მასიმოს სხვა კლუბისგან აქვს წინადადება. გამოვარჩევდი ფრანკო კოლომბასაც. მან “პარმას” ფეხბურთელების “შეჯანჯღარება” მოახერხა და გუნდი საბოლოოდ გათამაშების ცხრილის შუაგულში დამკვიდრდა.
- “სკუადრა აძურას” წევრობის კანდიდატთაგან საუკეთესო სეზონი რომელმა ჩაატარა?
- ყველაზე სტაბილურად ჯუზეპე როსი თამაშობდა. მან მტკიცე ხასიათი გამოავლინა, ბევრი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, საერთაშორისო დონის ფეხბურთელი რომაა. ნებისმიერი მოთამაშის პლუსია, როდესაც იგი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას ახერხებს. როსიმ გასულ სეზონში ეს შეძლო.
- იტალიის ნაკრებში ანტონიო კასანო დააბრუნეთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “მილანის” თადარიგში მყოფი ფორვარდი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ჯუზეპე როსის?
- კასანოს ვენდობი. ანტონიო “სკუადრა აძურას” რიგებში გამოსვლისას ყოველთვის მოტივირებულია და თავის პროფესიულ თვისებებს ავლენს. სამაგალითოდ იქცევა მინდორს გარეთაც. ახლა მთავარია, ანტონიო “მილანში” დარჩეს და მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეცეს. როსისთან კონკურენციას რაც შეეხება, თუკი ორივე კარგ ფორმაში იქნა, ადგილი ანტონიოსაც გამოეძებნება და ჯუზეპესაც.
- პაცინი, მატრი, ჯილარდინო, ბორიელო, ამაური... ამ ცენტრფორვარდებს სეზონის მსვლელობისას გოლები გაჰქონდათ. არჩევნის თვალსაზრისით, ამ პოზიციაზე, თითქოს, საქმე ცუდად არ უნდა გქონდეთ...
- სადღეისოდ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელ ცენტრფორვარდზე გავაკეთებ აქცენტს. ისე კი, კარგია, არჩევანის საშუალება რომ მაქვს. არჩევანს კი, რომელიმე თავდამსხმელის სასარგებლოდ მომავალი მეტოქის სპეციფიკიდან გავაკეთებ.
- მარიო ბალოტელი ინგლისის თასის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ეს მის სანაკრებო კარიერას წაადგება?
- მოთამაშეზე ერთი მატჩით არასდროს ვმსჯელობ. მითუმეტეს, “სკუადრა აძურას” წევრობის კანდიდატზე. მარიოს თავისი ნიჭი ადრეც არაერთხელ გამოუვლენია. მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. მიხარია, ჟურნალისტებმა ბალოტელის დადებითი კუთხით წარმოჩენა რომ დაიწყეთ. ამით მარიოს გუნდიც მოიგებს და თავად ბალოტელიც.
- მეკარეთაგან ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა აბიატის...
- ოთხ გოლკიპერს დაგისახელებთ. აბიატიმ, სორენტინომ, დე სანკტისმა და სეზონის დასაწყისში სტორარიმ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს.
- აბიატის “სკუადრა აძურაში” უხმობთ?
- არა. არჩევანი უკვე გავაკეთე. უახლოეს მატჩებში მეკარეთაგან ნაკრებში ჯანლუიჯი ბუფონი, სალვატორე სირიგუ და ემილიანო ვივიანო იასპარეზებენ. თუკი რომელიმე მათგანი ტრავმას მიიღებს ან ფორმას დაკარგავს, აბიატის აყვანაზე მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები.
- ერთი წლის შემდეგ პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. “სკუადრა აძურა” პირველობისთვის იბრძოლებს?
- სამ ივნისს, ესტონეთთან უმნიშვნელოვანესი შესარჩევი მატჩი გველის, ამიტომაც, მოდით, კითხვა ოთხ ივნისს გამიმეორეთ, ამჯერად კი არ გიპასუხებთ.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169778