საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2009 წლის სეზონი ბელარუსში დააგვირგვინა. 5 დეკემბერს, მინსკში, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ბეგი დარჩიას შეგირდებმა 4 მედალი მოიპოვეს.
ეს შეჯიბრი წლეულს ფილას კალენდარში არ იყო შეტანილი და მასზე გამგზავრება არც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გეგმაში შედიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში, გუნდი მაინც დაკომპლექტდა. მწვრთნელმა ნაკრების პირველი ნომრების დატვირთვისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და არჩევანი ძირითადად ახალგაზრდებზე შეაჩერა.
“გამოცდილ მოჭიდავეთაგან, მხოლოდ ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და რევაზ ლაშხი (60 კგ) წავიყვანეთ მინსკში და ორივე ჩემპიონი გახდა. რაც მთავარია, აშკარად გამოასწორეს ჭიდაობის ხარისხი. ამ ტურნირზე, ჩვენთვის, შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ბიჭების შესაძლებლობების დანახვა იყო. ამიტომაც დავაკომპლექტეთ გუნდი ძირითადად ახალგაზრდებით და მათი გამოსვლითაც კმაყოფილი დავრჩი. სოსო ჯაბიძემ (96 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მიხეილ ქაჯაიამ (96 კგ) – ბრინჯაოსი, დავით ქარჩავამ (84 კგ) რეპეშაჟის ფინალი წააგო და მე-5 ადგილი დაიკავა. ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), გენადი გოგიშვილი (74 კგ), ვლადიმერ ქარჩავა (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) სამეულს მიღმა დარჩნენ, მაგრამ საკმაოდ კარგად იჭიდავეს. ამ ახალგაზრდებმა ძირითად ნაკრებში დასამკვიდრებლად და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად უნდა იბრძოლონ და მათთვის თითოეულ ტურნირზე გამოსვლა ძალიან სასარგებლოა, გამოცდილების მისაღებად. მინსკში გამგზავრება ჩვენს წინასწარ გეგმაში არ შედიოდა. მოგვიანებით მივიღეთ გადაწყვეტილება და მადლობა სპორტის დეპარტმენტს, დაფინანსებისთვის” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბეგი დარჩიამ.
ნაკრების თავკაცმა იქვე, საინტერესო ინფორმაციაც მოგვაწოდა. ძიუდოისტთა დარად, მოჭიდავეებიც ქუთაისში აპირებენ საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას და ხალიჩაზე გასვლა ყველა ტიტულოვანი მოჭიდავისთვის სავალდებულო იქნება.
“2010 წლის სეზონს 16-17 იანვარს, იმერეთში გავხსნით. ამ რეგიონს ჭიდაობაში კარგი ტრადიცია აქვს და იმედია, საქართველოს ჩემპიონატი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც წლების შემდეგ შედეგებზეც უკეთ აისახება. შიდა კონკურენციაში ყველა მოჭიდავე ჩაერთვება, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სურს. სწორედ საქართველოს პირველობის შედეგებით დაკომპლექტდება ახალი გუნდი. ხოლო ვინც ქუთაისში არ იჭიდავებს, ნაკრებში მოსახვედრად გივი კარტოზიას სახელობის ტურნირამდე მოცდა მოუწევს” დასძინა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ოთარ მაღლაკელიძე







