ინტერვიუები

22:19 | 14.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ბარბაქაძე: “მანამ ვითამაშებ, სანამ კალათში ბურთის ჩატენვისას, ფარს არ ჩამოვამსხვრევ”

მიმდინარე საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 წრის მე-6 ტურში, გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს ცენტრალური შეხვედრა იწვევდა, სადაც “შსს აკადემია” ბრინჯაოს მედლის მფლობელ, დუდუ დადიანის სახელობის მემორიალის გამარჯვებულსა და თასის ფინალისტ “ქუთაისი-2010”-ს მასპინძლობდა.

აღნიშნული მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივართა იმედი გაამართლა. სტუმრებმა უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს (85:83) და პირველ წრეში დამარცხებისთვის (76:96) რევანში აიღეს. ამ გამარჯვებით, ქუთათურებმა მეტად საჭირო 2 ქულა მიიღეს და რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილის მოსაპოვებლად, რომელსაც “ოლიმპი” ეცილება, სერიოზული განაცხადი გააკეთეს. “ქუთაისი-2010”-ის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მძიმე ფორვარდმა - დავით (მეტსახელად “ველურა”) ბარბაქაძემ, რომელმაც ყველაზე მეტი - 33 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო) და 8 მოხსნა დააგროვა. ჟურნალისტებმაც ის ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
დავით ბარბაქაძეს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- როდის მიხვდით, რომ “შსს აკადემიასთან” მოგებას შეძლებდით?
- მხოლოდ მატჩი ბოლოს, მასპინძელთა ხორვატმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა - ალენ ტრეპალოვაცმა ორივე საჯარიმო რომ ააცილა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ანგარიშში ხან ჩვენ დავწინაურდით, ხან - მეტოქე. ერთ მომენტში, “შსს აკადემიას” 14 ქულითაც კი ჩამოვრჩით, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო “ქუთაისი-2010”-ის ფანკლუბს, რომლის მხარდაჭერამ უდიდესი სტიმული მოგვცა.
- რამდენი ხანია, რაც თქვენი გუნდის ფანკლუბი არსებობს?
- ახალი ჩამოყალიბებულია. ფანკლუბის წევრები გვერდში გვიდგანან და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, განსაკუთრებით - ქუთაისში, სადაც მათი რაოდენობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თბილისში მატჩისას იყო.
- თქვენ თუ თვლით გამართლებულად, რომ “ქუთაისი-2010”-ის ფანკლუბის წევრები “ნიუ იორკ ნიქსის” მაისურებში გამოწყობილი გქომაგობენ?
- რა თქმა უნდა - არა. გვირეკავენ ჩვენი გუნდის ფანკლუბის წევრები და საქომაგოდ ჩვენს მაისურებს გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვაძლევთ. რადგან სათამაშო ფორმა თვითონ გვჭირდება. სეზონის ბოლოს კი მივცემთ, მაგრამ მანამდე ვერ შევძლებთ. მთელი გუნდის სახელით ვთხოვ ფანკლუბის ხელმძღვანელობას, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს.
- ყველაზე კარგად თსუ-ში ყოფნისას თამაშობდით. თუ არ ჩავთვლით წინა ტურში “შსს აკადემიასთან” შეხვედრას, სხვა მატჩებში გიჭირდათ თქვენი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა. რა იყო ამის მიზეზი?
- თსუ, “შსს აკადემია” და “ქუთაისი-2010” სხვადასხვა სტილის კალათბურთს თამაშობენ. თსუ-ში თამაშისას, მოედანზე თავისუფლად მოქმედების მეტი საშუალება მქონდა და ჩემს შესაძლებლობებსაც უკეთ ვავლენდი.
- მაშინ თსუ-ში დარჩენილიყავით.
