გულშემატკივრის სვეტი

11:30 | 18.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

დათა

- მობრძანდით დათა ბატონო. აგერ ლუდი ინებეთ და ამასობაში თქვენ რომ გიყვართ, ისეთ გებჟალიას მოგართმევთ. ისე, კი გამიკვირდა ფეხბურთის სანახავად რომ გამონახეთ დრო.
- კაცმა უნდა გამოიყენოს დრო და არა დრომ კაცი. თან მთელი სამეგრელო ჩვენ ნაკრებში თამაშობს და არ იქნებოდა, ეს თამაში რომ არ მენახა. დამიჯექი აგერ გვერდით თუ კაცი ხარ და ამიხსენი, ვინ არიან ეს ბელორუსები და თუ გვჯობიან ამ ამბავში...
- ნუ მიწყენთ დათა ბატონო და მართლა გვჯობიან მგონია. მეექვსე წუთზე პირველი გოლი გაგვიტანეს და ბურთი სულ მაგათ აქვთ. არ გვჯობიან აბა?!
- მერე რას აკეთებს ჩვენი სამურზაყანოელი კაცი?...
- ვისზე ბრძანებთ?
- თემურზე კაცო, უფროსი რომაა ამათი. მწვრთნელიო თუ რაცხას რომ ეძახით.
- ხომ ხედავთ როგორ ჩხუბობს და ყვირის, მაგრამ ხეირი ნაკლებად აქვს ამას. -- - ეგ სულ ჩხუბობს დათა, მაგრამ ვის ესმის...
- არ მწამს მე ჩხუბით გაკეთებული საქმის. ჩხუბი და ომი რომ საქმეს აკეთებდეს, სამურზაყანოში ახლა რუსები კი არ იდგებოდნენ. ვიცი მე ეს!
- აბა არ თამაშობენ კარგად და აღარც იჩხუბოს? ხომ იცით მეგრელი კაცია, ფიცხი...
- როცა საქმე ჩხუბზე და თოფზე მიდგება, პირველი ვინ კვდება თუ იცი შენ?
- მითხარით დათა ბატონო...
- ფიცხი ვინცაა, იმას ხვდება პირველი ტყვია და რატომ იცი? თოფის გატენვამდე არ ფიქრობს არაფერს. ჰოდა, თუ ფიქრი არ გინდა, გაგიჭირდება ცხოვრება მაშინ...
- აგერ მოიტანეს უკვე თქვენი ელარჯი და ჭვიშტარი. ძალიან მიხარია ჩვენსას რომ მოხვედით დათა ბატონო. თან ფეხბურთიც გყვარებიათ და...
- მე ფეხბურთი მიყვარს აგი კი არა, რასაც ესენი თამაშობენ. ხიზანიშვილს რა სჭირს ასეთი დაუმთავრებელი? კატაბალახას ხომ არ ეწევა? ესპანეთთან ჩემი მხარის კაცი კინაღამ მოგვიკლა, ფინეთთანაც ვერ ითამაშა ნორმალურად. ახლა კიდევ, რასაა რომ შვრება?
- თურქეთში შოთა არველაძე სხვა გუნდში გადავიდა და მაგისი მწვრთნელი რომ  აღარაა, მაგაზე ნერვიულობს ალბათ...
- გაჩერდი ერთი თუ კაცი ხარ. ნერვიულობით აგერ მე და შენ ვნერვიულობთ. მაგათ ნერვიულობის არაფერი ეტყობათ. ქეცბაია კი ნერვიულობს, მარა როგორც შენ მითხარი, თუ სულ ასეთ დღეშია, არც მაგას ჰქონია საქმე კარგად.
- ბრძენი კაცი ხართ თქვენ დათა ბატონო და მაინტერესებს მაინც, რას ფიქრობთ - ვიზამთ ამ თამაშში რამეს?
- გააჩნია რას ეძახი შენ ამ “რამეს”... თუ გგონია რომ მოვიგებთ, ძალიან შემცდარხარ მედუქნე ბატონო. როცა მოსაგები იყო ფინეთში, იგი ვერ მოიგეს და ახლა ამ ბელორუსებს რომ ვუყურებ, ისეთი გულით თამაშობენ, მეტი არაა ჩემი მტერი, ჩვენებმა მაგათ ძვრა უყონ.
- აბა რა ვქნათ? ესა ჩემი ფიქრი ახლა...
- რა უნდა ქნა და გამორთე მაგი ტელევიზორი, მომაშორე ეს წყალწყალა ლუდი  და მომიტანე შარშანდელი ოჯალეში. ჩემთან არ დაგეკარგება პატივისცემა. იცი შენ ეს!
- ფული რა სათქმელია ჩემო ბატონო. ახლავე მოგართმევთ ღვინოს. სალხინოს ოჯალეში გვაქვს კარგი.
- იჯექი აქ შენც ჩემს გვერდით და შენი ბიჭი მოიტანს ღვინოს. ფეხბურთი არ მიხსენო ოღონდ თუ კაცი ხარ. დათა თუთაშხია კი ვარ, მაგრამ ნერვები მეც ქე მაქვს...
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094558