20 წელიწადზე ცოტა მეტია რაც ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელია და აგერ უკვე მერამდენე ახალ წელს ვხვდებით დიდი იმედებით და ოცნებებით. საერთოდ კი, საქართველოს 3000-წლიანი ისტორია იყო ომების, გაჭირვების, ნგრევისა და შენების, აყვავებისა და აყვავებულის შემდეგ კვლავ ნგრევის საუკუნეები. სულ ასე იყო, სულ ასე მოვდიოდით...
	მაგრამ შეხედეთ ჩვენს კალათბურთელებსა და მორაგბეებს, ჩვენს მოჭიდავეებსა და რიგით გულშემატკივრებს. ჯერ ხომ კიდევ ვდგავართ ფეხზე! ჯერ ხომ კიდევ გვაქვს იმის ილაჯი, რომ ქვეყანა გვერქვას და ვლაპარაკობდეთ იმ ენაზე, რომელიც სხვადასხვა დამპყრობლის მიერ შემოტანილი ბარბარიზმით მრავალგზის დამახინჯდა, მაგრამ მაინც იმ ენად დარჩა, იოანე ზოსიმე რომ აღმერთებდა.
	საქართველო მარადიულია და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ დროებით მტრის ხელში ჩავარდნილი ჩვენი მიწები აუცილებლად შემოუერთდება საქართველოს. ჩვენ არავის გვინდა ომი და სისხლისღვრა. ნგრევაც ბევრი გამოვიარეთ და გაჭირვებაც, მაგრამ როდესაც საახალწლო სუფრას მივუჯდებით, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რა ეროვნებისა და რელიგიის აღმსარებელიც არ უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფიქრი გვექნება – საქართველოს უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელობა! საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს. გაუმარჯოს ჩვენს დაღლილ, მაგრამ ყველაზე საოცარ სამშობლოს!
	შეხედეთ კახელ გლეხებს, მრავალი გაჭირვების, ღვინის ბაზრების ჩაკეტვისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, კვლავ რომ აყენებენ საოცარ ღვინოს. შეხედეთ ჩვენს ქვევრებს, მათი ყოველი მოხდისას, დიდი სიამაყით და რაღაც შეუცნობელი, გრძნობით რომ ვივსებით. ეს ყველაფერია! ამისათვის ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება!
	შეხედეთ შრომისგან ხელებდაკოჟრილ მეგრელ გლეხს, რომელიც წლიდან წლამდე სიმინდისა და თხილის მოსავლის იმედად არჩენს ოჯახს. დაუჯექით გვერდით მას და მთელს დედამიწაზე მხოლოდ მისგან მოისმენთ, კანტსა და ჰეგელზე დიდ სიბრძნეებს.
	შეხედეთ სამაჩაბლოდან დევნილ ქართლელს. დარდმა მაინც რომ ვერ გატეხა და წეროვანის ჩასახლებაშიც ჯიუტად აშენებს ხეხილის ბაღს.
	იმერელ გლეხს შეხედეთ. ხშირად სულ რომ არა აქვს სასიმღეროდ საქმე, მაგრამ სტუმარს ყოველთვის გულგახსნით რომ ხვდება და პირველი თვითონ იწყებს სიმღერას ჭურისთავთან ჩამომჯდარი.
	ამ ჩვენს გოროზ სვანებსა და ხევსურებს შეხედეთ. ისეთ ქართველებად რომ დარჩნენ, მათი შემხედვარე, სიამაყით აღივსები კაცი.
	თუშებიც ნახეთ, ბარში ჩამოსახლებულებიც თუშებად რომ დარჩნენ და სიზმარშიც კი ცხვრის დიდ ფარებს რომ მიერეკებიან შორს, მთებისაკენ.
	შეხედეთ ჩვენს საამაყო აჭარლებს. ოსმალეთის 300-წლიანმა ბატონობამაც რომ ვერაფერი დააკლო და ძველებურად გულში უნთიათ საქართველოს სიყვარული.
	გურულებიც ნახეთ, ყველაზე წამხდარ და ბნელ დროშიც კი რომ ახერხებენ დარდის ხუმრობითა და ღიმილით გადალახვას.
	ნახეთ რაჭა, სიკეთისა და პატიოსნების მხარე. ადგილი, სადაც ყველა და ყველაფერი გიყვარდება.
	ნახეთ ლეჩხუმი. საიდუმლოებების კუთხე, უსახელოურის ღვინო რომ ადგას თავზე გვირგვინად.
	აქვე არიან ჩვენი ფშაველები და მთიულები... თუ მოეწონები, დამბალხაჭოთი მოთხვრილი ტუჩებით კისერში რომ ჩაგკოცნიან ძმურად და ჟიპიტაურით დაგიბინდავენ თვალებს...
	ეს ხალხი ყველანი ჩვენ ვართ და ეს მთელი სიტკბოებები ჩვენშია ჩაბუდებული. სწორედ ამიტომაც, მხოლოდ ღიმილს იმსახურებენ ადამიანები, რომლებიც საქართველოზე ქილიკით საუბრობენ და მალიმალ “გვახსენებენ“ რომ “ჩვენ მსოფლიოს ფეხს ვერასოდეს ავუწყობთ“, “მომავალი არ გვაქვს“, “საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას და მხოლოდ მაშინ გვეშველება“ და მისთანანი...
	ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენ არ ვართ. მომავალი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ჯერ კარგ მოქალაქეებად, შემდეგ კი კარგ იმერლებად, ქართლელებად, ფშაველებად, რაჭველებად, სვანებად, გურულებად, კახელებად, აჭარლებად, თუშებად უნდა გავზარდოთ. შეგნებულად არ ვთქვი “კარგ ქართველებადო“, რადგან კარგი ფშაველები და კარგი იმერლები, აუცილებლად კარგი ქართველები იქნებიან. ხოლო ფშაველს თუ ფშაველობა არა აქვს, გულში თუ არა გულისგულში მაინც, ისე ვერც კარგი ქართველი იქნება!
	გაუმარჯოს საქართველოს! 2013 წელს კიდევ უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი. არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ღირს იმად, რომ მცირედით მაინც გავივლოთ ერთმანეთის ჯავრი და  მტრობა.
	ეს 2013 წელი უპირველესად სიყვარულის წელი ყოფილიყოს! ეს არის მთავარი!
	
	ლევან სეფისკვერაძე









