ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის “დიდ სლემზე” ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ვერცხლის მედალი და 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ტურნირში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ფინალის გზას სერბი ალექსეი ნეფედოვის იპონით ძლევით შეუყვა. მერვედფინალში, ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო ბოლო წუთზე შესრულებული ვაზარით დაამარცხა, რომელიც მსაჯმა თავიდან იპონად შეუფასა და შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ვაზარითვე გაუსწორდა ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერსაც.
ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა იაპონელ კეიტა ნაგაშიმას ერთადერთი გაფრთხილებით აჯობა. ჩემპიონობამდე კი უზბეკი იახიო იმამოვის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა იპონით მოიგო.
ცოტა ხანში “დიდი სლემის” ჩემპიონის ტიტულისთვის ვარლამ ლიპარტელიანიც იჭიდავებს. 90 კილოგრამის ფინალში იგი კუბელ ეშლი გონზალესს დაეჭიდება.
ოთარ მაღლაკელიძე







