გულშემატკივრის სვეტი

19:20 | 14.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის რეგიონში სპორტი გარდაიცვალა

გასულ კვირას, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული თარიღი გავიხსენეთ - 3 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, საქართველოს გულში რუსული საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შედეგად საშინელება ტრიალებდა, რასაც ჩვენი 470 თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ოკუპაცია კი, დღემდე გრძელდება. მთლიანად დაინგრა და განადგურდა კონფლიქტის ზონაში მდებარე ათობით ქართული სოფელი და დაიბომბა ქალაქი ცხინვალი. რასაკვირველია, კარგი დღე არც სპორტულ ინფრასტრუქტურას დასდგომია. ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ვწერდით, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო სამაჩაბლოში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა. ერთადერთი, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელს რეგიონში გაკეთდა, ეს ოკუპანტების მიერ აწდანგრეულ სოფელ ქურთაში 2006-08 წლებში აშენებული საცურაო აუზი და სპორტული მოედნები იყო, რომლებიც მოროდიორებმა ისეთივე  ”გულმოდგინებით” გაანადგურეს, როგორც ქართველების ათასობით სახლი.
რაც შეეხება ქალაქ ცხინვალსა და დაბა ჯავაში დღეს არსებულ სპორტულ მოედნებსა და დარბაზებს, მათი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვა  - ”კატასტროფულიც” კი აშკარად არასაკმარისი იქნება. ადრეც დავწერეთ, რომ ცხინვალის ”სპარტაკის” ძველი სტადიონი ჯერ კიდევ ერგნეთის ბაზრობის არსებობისას საწყობად გამოიყენებოდა. ამის შემდეგ, სტადიონი თანდათან განადგურდა, ბაზრობაც დაიხურა და შარშან შემოდგომაზე, ერთ დროს ლამაზ საფეხბურთო არენაზე, რუსული ჯავშან-ტექნიკის სახელდახელო სახელოსნოები მოეწყო. იქ, სადაც ადრე ცხინვალები ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, ახლა მხოლოდ ნანგრევებსა და ტანკების მაზუთიან ნაწილებს ნახავთ. სტადიონთან ახლოს მდებარე საწვრთნელი ბაზა კი, ცხინვალის ”მომავალზე მზრუნველმა” სეპარატისტებმა ჯერ კიდევ 10 წლის წინათ დაშალეს და აგურ-აგურ გაყიდეს.
არც ჯავის პატარა სტადიონია კარგ დღეში. გასული საუკუნის 90-იან წლებში სტადიონს ჯერ წყალდიდობამ გადაურა და ყველაფერი მოსპო. ამის შემდეგ კი, მისი მინდორი ძროხების საბალახო ადგილად იქცა. იმის გამო, რომ მთელს ცხინვალის რეგიონში დღეს მხოლოდ 2 რუსული სკოლა ფუნქციონირებს და ისიც არასრულ რუსულ საშუალო განათლებას იძლევა (ცხინვალში ოსური სკოლა ბოლო 10 წელია, რაც აღარ არსებობს), რა თქმა უნდა, ცოტა ვინმეს თუ ადარდებს ადგილობრივი ბავშვების სასკოლო სპორტული აღზრდა. შესაბამისად, სკოლების სპორტული მოედნები მოუვლელი და გავერანებულია.
როდესაც სამაჩაბლოს სპორტულ პოტენციალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მოჭიდავეები არიან ამ მხარეში გაზრდილი და ჭიდაობის როგორი დიდი ტრადიციები არსებობდა ლიახვის ხეობაში. დამოუკიდებელ საქართველოში სამაჩაბლოს პირველ ომამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჭიდაობის 2 სკოლა არსებობდა (ცხინვალსა და ჯავაში). ცხინვალის დიდი საჭიდაო დარბაზი ჯერ კიდევ პირველი ომის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში დაინგრა და ამის შემდეგ, მისი შეკეთებით არავინ დაინტრესებულა. ჯავის დარბაზში კი, წლებია, რუსი ჯარისკაცები ცხოვრობენ.
როგორც ხედავთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში დღეს სპორტი ფაქტობრივად მკვდარია, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სეპარატისტები და საოკუპაციო რეჟიმი კიდევ უფრო დიდი გულმოდგინებით განაგრძობენ იმის ნგრევას, რის აშენებასაც მომავალში დიდი ხანი დასჭირდება.
2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რეგიონში შემორჩენილ ოსურ მოსახლეობას რუსეთის პრეზიდენტის – დიმიტრი მედვედევის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალის რებილიტაციისათვის მილიონობით რუსული რუბლი გამოიყოფოდა, იმედი გაუჩინა. ამის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა ლონდონის ”ჩელსის” მფლობელი, ცნობილი რუსი ოლიგარქი – რომან აბრამოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ 50 მილიონი ინგლისური ფუნტი სტერლინგი ჰქონდა გამოყოფილი ცხინვალში ახალი სტადიონის ასაშენებელად. აგვისტოს ომიდან 3 წელი გავიდა და არც მედვედევის მიერ გამოყოფილი ფული უნახავს მოსახლეობას და არც აბრამოვიჩს დაუწყია რაიმეს შენება. რუსული ბლეფი ბლეფადვე დარჩა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზოგიერთი რუსის დაპირებას ფრჩხილის ფასიც კი არა აქვს.
იმედი ვიქონიოთ, რომ დადგება დრო, როდესაც საკუთარი სახლებიდან უსინდისოდ გამოყრილი ადამიანები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნდებიან და იმედია, მერე მაინც აშენდება ხელახლა ცხინვალის სტადიონიცა და ჯავის სპორტული დარბაზიც. მთავარი პრობლემა დაკარგული ძვირფასი დროა, რომლის ანაზღაურება (თუკი ეს შესაძლებელია) ყველაზე მეტად გაგვიჭირდება...        

ლევან სეფისკვერაძე

 

0.170791