- მინდოდა თსუ-ში დარჩენა, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნა და კლუბი ამიტომ გამოვიცვალე. სამწუხაროდ, გადაბმულად, 2 წელიწადი ერთ გუნდში არასოდეს მითამაშია. როცა გუნდთან ბოლომდე ვერ ასწრებ შეთამაშებას, ძნელია, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო.
- თქვენს შესახებ გვიამბეთ.
- დავიბადე 1982 წლის 25 აგვისტოს. ვცხოვრობ თბილისში. დასაოჯახებელი. სიმაღლე - 203 სმ, წონა – 110 კგ, ამპლუა – ფორვარდი. 18-19 წლის ვიქნებოდი, კალათბურთში ვარჯიში რომ დავიწყე. უამრავი კლუბი გამოვიცვალე. ქართული კლუბების გარდა, აზერბაიჯანულ კლუბებსა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოვდიოდი. 
- სანამ კალათბურთში დაიწყებდით ვარჯიშს, მანამდე რას საქმიანობდით?
- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე დავდიოდი.
- და კალათბურთზე რატომ გადახვედით?
- თავიდან კალათბურთზე არც ჩემი ძმა - გიგი დადიოდა, რომელიც ამჟამად ჩემი თანაგუნდელია. გიგი ფეხბურთში ვარჯიშობდა. ერთხელ გიგის ვარჯიშს დავესწარი, სადაც უცნობმა მამაკაცმა, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, კალათბურთში ვარჯიში შემომთავაზა. ასე აღმოვჩნდი ჭიდაობიდან კალათბურთში. ჩემი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი იყო, შემდეგ ნიკო ჩერქეზიშვილის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერლიგის მონაწილე კალათბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე კორექტული სპორტსმენი ხართ, საინტერესოა, მეტსახელი “ველურა” რატომ შეგარქვეს?
- “ველურა” ნიკო ჩერქეზიშვილმა შემარქვა. დიდუბის საკალათბურთო მანეჟში, ერთ-ერთი ვარჯიშისას ბურთი რამდენჯერმე იმდენად ძლიერად ჩავტენე, რომ ფარი გაიბზარა. ამ დროს, დარბაზში ჩერქეზიშვილი შემოვიდა და მითხრა - ცოტა ფრთხილად ითამაშე, რა ველურივით ტენიო. ჩემს თანაგუნდელებს მეტი არ უნდოდათ, აიტაცეს სიტყვა “ველურა” და ამის შემდეგ, ნამდვილ სახელს თითქმის აღარავინ მეძახის.
- აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყავით, “აზერთა” გუნდში ბოლოს როდის ითამაშეთ?
- 3 წელიწადია, ამ ქვეყნის ნაკრებში აღარ მითამაშია. “აზერების” გუნდიდან ჩემი სურვილით წამოვედი.
- კალათბურთის თამაშს კიდევ დიდხანს აპირებთ?
- ძალიან მიყვარს კალათში ბურთის ჩატენვა. მანიაკივით მინდა კალათში ბურთი ისე ჩავტენო, რომ ფარი ჩამოიმსხვრეს. ჰოდა, მანამ ვითამაშებ კალათბურთს, სანამ ჩატენვის დროს ფარს არ ჩამოვამსხვრევ.
- “შსს აკადემია”-“ქუთაისი-2010”-ის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ძალოვანთა” მთავარმა მწვრთნელმა - გიორგოს კეცელიდისმა განაცხადა, ამ ბიჭმა ასე თუ გააგრძელა, ნბა-ში მოხვდებაო...
- ნბა-სი რა გითხრათ, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ მეთამაშა, მაგრამ ფიბა-ევროპის წესდებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამის უფლება არ მაქვს, რადგან აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. იმედია, ფიბა შეცვლის თავის წესდებას და ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს - ნიკო ჩერქეზიშვილსა და ნუგზარ ჭეიშვილს - დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ჩემი, როგორც კალათბურთელის ჩამოყალიბებაში, დიდი წვლილი მიუძღვით.
 
როლანდ ლაბუჩიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090799