საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაში მონაწილეობას ვერ იღებს და შეიძლება, ევროხალიჩაზე ვერც გავიდეს. ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა, ტრავმის გამო, ნაკრების პირველ შეკრებაზეც ვერ შეძლო თანაგუნდელთა დარად დატვირთვა, ხოლო დუშეთში 15 მარტს დაწყებულ შეკრებაზე, გუნდი სულაც, მის გარეშე გაემგზავრა.
“მყესი მაქვს დაზიანებული და უკვე თვეზე მეტია, ვერ მოვირჩინე. ბაკურიანულ შეკრებაზე ინდივიდუალური გრაფიკით ვემზადებოდი. სირბილს და ლეიბზე ვარჯიშს ვერც ახლა ვახერხებ. ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ბეგი დარჩიასთან შევთანხმდი, რომ ამ ეტაპზე, თბილისში დარჩენა და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ მზადება აჯობებდა. ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავიტვირთო, თუმც არც ის მინდა, ზედმეტი მონდომების გამო, მდგომარეობა გავირთულო. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, მაგრამ ალბათ, ევროპის ჩემპიონატამდე სასურველ ფორმაში ჩადგომას, ვერ მოვასწრებ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” მანუჩარ ცხადაიამ.
მიმდინარე მოსამზადებელი ციკლის დასაწყისში, ცხადაიას მსგავსად, ტრავმიანობის გამო, პრობლემები რამაზ ნოზაძეს (96 კგ), ბადრი ხასაიას, (74 კგ), რევაზ ლაშხსა (60 კგ) და სოსო ჯაბიძესაც (96 კგ) შეექმნათ. ყველაზე მეტად სანერვიულო, ნოზაძის ტრავმაა – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, თებერვლის დასაწყისში ნატკენმა ნეკნმა, შესაძლოა, სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტურნირი გამოატოვებინოს. ნაკრების კიდევ ერთმა უხვტიტულა წევრმა მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) კი, თავად გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, დრო მხოლოდ ვარჯიშს დაუთმოს და ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუბრუნდეს.
ევროპირველობა 13-18 აპრილს, ბაქოში გაიმართება. ბერძენ-რომაელები მედლებს ჩემპიონატის ბოლო-ორ დღეს გაითამაშებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







