ფეხბურთი

0:18 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ბადრია

ალბათ, არ არსებობს, არათუ ჟურნალისტი, არამედ გულშემატკივარიცა და სპეციალისტიც, რომელიც სპორტულ შეჯიბრებებს დასწრებია და ბადრი კეთილაძის სახელი არ იცოდეს. “ჩვენი ბადრია” სათაურში ტყუილად არ გამოგვიტანია – ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა და ვისაც ბადრის ფოტოები უნახავს, მის პროფესიონალიზმშიც დარწმუნდებოდა.

ბადრი კეთილაძეს დღეს 55 წელი შეუსრულდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მისი ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომელსაც მინისტრი ლევან ყიფიანი, მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჟურნალ “ათიანის” რედაქტორი გორგოძე, გაზეთ “ლელოს” რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, “მსოფლიო სპორტის” რედაქტორი დავით ბაკურაძე და მთლიანობაში, ჟურნალისტთა დიდი ამქარი დაესწრო.

რომელ ფოტოს აღარ მიაქცევდით ყურადღებას – “ჩვენი ბადრიას” ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სიგელი გადასცა ბადრის, ხოლო გორგოძემ, გურამ თიკანაძის სახელობის პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ფოტოგრაფს.

თბილისის “დინამოს” პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ, “დინამოს” ლურჯი მაისურა აჩუქა კეთილაძეს – 55 ნომრით და წარწერით, “ბადრია”.

ლევან ყიფიანი: “ათეული წლებია, რაც ბადრი კეთილაძე ამ საქმიანობაშია ჩართული. მისი პროფესიონალიზმი ყველასთვის ცნობილია. ომსა და გაჭირვებაშიც ყოველთვის სანიმუშოდ აკეთებდა თავის საქმეს და მაგალითად რჩება ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის. ბადრისთვის დღევანდელი გამოფენის იდეის ავტორი, ჩვენი სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ლექსო მაისურაძეა”. 

დავით ბაკურაძე: “2008 წლის ნოემბერში ქართული სპორტული ჟურნალისტიკისთვის ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სპორტული გამოცემა გაზეთი “სარბიელი” დაიხურა და შესაბამისად, ბადრი კეთილაძეც (ბევრ სხვასთან ერთად) უმუშევარი დარჩა. თუმცა, ასეთ პროფესიონალს უმუშევარს დიდხანს ვინ დატოვებდა?.. ჩვენი მაშინდელი თანამშრომლის ფრიდონ კერვალიშვილის მოწოდებული ინფორმაცია სასწრაფო წესით ჩვენი გამოცემის ხელმძღვანელობასთან განვიხილეთ. ბევრი არც გვიფიქრია (ან კი რა იყო საფიქრი) – ბადრი კეთილაძე მოვიწვიეთ და მას შემდეგ ჩვენი გამოცემების (გაზეთ “მსოფლიო სპორტის” და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ის) მეშვეობით ეზიარება მკითხველი მის ფოტოხელოვნებას. სწორედაც რომ ფოტოხელოვნებას! საერთოდ, ბადრი კეთილაძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა სიტყვა “ფოტოხელოვანი” რომ არსებობს”...

ძალიან უხაროდა და სწორედ სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა ბადრის ქალიშვილმა, 12 წლის მარიამმა - უხაროდა, რომ მამა ასე დააფასეს. თავად ბადრიმ კი, სამადლობელი სიტყვისას ემოციები ვერ შეიკავა. გაიხსენა ის წლები, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდა ფოტოგრაფობაში და აღნიშნა გაზეთ “სარბიელის” განსაკუთრებული ღვაწლი.

“არ ვიცი, რა ვინ ვიქნებოდი, “სარბიელი” რომ არა”. 

ბადრი კეთილაძე: “მძლეოსანი ვიყავი და შეჯიბრებებზე გამოსვლისას ვერსად ვხედავდი ფოტოგრაფებს. შემდეგ, როცა სპორტსმენობა დავამთავრე, მომინდა ფოტოხელოვნების შესწავლა. ქუთაისში მივაკითხე ბაღის ფოტოგრაფებს, მაგრამ მათ ელემენტარული რამ ვერ ამიხსენს. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა ბევრი მასალა, ჩემით დავიწყე სწავლა, ხოლო შემდეგ მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩავაბარე.

...სტადიონზე ჩემთვის ვიღებდი ფოტოებს და ერთხელაც გაზეთ “ქუთაისში” მივედი, ჩემი ფოტო შევთავაზე. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მატჩი იყო. ერთი ფოტო ძალიან მოეწონათ, ვთქვი, ჰონორარი არ მინდა, უბრალოდ, ჩემი სახელ-გვარი მიაწერეთ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს, ჟურნალ “ბურთი და მოედნიდან” მოვიდა ერთი კაცი, ჩვენთან მუშაობა ხომ არ გსურსო. მაშინ ჟურნალს ვახტანგ ბზიკაძე რედაქტორობდა. დავიწყე. შემდეგ კი გადავედი “სარბიელში”, რომლის რედაქტორიც ზურაბ მეძველია იყო, ხოლო დამფუძნებელი, ზურაბ ფოცხვერია. “სარბიელს” ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს”.

ბადრი ასევე მუშაობდა “ინტერპრესში”. მუშაობს “მსოფლიო სპორტში”, თბილისის “დინამოში”, “ასოშიეიტედ პრესში”, უეფას ოფიციალურ საიტზე, “ათიანში”. საამაყოა, რომ ასეთი პიროვნება და პროფესიონალი გვყავს “მსოფლიო სპორტში”. ამ კაცს არაერთი ახალგაზრდა ფოტოგრაფი დაუყენებია გზაზე. საერთოდაც, თავისი ქუთაისური იუმორითა და ხალისიანი ისტორიებით თავს შეგაყვარებს.

55 წლისა გახდა – ორი ხუთიანი. ხუთოსანია თავის საქმეში და ხუთოსანია ადამიანობაშიც.   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09764