უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირის, მსოფლიოს მასტერსის პირველი დილა ქართველი ძიუდოისტებისთვის ისე დაიწყო, უარესს ვერც წარმოვიდგენდით. რუსულ ტატამზე გასული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ოთხივე წევრმა პირველივე შეხვედრა წააგო და მათგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მხოლოდ ერთს შერჩა – 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა და წაგებამ რეპეშაჟის გზა გაუხსნა. შალვა ქარდავასთვის (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილისა და ნუგზარ ტატალაშვილისთვის (ორივე 73 კგ) კი მასტერსი მერვედფინალით დაიწყო და... დასრულდა.
ქარდავა იაპონელ ტომოფუმი ტაკაიოსთან მესამე წუთზე შებოჭვით დამარცხდა. რეხვიაშვილისა და უზბეკი მირალი შარიპოვის შეხვედრის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, შარიპოვის სასარგებლოდ – უზბეკს მსაჯისგან ერთი შიდო ჰქონდა მიღებული, ქართველს – ორი. ტატალაშვილი კი ბრაზილიელ ბრუნო მენდონსასთან მესამე წუთზე ვაზარზე დავარდა და საფინალო სირენამდე დარჩენილ ორწუთნახევარში მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოწინააღმდეგეს სამი შიდო მიაღებინა.
პაპინაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე ყაზახი იელდოს სმეტოვი აღმოჩნდა. ოთხი წუთი ისე გაილია, სმეტოვი შიდოს იგებდა, არადა ჭიდაობა პაპინაშვილს მიჰყავდა და მინიმუმ მეტოქის გაფრთხილებით წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ მეხუთე წუთზე ჯერ იუკოზე წამოეგო, რამდენიმე წამში კი ვაზარზეც დავარდა და შებოჭვაზეც მოჰყვა.
წარუმატებლად დაწყებული დღის გამო გაფუჭებული ხასიათი ქართული ძიუდოს გულშემატკივრებს პაპინაშვილმა დამამშვიდებელ ეტაპზე კარგი ჭიდაობით გამოუკეთა. ჯერ იყო და რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა დასცა ბეჭებზე, “ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. ცნობისთვის, მუდრანოვი ერთადერთი იყო რუსეთის ნაკრების წევრთაგან, ფინალურ ბლოკში რომ გააღწია და პაპინაშვილთან შეხვედრისას მსაჯების კეთილგანწყობითაც მეტად სარგებლობდა – აბსოლუტურად თანაბრად ჩაჭიდავებულ საწყის წუთნახევარში ქართველი ძიუდოისტი სამჯერ გააფრთხილეს, მაშინ, როდესაც მის მოწინააღმდეგეს ერთი შიდოც არ აკადრეს. მეოთხედ გაფრთხილება ავტომატურად წაგებას ნიშნავდა, მაგრამ ამირან პაპინაშვილმა წმინდა გდების შესრულებით დასვა წერტილი და ბრინჯაოს მედალთან ერთად 280 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ასევე ქალთა 70, 78 და +78 კილოგრამებში. კაცებში საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ, ქალთა შორის კი კიმონოს ირინე ლეონიძე (+78 კგ) მოირგებს.
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური შეიძლება ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუკი იქამდე თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ. ჭრიკიშვილი ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვება, რუს მურად ხაბაჩიროვსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წევრ სერგიუ ტომას წყვილში გამარჯვებულთან შეხვედრით. წიკლაურმა კი ნახევარფინალამდე ორი ბარიერი უნდა დაძლიოს. ჯერ იაპონელ კეიტა ნაგაშიმას დაეჭიდება, ხოლო შემდეგ ფრანგ ალენ შმიტსა და რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს შორის უძლიერესს.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი პირველ ნომრადაა განთესილი და რუსულ მასტერსს რუს გრიგორი სულემინთან ჭიდაობით გახსნის. ამ შეხვედრაში მოგებული ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქეები არიან იაპონელი შოჰეი შიმოვადა და აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლიპარტელიანს შეიძლება რუს კირილ დენისოვთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი მიეცეს.
ზვიად გოგოჭური მერვედფინალში კუბელ ეშლი გონსალესს დაეჭიდება და თუ დაამარცხებს, სავარაუდოდ რუს კირილ ვოპროსოვს შეხვდება.
ადამ ოქრუაშვილი კენჭისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა. მასთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად მერვედფინალში ერთმანეთს კუბელი ოსკარ ბრისონი და ბრიტანელი კრისტოფერ შერინგტონი დაუპირისპირდებიან. ბადის ამავე მხარესაა გერმანელი ანდრეას ტოლცერი, რომელმაც ქართველი მძიმეწონოსანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დაამარცხა. ამჯერად ოქრუაშვილისა და ტოლცერის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.
ირინე ლეონიძეს მსოფლიოს მასტერსის მერვედფინალში მოწინააღმდეგედ ჩინელი სონგ იუ ერგო. ამ წყვილიდან გასულს კი მეოთხედფინალში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, კუბელი ოლიმპიური ჩემპიონი იდალის ორტისი ელის.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით დილის რვა საათიდან დაიწყება.
ძიუდო
მსოფლიოს მასტერსი
ტიუმენი. რუსეთი
25 მაისი
კაცები
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)
66 კგ
1 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)
2 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
3 გოლან პოლაკი (ისრაელი)
73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)
2 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)







