4-8 დეკემბერს, იტალიის ქალაქ მილანში გამართულ სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი კინორეჟისორის გოგი თორაძის ფილმი „ჩვენი ფეხბურთი" დოკუმენტური ფილმების ნომინაციის ლაურეატი გახდა. ქართული ფეხბურთის ისტორიისადმი მიძღვნილი 28-წუთიანი ფილმის ჩვენება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შედგა. “ჩვენი ფეხბურთის” სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩვენებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრენ.
დოკუმენტური ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ქართული ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიას, მისი დასაბამიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ფილმის რეჟისორია გოგი თორაძე, რომელსაც სპორტულ თემატიკაზე არაერთი ფილმის აქვს გადაღებული („კომენტატორი", „სნაიპერი", „ქართული ფეხბურთის მაესტრო", „კაპიტანი", ტრილოგია - რაგბი, კალათბურთი და ფეხბურთი). სცენარის ავტორია სპორტული ჟურნალისტი აკაკი გვიმრაძე, ქართული ფეხბურთის ისტორიაზე მსახიობი კახი კავსაძე საუბრობს, კომპოზიტორი კი ვაჟა აზარაშვილია.
საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარადჭერით ფილმი ინგლისურ ენაზე გახმოვანდა. ტექსტს ნუგზარ რუხაძე კითხულობს.
“მილანის ტრადიციულ, უპრესტიჟულეს კინოფესტივალზე ჩვენი ფილმი უზბეკეთში მოპოვებული გამარჯვების გამო მიიწვიეს – 18-20 სექტემბერს ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმის პრიზის აღების შემდეგ. “ჩვენი ფეხბურთი” ტრილოგიის მესამე ნაწილია. პირველი და მეორე ფილმები კალათბურთსა და რაგბის ეხება, მაგრამ ისე მოხდა, ინგლისურ ენაზე ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთისადმი მიძღვნილი ფილმი ითარგმნა. სამომავლოდ, ტრილოგიის სამივე ნაწილის თარგმნასაც ვგეგმავთ” – უთხრა რეჟისორმა სპორტის მინისტრს და მაქსიმალური მხარდაჭერის დაპირებაც მიიღო.
“ძალიან კარგი ფილმია, რომელშიც უნიკალური საარქივო მასალაა გამოყენებული. ასეთი ფილმებით ქართული სპორტი განებივრებული ნამდვილად არაა. მომავალმა თაობებმა ისტორიული გამარჯვებების შესახებ რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ასეთ პროექტებს ყოველთვის მხარში დაუდგება” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ჩვენების დასრულების შემდეგ გოგი თორაძემ გადამღები ჯგუფის გაწეული შრომაც ახსენა და მათ ფილმის წარმატება მიულოცა. მატერიალური მხარდაჭერისთვის კი სპორტის სამინისტროსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელებს გადაუხადა მადლობა.
დაბოლოს, “ჩვენი ფეხბურთი” სპორტული ფილმების კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული, რომელიც 2014 წლის მაისში რიო დე ჟანეიროში გაიმართება.







