ინტერვიუები

10:08 | 24.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელი: “ჩემი ტაქტიკა არ იცვლება – სამი თავდამსხმელით თამაში”

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, იტალიის ეროვნული  ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარჩელო ლიპი ჩეზარე პრანდელიმ შეცვალა. “ფიორენტინას” 53 წლის ექსთავკაცი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 1990 წელს დაიწყო, მანამდე მხოლოდ საკლუბო დონეზე მუშაობდა, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია 2012 წლის ევროშესარჩევში წარმატებული სტარტი აეღო. პრანდელის შეგირდებმა ჯერ სტუმრად ესტონეთი დაამარცხეს (2:1), ხოლო შემდეგ, შინ ფარერები გაანადგურეს (5:0) და C ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ცოტა ხნის წინ, პრანდელი მადრიდში უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების სემინარზე იმყოფებოდა, სადაც, სხვათა შორის, ლიპისთან ერთად იმგზავრა. თუკი ლიპი, ვიდრე სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდება, ინტერვიუზე უარს ამბობს, პრანდელი მასმედიასთან საუბრისგან თავს არ იკავებს.   

-მიმდინარე სეზონში სერია A-ში დადებითი რა აღმოაჩინეთ?
- ის, რომ კარგად გამოიყურებიან დებიუტანტები. პირველყოვლისა, “ჩეზენა”, რომელიც კარგად თამაშობს და წინა სეზონის ბალანსი შეინარჩუნა. მწვრთნელებიდან განსაკუთრებით მომწონს ამ გუნდის თავკაცი მასიმო ფიკადენტი, ხოლო მოთამაშეებიდან – ემანუელე ჯაკერინი.   
- ჯაკერინი ნაკრებისთვის მომწიფებულია?
- ის კარგი მოთამაშეა, ახალგაზრდაა და ენთუზიაზმით სავსე. იგი მათ შორისაა, ვისაც ვაკვირდები.
- ცუდს რას ხედავთ?
- სკანდალებს. არბიტრებზე მკაცრი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ინტერვიუებიდან სჩანს, რომ მსაჯების ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევის სურვილი აქვთ. თუმცა, ეს არასწორია, რადგან საქმე როცა გაქვს გუნდთან, რომელიც წინა ტურში მსაჯობისგან დაზარალდა, ყოველთვის რაღაცას ელი.  
- იბრაჰიმოვიჩის “თავდასხმა” არიგო  საკიზე...
- ძალიან სამწუხაროა, სასურველია მეტი პატივისცემა და ტონის შერბილება.  
- თქვენი აზრით, “მილანი” და სამი თავდამსხმელით თამაში, დამაჯერებელია?
- “მილანი” საკუთარ თამაშს ჯერ კიდევ ეძებს. მასიმილიანო ალეგრის ყოჩაღ, რადგან მსგავსი ტაქტიკით თამაში შეუძლებლად არ გამოიყურება.
-  “რომამ” ასე რატომ “დაამუხრუჭა”?
- ვფიქრობ, პირველყოვლისა, ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის გამო.
- თქვენმა ყოფილმა გუნდმა – “ფიორენტინამ”?
- ერთად გატარებული ამდენი წლის მერე, “ფიორენტინას” მდგომარეობა მაღელვებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიკურ პრობლემებთან - იოვეტიჩის, ვარგასისა და დე სილვესტრის ტრავმები. გარდა ამისა, მონტოლივომაც, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო.  
- “უდინეზესთან” 4:0 გამარჯვება საკმარისია იმის მტკიცებისთვის, რომ “იუვენტუსი” სკუდეტოს პრეტენდენტი იქნება?
- “იუვეს” სკუდეტოზე პრეტენზია ყოველთვის აქვს და მიმდინარე სეზონში ტურინელები “მილანთან” და “ინტერთან” ერთად ფავორიტებია არიან. უბრალოდ, დელ ნერიმ საჭირო ბალანსი უნდა იპოვოს გუნდისთვის, რომელიც შეტევაზეა ორიენტირებული და ეჭვი არ მეპარება, ამას შეძლებს. დელ ნერი წარმატებული მუშაობის გარანტიაა.
 - მარკიზიო საქმეში ნახეთ?
- საუცხოოდ მუშაობს.
- იტალიელებისთვის ევროსეზონი არცთუ წარმატებით დაიწყო...
- იმიტომ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მე-2 ტურიდან უკეთესობა იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის მოგება ვის შეუძლია?
- “ინტერს” წინა სეზონის წარმატების გამეორება შეუძლია – ამ გუნდს წარმოუდგენლად სურს ყველა გააკვირვოს.  
- მარჩელო ლიპის რის შესახებ ესაუბრეთ?
- ოჯახზე, შვილიშვილებზე, შვებულებაზე. მან ერთი წიგნის წაკითხვა მირჩია, რომელიც შეყვარებულ ჟურნალისტზეა. ჩემი აზრით, ის მწყობრშია, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა.
- ამჟამად, იტალიის ნაკრები რა სტადიაზეა?
- უკეთეს მდგომარეობაში ვართ. იმედი მაქვს, რომ კვლავ შევძლებთ მოედანზე ბალოტელისა და კასანოს გამოშვებას. ჩემი ტაქტიკა არ იცვლება – სამი თავდამხმელით თამაში. თუ გუნდი გაითავისებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი, მათ შორის დაცვითი ფაზისთვის თავის გართმევა, ეს, არა ოცნება, არამედ, რეალობა იქნება.
- ეროვნული ნაკრების საკლუბო პრინციპით დაკომპლექტება, როგორც ეს მოურინიოს სურდა, შესაძლებელია?
- რთულია. პრაქტიკულად შეუძლებელია.
- ახალი სახელები – რანოკიას ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს?
- ის მზადაა, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებსაც მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს. მის თაობაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს პიერლუიჯი კაზირაგის დაველაპარაკები.
- ახალ შესარჩევ ციკლში მთავარი გასაკეთებელი რაა?
- საჭიროა, არეკნი ფსკერიდან გავაკეთოთ და შედეგების ჩვენება ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ. ახალი ფეხბურთელები უნდა მოვძებნოთ და ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი ტექნიკააა – ამისთვის საკი, ბაჯო და რივერა არიან, რომელთაც ლამაზი ფეხბურთი უყვართ.  
- და ბოლოს – მესის წინააღმდეგ უხეში თამაში საშინელი სანახავი იყო...
- ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ეს უიფალუშიმ ჩაიდინა, რადგან ეს ბიჭი ყოველთვის კორექტული იყო.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170073