პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ “კამპ ნოუზე” პირველი წელი ჩაატარა. “ელ გუიხეს” “ელ პაისის” ჟურნალისტი შეხვდა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს გასული სეზონის შეფასებასთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა.
- “ბარსელონაში” გადასვლით თქვენი მოლოდინი გამართლდა?
- ამას სერიოზულად მეკითხებით?
- სავსებით. ყველაფერი მოლოდინისამებრ წარიმართა?
- ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგება გახლდათ. ერთადერთი ესპანეთის “სამეფო თასს” ვერ დავეუფლეთ. განსაკუთრებით საწყენი, მისი ფინალის დათმობა იყო. თუმცა, ვიმარჯვეთ პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაში, რამაც სეზონის წინ ჩაფიქრებული გეგმის ასრულების საშუალება მოგვცა.
- ესპანეთის თასის გადამწყვეტი მატჩი ვალენსიაში ჩატარდა. “მესტალიაზე” პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, მადრიდის “რეალთან” დამარცხდით. ეს თქვენთვის “ორმაგი დარტყმა” იყო?
- “ბარსელონა” ყველა ტურნირისა და შეხვედრის მოსაგებად თამაშობს, მაგრამ ეს ისეთი გუნდისთვისაც კი შეუძლებელია, როგორი კოლექტივიც “კამპ ნოუზეა” შეკრული. ფინალში ყველაფერი დამატებით დროში მომხდარმა ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ცდა და მონდომება არ დაგვიკლია, მაგრამ...
- უწინ ლა ლიგა არასდროს მოგეგოთ. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის დაუფლება განსაკუთრებული გრძნობაა?
- წლევანდელ გაზაფხულამდე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მქონდა მოგებული, ორჯერ “სამეფო თასს” დავეუფლე, მაგრამ პრიმერა დივიზიონში გამარჯვება მაინც განსაკუთრებულია. ეს ხომ ხანგრძლივი ტურნირია, რომელიც ოსტატობასა და მონდომებასთან ერთად, სულიერ სიმტკიცესაც მოითხოვს. განსხვავებული სტილის გუნდების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და არც ერთ მათგანთან ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ამასთან, ყოველკვირეულად ასპარეზობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე უნდა იფიქრო და იზრუნო. ფეხბურთში ადგილზე დგომა ფაქტობრივად უკუსვლას ნიშნავს.
- საკუთარი გამოსვლით თუ დარჩით კმაყოფილი?
- იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის უძლიერეს გუნდში მოვხვდი, ადაპტაცია დროულად და წარმატებით გავიარე, უკმაყოფილების საბაბი ნაკლებად მაქვს. ვიმედოვნებ, ახალი სეზონიდან კიდევ უფრო შეთამაშებული ვიქნები პარტნიორებთან და მკაცრი კატალონიელი გულშემატკივრის მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებ. შესაძლოა, გასულ სეზონში მაღალი შედეგიანობით არ გამოვირჩეოდი, თუმცა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გამეტანა გოლი, ესეც დამაკმაყოფილებდა.
- გვარდიოლასთან მუშაობა თქვენთვისაც სასიამოვნოა?
- რასაკვირველია. მისი მადლიერი ვარ. ჩვენმა დამრიგებელმა კარგად იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს. პეპი ინდივიდუალურად ბევრს გვესაუბრება ხოლმე და მასთან ურთიერთობის შემდეგ ჩვენი თამაში უფრო დამაჯერებელი ხდება. დამრიგებელი ყოველთვის მზადაა, ნებისმიერ მოთამაშეს დახმარების ხელი გაუწოდოს. ასე კარგად აქამდე არცერთი მწვრთნელი არ მექცეოდა.
- “ბარსელონას” უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და აქედან გამომდინარე, ფეხბურთში ჩაუხედავ ზოგიერთ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ კატალონურ გრანდში ასპარეზობა არცთუ რთულია. ასეა?
- მეტად მიამიტური მიდგომაა. სინამდვილეში, “კამპ ნოუზე” უდიდესი კონკურენციაა, პარტნიორ ფეხბურთელთა დონე კი მოდუნების უფლებას ერთი წამითაც არ მაძლევს.
- რთულია ლიონელ მესის თანაგუნდელობა?
- მესი სასწაულია. ბედნიერი ვარ, ‘”ბარსაში” მისვლის პირველივე დღიდანვე ერთმანეთს კარგად რომ შევეწყვეთ. ლეო საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. მის პარტნიორობაზე უკეთესს ფეხბურთელი ვერ ინატრებს.
- “ბარსელონას” ამ შემადგენლობას კიდევ უფრო ძლიერად თამაში შეუძლია?
- ფეხბურთში სრულყოფილებისკენ სწრაფვა აუცილებელია. საამისო სურვილი მოთამაშეებსაც გვაქვს და გვარდიოლაც ამგვარ მიზანს გვისახავს. ვფიქრობ, მინიმუმ კიდევ 2 სეზონის განმავლობაში “ბარსა” დაუმარცხებელი იქნება.
გოჩა კაჭარავა









