ირლანდიასთან მოგებისა და პლეი ოფში გასვლის შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი კმაყოფილებას არ მალავდა. ამასთან, “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მისი გუნდი მეოთხედფინალში შეჩერებას არ აპირებს.
- ირლანდიის ნაკრებთან მოგება თქვენი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა?
- რასაკვირველია – ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავედით და ეს ფაქტი უზომოდ მახარებს. მატჩის მსვლელობისას კი ნერვიულობა არ მაკლდა. სათამაშო დროის დიდი ხნის განმავლობაში მინიმალური ანგარიშით ვიყავით წინ და სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეცვლილიყო. ქების სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ ირლანდიის ნაკრები. “სკუადრა აძურა” მეტად ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ ასპარეზობდა, რომელსაც თავისი განუმეორებელი სტილი და სათამაშო ხელწერა აქვს. თანაც, ირლანდიელებს ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავთ.
- თქვენი აზრით, რატომ გაუჭირდა “სკუადრა აძურას” თამაშში “ჩართვა”?
- შეხვედრის დასაწყისში მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება გაგვიჭირდა. როდესაც ეს მოვახერხეთ, ჩვენი შესრულებით სულ სხვა ფეხბურთი იხილა მაყურებელმა. ჩემი ბიჭები გაცილებით უფრო პროდუქტიულად ამოქმედნენ. ამასთან ისიც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა დაცვაში ორგანიზებულად ითამაშა. ყველაზე მეტად კი მატჩის საბოლოო ანგარიშმა გამახარა.
- ჯორჯო კიელინიმ ტრავმის გამო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ვერ შეძლო. რას გვეტყოდით მის ფიზიკურ მდგომარეობაზე?
- სამწუხაროა, ჯორჯო რომ დაგვემტვრა. იგი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამშაბათს კიელინის გამოკვლევას ჩაუტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გვეტყვიან ექიმები, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება. ვიმედოვნებ, რთული არაფერი აღმოჩნდება და კიელინი მწყობრში მალე ჩადგება.
- როგორც წესი, იტალიის ნაკრები დიდ ტურნირებს მძიმედ იწყებს, შემდეგ თანდათან აძლიერებს თამაშს. ამჯერად რას უნდა ველოდეთ “სკუადრა აძურასგან”?
- ევრო2012-ის 2 სასტარტო შეხვედრაში რთული ბრძოლები გადავიტანეთ. სპეციფიკური მეტოქეები გვყავდა და ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ წნეხს გრძნობდნენ. იმედი მაქვს, მეოთხედფინალიდან მოყოლებული თამაშს გავაუმჯობესებთ და მაყურებელს უკეთესი ხარისხის ფეხბურთსაც ვაჩვენებთ.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მეოთხედფინალში გასვლით შემოფარგვლას არ აპირებთ...
- სადღეისოდ ჩემი უმთავრესი ამოცანა ისაა, რომ “სკუადრა აძურა” კიდევ უფრო სოლიდურად ათამაშდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაწევას ვგეგმავთ.
- მარიო ბალოტელიმ ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მეოთხედფინალში მას სასტარტო შემადგენლობაში დააყენებთ?
- ჯერჯერობით ვერ გეტყვით. სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგის ვინაობა არ ვიცი და შემადგენლობა როგორ გითხრათ. შევხედავთ საწვრთნელ პროცესს, დავაკვირდებით ფეხბურთელებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. რამდენიმე ვარიანტი შემუშავებული გვაქვს და ვნახოთ, რომელს ავამოქმედებთ.
გოჩა კაჭარავა









