გულშემატკივრის სვეტი

16:02 | 23.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

დაქალები

- აუ, დაიწყო ეს ფეხბურთები და ჩემი ქმარი სულ გაგიჟდა, გოგო. მოჰყავს სახლში თავისი გადარეული ძმაკაცები, უყურებენ ფეხბურთს და სკდებიან ლუდით. აღარ ვიცი, რა ვქნა. ღამე და დღე არეული მაქვს, მაგათი გადამკიდე...
- შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო კარგო. შენი ქმარი სახლში მაინც უყურებს ფეხბურთს. ჩემი სახლში ცქერას არ კადრულობს, ბატონო. ყოველ საღამოს ბარში დაეთრევა და ხან დილამდე არ ბრუნდება შინ.
- ნეტა რამ შეაყვარათ ეს ფეხბურთი. იცი რამდენჯერ ვცადე მეც ყურება? მაგრამ, რატომაა საინტერესო, მაინც ვერ გავიგე. კარგი, გასაგებია, რომ ბურთი თუ კარში გავა, რომელიმე გუნდი მოიგებს, მაგრამ ხან საერთოდ რომ ვერ გააქვთ ბურთი? ჩემი ქმარი კიდევ იგინება, იფურთხება და ამსხვრევს ყველაფერს.
- კაცების ამბავი ხო იცი? ეგეთები არიან. ჩემს ქმარს, მთელი ორი თვეა ვეხვეწები, მაღაზიებში წამომყვეს. ტანსაცმელი რაცა აქვს, სულ ტანზე შემოაცვდა და მინდა, ახალი შარვალი მაინც ვუყიდო. სულ მოუცლელობას იმიზეზებს. მაგრამ, აბა ერთი ძმაკაცებმა ფეხბურთის საყურებლად დაუძახონ – პირველი ეგ დაერჭობა ბარში.
- შენი ქმარიც “რეალის” გულშემატკივარია? გაავსო სახლი ჩემმა “რეალის” მაისურებით. რაც ცოლად გავყევი, “რეალის” მაისურების მეტი, მგონი, არაფერი უყიდია. თან, სულ ახალ-ახალს ყიდულობს – ყოველ სეზონზე ახალი თუ არ ჩაიცვა, ისე როგორ შეიძლება...
- არ ვიცი, “რეალი” რომელია? ჩემი ქმარი რაღაცნაირი, წითელი და ზოლებიანი მაისურით დაეთრევა...
- რა ფერის ზოლები აქვს?
- არ გამაგიჟო და არ მითხრა, გუნდებში და იმათ მაისურებშიც ვერკვევიო... შავი და წითელი ზოლები აქვს მგონი, მაგის მაისურს.
- ჩემი ქმრის გადამკიდემ, ისეთი რაღაცეები ვისწავლე, ცხოვრებაში რომ არ დამაინტერესდებოდა.... ალბათ, “მილანის” გულშემატკივარია შენი ქმარი. ხო იცი, კახა კალაძე თამაშობდა ადრე მანდ.
- კალაძე საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა?
- რას ამბობ გოგო? ნაკრები სხვა არის და კლუბი კიდევ სხვა რამეა. კლუბი ქალაქის გუნდია, ნაკრები კი მთელი ქვეყნის გუნდია.
- ეეე... შენც კარგა გვარიანად გამოუშტერებიხარ შენს ქმარს ამ ფეხბურთით!
- გამოშტერებული შენ ხარ. ამხელა ქალი, ნაკრებსა და კლუბს რომ ვერ ანსხვავებ, კიდევ მე როგორ მეძახი გამოშტერებულს?!
- შენ ცოტა სიტყვები შეარჩიე. ქმარმა ეგრე როგორ გადაგიყვანა თავის ჭკუაზე, რომ ფეხბურთის გამო მეჩხუბები...
- კიდევ მე გეჩხუბები შე დეგენერატო? შენ რომელი ქმარი გაგიძლებს? რაღა შენ და რაღა ბექჰემის ცოლი!...
- ბექჰემის ცოლიც ხარ და ისიც... რა ქვია... ლარისა რიკელმე!
- ლარისა რიკელმე, ალბათ, ფეხბურთელის ცოლი გგონია შე საცოდავო? იცი ვინაა საერთოდ ლარისა რიკელმე?
- შენ თუ იცი, რა მერე? დიდი ვინმეც გცნობია...
- წავედი მე და აღარ დამირეკო იცოდე. შენ ვინ ყოფილხარ... “ტუპიაკი” ეს...
- სულ კარგად მეყოლე რა... ეს უტვინო ქმრის მონა!
- დავაი რა!

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094962