მიუნხენში, “ოლიმპიანშტადიონის” ახლოს, მეტროპოლიტენის ჩასასვლელთან მჯდომი და ტამტამებზე ბრახუნით ფულის მშოვნელი ამერიკელი ინდიელის შესამოსელში გამოწყობილი პუტკუნა გერმანელის აზრით, “გერმანია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნამდვილი თავისუფლების არსი ყველაზე კარგად ესმით და მიუნხენი სწორედ თავისუფლების ქალაქია”. გერმანელებზე გამწყრალი კაცი ამის საპირისპირო მოსაზრებას ყოველთვის გამოქვამს და იმასაც დასძენს, რომ ჰამბურგთან ერთად, სწორედ მიუნხენში “დავაჟკაცდა” კაცობრიობის უსაშინლესი სენი – ფაშიზმი. მაგრამ დღეს სხვა გერმანიაზე ვსაუბრობთ და თვალწინ რატომ უნდა დაგვიდგეს მოცუცქნულულვაშებიანი მანიაკი, როდესაც ამ ქვეყანაში საოცარი სპორტული, განსაკუთრებით კი, საფეხბურთო ტრადიციები არსებობს და მეეჭვება, ჩვენს პლანეტაზე არსებობდეს გერმანიის ნაკრებზე მეტად უნიკალური გუნდი. “ბუნდესნაკრები” ხომ ის გუნდია, რომელსაც ყოველი მუნდიალის წინ, ლამის ყველა აკრიტიკებს და აბაიბურებს. ახლაც გაიძახიან, რომ კლოზე, პოდოლსკი, ლამი, და თუნდაც შვაინშტაიგერი არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც გერმანიისათვის დიდი წარმატებების მოტანა შეუძლიათ და საერთოდ, ბევრს რომ ჰკითხო, გერმანიაში ფეხბურთის საქმეები თანდათან უკან-უკან მიდის.
მაგრამ, გადის დრო და სულ სხვა რეალობას ვიღებთ. გერმანიის ნაკრები თითქმის ყველა მუნდიალზე ღირსეულად გამოდის და ტურნირის მოწინავე ოთხეულებში, ეს გუნდი თითქმის ყოველთვის ხვდება. ასევე ხშირად აქილიკებენ “ბუნდესლიგის” კლუბებსაც – ძირითადად, ფულის ყაირათიანად ხარჯვის გამო, ევროტურნირების წინ, როგორც წესი, მათზე ფსონს იშვიათად ჩადიან, მაგრამ ორივე ევროპულ საკლუბო ტურნირზე, სწორედ გერმანული კლუბები ახდენენ ხშირად წარმოუდგენელ სასწაულებს.
გერმანული ფეხბურთი შეიძლება გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, მაგრამ ღიმილისმომგვრელია ზოგიერთის ესოდენ ირონიულ-გულგრილი დამოკიდებულება იმ ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციებისა და გნებავთ, თანამედროვებისადმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფენიქსისებრ მტვრისა და ნაცრისაგან აღსდგა და ბეკენბაუერიდან და ნეტცერიდან მოყოლებული, ვიდრემდის დღემდე, უამრავ გამაოგნებელ წარმატებას მიაღწია. რომელი ერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ? და საერთოდ, ჩამოთვლა რა ბედენაა, როდესაც საკუთარი თვალით შეგვიძლია ვუყუროთ პირთამდე გადაჭედილ სოფელ ჰოფენჰაიმის სტადიონს, რომლის გუნდსაც, ჭკვიანი და ყაიარათიანი მეპატრონის გონივრული მართვის გამოისობით, არაერთი დიდი კლუბისათვის “მოუგრეხია კისერი”.
ანდა, გადავინაცვლოთ შვაბიაში. გერმანიის ამ მართლაც საოცარ მხარეში, სადაც შესანიშნავად მოვლილ ვაზის ზვრებსა და ყანებს შორის, სოკოებივით ამოსულ საფეხბურთო მინდვრებს გადააწყდებით. მინდვრებს, სადაც სითეთრემდე ქერა გლეხის ბიჭები, ბოსტანში მამებთან ერთად მუშაობის შემდეგ, ბურთს მაინც თავდაუზოგავად დასდევენ და თან თვალი არხში ჩაწყობილ გაუფილტრავი ლუდით სავსე კასრებისაკენ უჭირავთ. ფეხბურთის თამაშის შემდეგ, გლეხური ლუდი ხომ ჭეშმარიტი ნეტარებაა. სწორედ ამ ბიჭებზე დგას “შტუტგარტის” და სხვა გერმანული კლუბების არსებობა -არარსებობის ბედი და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გერმანიაში აფრიკელი და აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების დიდი მიძალება შეინიშნება, ამ ქვეყანაში ფეხბურისადმი სიყვარული იოტისოდენადაც კი არ განელებულა და ეს სპორტი კვლავ ჭეშმარიტად სახალხო სანახაობად რჩება. საოცარი და სანიმუშოა გერმანელთა ქომაგობაც საყვარელი გუნდებისადმი. არასოდეს დამავიწყდება ბერლინის “ჰერტას” ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ, “როიტერის” მიერ გავრცელებული შარშანდელი კადრები, სადაც აჩვენეს მოხუცი გერმანელი ქალი, რომელსაც “ჰერტას საკლუბო მაისური ეცვა და იცრემლებოდა.
მართლაც რომ ძალიან ბევრს დაკარგავდა საფეხბურთო მსოფლიო, გერმანიის – ამ დიდებული საფეხბურთო ქვეყნის გარეშე. და როდესაც გერმანიაზე და გერმანულ ფეხბურთზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება თბილისის “დინამოსთან” საპაექოდ ჩამოსული “ლევერკუზენის” ახალგაზრდა ქომაგი, სახელად არტური, რომელსაც ტურისტულ რუკაზე თბილისის ქუჩები არეოდა და ავჭალაში ამოეყო თავი. ჰოდა, იდგა ეს არტური ერთ-ერთი მაღაზიის წინ და მისთვის იაფფასიანი ლუდის “მკისრებელ” ბიჭებს ხელებით ფეხებითა და მცირეოდენი რუსული ენის მოშველიებით უხსნიდა, რომ მისთვის მთავარი, ლუდის ხარისხი და ფასი არაა და ღირსეული გერმანელი, სნობი არასოდეს იქნება! მე მჯერა, რომ სწორედ ასეთია ნამდვილი გერმანიის სული!
ლევან სეფისკვერაძე









