ფეხბურთი

13:35 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენს ნაკრებს ნიონში ქართველებთან ერთად ფრანგები, თურქები და აზერბაიჯანელები უქომაგებენ

დღეს ნიოინში, კოლოვრეის სტადიონზე,  19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მე-3 ჯგუფის ელიტრაუნდის გადამწყვეტი მატჩი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებ გუნდებს შორის შვეიცარიის დროით 18:00 საათზე (20:00 თბილისის დროით) დაიწყება. ჩვენ ნაკრებს ელიტრაუნდში გამარჯვებისთვის  ამ  მატჩში ფრეც  ყოფნის, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ისრაელის კარგად მომზადებული გუნდი შეეცდება გამოიყენოს ნებისმიერი შანსი მისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად და ამიტომ ეს შეხვედრა იქნება ძალიან რთული და დაძაბული.

წინასწარი მონაცემებით, დღევანდელ მატჩს ნიონში დაესწრება უფრო მეტი ქართველი ქომაგი, ვიდრე 25 მაისს ლოზანაში შვეიცარიასთან მატჩზე იყო. ბოლო ორი დღე პირადად ტელეფონით და სკაიპით ვესაუბრე ჟენევასა და შვეიცარიის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ბევრ ქართველს - მათი უდიდესი ნაწილი მოდის მატჩზე და უქომაგებს ჩვენს ბიჭებს. ნიონში ჩამოვლენ აგრეთვე ჩვენი თანამემამულენი საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მათ შორის საფრანგეთში მცხოვრები წარსულში ცნობილი მოციგურავე ლია გაბელაია და მისი ახლობლები. საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში (რეზიდენცია ბერნში) ირაკლი ყურაშვილმა და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შალვა ცისკარაშვილმა მითხრეს, რომ ამ დიპმისიების თანამშრომლები და მათი ახლობლები იქნებიან ქომაგებს შორის ნიონის სტადიონზე. ჟენევაში 2004 წლიდან მცხოვრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ მითხრა, რომ შვეიცარიაში ქართული დიასპორის წევრები ძალიან მონდომებული არიან, რომ აქტიურად უქომაგონ ჩვენს ბიჭებს ნიონში.

 ბერნში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა, ბიჭვინთის მკვიდრმა 26 წლის თორნიკე მეტრეველმა შემატყობინა, რომ ჩვენი ბიჭების საქომაგოდ ნიონში ჩამოვა ქართველი  სტუდენტების და ახალგაზრდების ჯგუფი შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქებიდან. Aსტადიონზე ჩვენ ნაკრებს მხარს დაუჭერენ, რასაკვირველია, ის ქართველები, რომლებიც თბილისიდან ერთი კვირის წინ სპეციალურად ჩამოფრინდნენ შვეიცარიაში და ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს 25 და 27 მაისს ლოზანაში მასპინძელთა და კვიპროსის გუნდებთან. ძალიან საინტერესოა, რომ  ჩვენ ქომაგებს შორის არიან შვეიცარიაში მცხოვრები ნორჩი და ძალიან პატარა ასაკის ქართველები, რომლებიც თამაშებზე მშობლებთან ერთად მოდიან და გულანთებულები ხმაურობენ.

 საჭიროა აღვნიშნო, რომ თავად შვეიცარიელები, ვისაც მე ვესაუბრე ჟენევაში, უქომაგებენ ძირითადად საქართველოს ნაკრებს, თუმცა ისრაელის გუნდსაც ეყოლება ქომაგები - ეს გასაგებია, რადგანაც ისრაელის ნაკრებს ყველა ქვეყანაში მრვალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს ებრაული დიასპორის წევრების სახით.

ჟენევაში შემთხვევით ვნახეთ ერთი ფრანგი გოგონა ევა, რომელმაც ნახა რა ჩემზე საქართველოს ეკიპირება (დროშა ქუდზე, წარწერები ტანსაცმელზე “GEORGIA , SOKHUMI” ) დაგვიძახა - თქვენ საქართველოდან ხართ? საუბრის დროს შევიტყვეთ, რომ ეს გოგო რამდენიმე წლის წინ სწავლობდა თბილისში, კარგად ფლობს ქართულს  და გულშემატკივრობს საქართველოს ყოველმხრივ.  დაახლოებით  იგივე სიტუაციაში გავიცანი ჟენევის ცენტრში ცოლ-ქმარი,  რომლებიც აღმოჩნდნენ თბილისში, საბურთალოზე  დაბადებულ-გაზრდილი აზერბაიჯანელი ქალბატონი მედეა და მისი მეუღლე, ანკარის მკვიდრი თურქი  მეჰმედი (იხ. ფოტოები). მათ მითხრეს, რომ აუცილებლად მოვლენ მატჩზე და უქომაგებენ საქართველოს ნაკრებს. ბატონმა მეჰმედმა მითხრა, რომ მას ახსოვს შოთა და აჩი არველაძეების თამაში “ტრაბზონსპორში” და ძალიან მოსწონდა ისინი. როცა შეიტყო, რომ აჩი ამ დღეებში შვეიცარიაში იყო ნაკრებთან ერთად, გაუხარდა და მითხრა, ნიონში თუ ნახავს აჩის, აუცილებლად გადასცემს მას თურქი ფანების მოკითხვას.

  ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი იქნება დღეს ნიონში საქართველოს ნაკრების ქომაგი, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 300 კაცი თუ უფრო მეტი არა, უქომაგებს ჩვენ გუნდს. ეს კი საკმარისი ძალაა იმისათვის რომ ჭაბუკებმა მოედანზე ტრიბუნებიდან იგრძნონ  მახრადაჭერა.

 

თენგიზ პაჭკორია, ჟენევა-ნიონი, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091883