სტატიები

10:25 | 28.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ცუდად დაცდილი ქართული ბარიერი

როცა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულმა კენჭისყრამ ევროლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები დააწყვილა, საქართველოში უმრავლესობა იმ აზრზე იყო, რომ ს/კ “ზესტაფონს”, კუთვნილი ხუთეულიდან ყველაზე იოლად გადასალახი ბარიერი შეხვდა. ტურინის “იუვენტუსს”, რუმინეთის “ტიმიშოარას”, ბულგარეთის “ლევსკის” და შვედეთის “ელფსბორგს” რომ მეტოქედ ლვოვის “კარპატი” სჯობდა, ამაზე არც ახლა კამათობენ. ალბათ, უკრაინელებიც მიიჩნევენ, რომ მათაც გაუმართლათ. საბოლოოდ, ვისი ოპტიმიზმი უფრო “საქმიანი” გამოდგება, 5 აგვისტოს საღამოს გამოჩნდება, როცა ზესტაფონში ქართულ-უკრაინული საევროლიგო დაპირისპირების მეორე რაუნდი დასრულდება.
  ლვოვის ”კარპატი” უკრაინული მასშტაბებისთვის საშუალო კლუბად ითვლება. მისი წლიური ბიუჯეტი 4-6 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. 2001 წლიდან, ამ კლუბის მეპატრონეა ნავთობმოპოვებისა და მასმედიის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი პიოტრ დიმინსკი.
  ლვოვის “კარპატი” 1963 წელსაა დაარსებული და მას შემდეგ, ერთადერთი ტიტული შორეულ 1969-ში აქვს მოპოვებული. სსრკ-ს თასის ფინალში, იმხანად საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში მოთამაშე დასავლეთუკრაინელებმა როსტოვის არმიელებს 2:1 მოუგეს. რაც შეეხება საკავშირო ჩემპიონატს, მასში ლვოველები ორჯერ იყვნენ ახლოს საპრიზო სამეულში შესვლასთან და ხელი ორივეჯერ თბილისის “დინამომ” შეუშალა.
  უცნაური ამ ისტორიაში ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინელებს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა. ეს 1976 წელს მოხდა, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა - გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ორივეჯერ “დინამომ” და “კარპატმა” თანაბარი ქულები დააგროვეს და ქართველებს ბრინჯაო დარჩათ, უკრაინელებს კი - მე-4 ადგილი.
  საბჭოეთის დაშლისა და ცალკე უკრაინის ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, “კარპატის” საუკეთესო შედეგი 1998 წელს დაფიქსირდა. ამ წელს, გუნდმა მე-3 ადგილი დაისაკუთრა. ლვოველები ორჯერ გავიდნენ უკრაინის თასის ფინალში და ორივეჯერ კიევის “დინამოსთან” წააგეს (1993 - 1:2, 1999 - 0:3).
  ზესტაფონელთა ამჟამინდელი მეტოქე, დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდი ნამდვილად არაა. წლევანდელი საევროტურნირო სტარტი, “კარპატისთვის” მეოთხეა. წინა სამ გათამაშებაში ლვოველთათვის, პირველივე მეტოქე დაუძლეველი ბარიერი გახლდათ. 1970-1971 წლების სეზონში, “კარპატი” თასების თასის 1/16-ფინალში რუმინეთის “სტიაუასთან” დამარცხდა - 0:1, 3:3, 1993-1994-ში უეფას თასზე ირლანდიის “შელბურნთან” - 1:0, 1:3, ხოლო 1999-2000-ში (აქაც უეფას თასზე) იმერელთათვის კარგად ნაცნობ შვედეთის “ჰელსინგბორგთან”, ორივე მატჩის 1:1-ზე დამთავრების შემდეგ, პენალტების სერიაში წააგო (2:4).
  მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობის უფლება, “კარპატმა” უკრაინის ჩემპიონატზე მე-5 ადგილის დაკავებით მოიპოვა. ქვეყნის მაღალი ევროპული რეიტინგის გამო, ლვოველებმა საევროლიგო სტარტი მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღეს. ბელარუსი სპეციალისტის, ოლეგ კონონოვის გაწვრთნილმა გუნდმა, ისლანდიის ”რეიკიავიკი” ჯერ სტუმრად დაამარცხა (3:0), მერე შინ - 3:2.
  უკრაინაში ჩემპიონატი ახალი დაწყებულია. “კარპატმა” ბოლო ტურის შეხვედრაში ზაპოროჟიეს ”მეტალურგს” უმასპინძლა და არტიომ ფედეცკის გოლით 1:0 მოუგო (ლვოველები III ტურის შემდეგ, 4 ქულით IX ადგილზე არიან). ამ მატჩში, თავიდან ითამაშა და ვიდრე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდვრიდან არ გააძევა, ლვოველთა რიგებში იყო 24 წლის ქართველი ლეგიონერი სანდრო გურული. მის გარდა, კონონოვის განკარგულებაში კიდევ 7 ლეგიონერია: 2 სერბი მცველი - ივან მილოშევიჩი (25 წლის) და ნემანია ტუბიჩი (26), ერთი ნიგერიელი ნახევარმცველი - სამსონ გუდვინი (26), ერთი ესტონელი ფორვარდი - სერგეი ზენიოვი (21) და 3 ბრაზილიელი - ნახევარმცველები გენისონი (21) და აველარი (21) და ფორვარდი ბატისტა (30).
  ამ უკანასკნელზე ცოტა ხნით შეჩერება მართლაც ღირს. ვილიამ ბატისტამ უკრაინის გზას მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთი სეზონი ბულგარეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სოფიის “ლევსკში” გაატარა, ერთიც ჩეხურ “ოპავაში”. მან “კარპატის” რიგები 2005-2008 წლებში 68-ჯერ დაიცვა და 22 გოლი გაიტანა. ბატისტას ლვოვში თამაშის პირველ სეზონს უკავშირდება თასის შეხვედრებში მისი საკმაოდ წარმატებული გამოსვლა. 2005-2006 წლებში უკრაინის თასის გათამაშებაში მან რიგ-რიგობით თითო გოლი გაუტანა ოდესის “ჩერნომორეცს”, დონეცკის “შახტარს” და პოლტავის “ვორსკლას” და სამივეჯერ 1:0-ზე მოგებით, მისი გუნდი ნახევარფინალში კიევის “დინამოზე” გაიყვანა. აქ, ლვოველებმა წააგეს (0:2, 0:1), თუმცა ბატისტას საბაზრო ფასმა საგრძნობლად მოიმატა.
  2008 წლის ზამთარში, “კარპატის” მეპატრონემ ვერ გაუძლო ცდუნებას და დაახლოებით მილიონ დოლარად, ბრაზილიელი ფორვარდი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ “ხარკოვს” მიჰყიდა. იქ ბატისტამ 17 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო და აზერბაიჯანის გზას გაუყენეს. ამ ქვეყნის ჩემპიონად გამხდარ “ბაკიში”, ფორვარდმა 8 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
  შარშან აგვისტოში, ბატისტასა და “კარპატს” შორის 1+2 სისტემით ახალი კონტრაქტი გაფორმდა. ბრაზილიელმა გასულ ჩემპიონატში ლვოველთა მაისურით 23 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. იგი უგოლოდ არც ”რეიკიავიკთან” დარჩენილა, რომელსაც სტუმრად გაუტანა. წლეულს ისლანდიელებისთვის გატანილი კიდევ 5 გოლი კი შემდეგი ფეხბურთელების ანგარიშზეა - გურული, ტკაჩუკი, ზენიოვი, ფედეცკი, ბარანეცი. ქართველებისთვის საყურადღებო უნდა იყოს ისიც, რომ თითო გაფრთხილება აქვთ მიღებული გუდვინსა და ტუბიჩს. ისინი ორთავე ძირითადის ფეხბურთელები არიან და მათგან დამდეგ ხუთშაბათს ანალოგიურის გამეორების შემთხვევაში, ზესტაფონში გასამართ საპასუხო მატჩს გამოტოვებენ.
    
ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16898