ჭიდაობა

19:48 | 1.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

დარჩიამ სეზონის დასახურად მომავალი თაობა შეარჩია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2009 წლის სეზონს მინსკში დახურავს. 5 დეკემბერს, ბელარუსის დედაქალაქი, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ოლეგ კარავაევის (57 კგ) სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრი ფილას კალენდარში არაა შეტანილი და გაურკვეველია, მასპინძელთა და ქართველთა გარდა რომელი ქვეყნის ნაკრებები გავლენ ხალიჩაზე.
ტურნირზე ქართული გუნდის გაშვება არც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წინასწარ გეგმაში შედიოდა, მაგრამ ცვლილება ბოლოხანს განახორციელეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჭიდავებ შეგირდთაგან საბელარუსო განაცხადში მხოლოდ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხი შეიყვანა. მის გარდა, ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), გენადი გოგიშვილი (74 კგ), დავით ქარჩავა (84 კგ), ვლადიმერ ქარჩავა (96 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ), დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) და მიხეილ ქაჯაია (96 კგ) გავლენ. ეს უკანასკნელი კერძო სპონსორის დაფინანსებით გაემგზავრება.
ქართულ დელეგაციას ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, იგი კარავაევის ტურნირზე იმსაჯებს კიდეც.
“აქცენტი ახალგაზრდებზე შეგნებულად გავაკეთეთ. ეს ბიჭები ნაკრების პირველნომრობის უმთავრესი კანდიდატები არიან და დარწმუნებული ვარ, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის ბრძოლაშიც აქტიურად ჩაებმებიან. წლების შემდეგ, რამდენიმე მათგანი ალბათ ნაკრების პირველი ნომერიც გახდება. მათთვის მომავალი შეჯიბრი სატურნირო გამოცდილების მიღების დამატებითი შანსია და ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობ. მთავარია, ნაკრების კანდიდატების პოტენციალი დავინახო” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბეგი დარჩიამ და იქვე დასძინა, 2009 წლის სეზონს სწორედ მინსკის ტურნირით დავასრულებთო.
საქართველოს ნაკრები ბელარუსში 3 დეკემბერს გაემგზავრება.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.171967