ინტერვიუები

15:37 | 16.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჩაგელიშვილი: “ყაზახეთისა და საქართველოს ჩემპიონატების დონე დაახლოებით ერთნაირია”

მიმდინარე სეზონი დავით ჩაგელიშვილმა გორის “დილაში” დაიწყო, სადაც ზამთრის შესვენებამდე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, გაზაფხულზე კი ყაზახეთის პრემიერლიგის დებიუტანტ კოკშეტაუს “ოკჟეტპესს” მიაშურა, რომელსაც ჩემპიონატში ჯერჯერობით ქულა არ აუღია. გუნდს მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და აქედან ორჯერ თავი ჩაგელიშვილმა გამოიჩინა, რომელიც ყაზახეთში მოასპარეზე ერთდერთი ქართველი ლეგიონერია. გთავაზობთ ინტერვიუს “ოკჟეტპესის” ფორვარდთან, რომელიც ყაზახურმა ინტერნეტგამოცემა prosportkz.kz-მა გამოაქვეყნა.

- რამ გადაგაწყვეტინათ ყაზახეთში ჩამოსვლა?
- მე მყავს მენეჯერი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ყაზახეთში ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არ გამაფრთხილა, ასე თუ ეციებოდა. ადგილობრივ კლიმატს ჯერ ვერ მივეჩვიე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ შედარებით დათბა. რას აკეთებთ, როდესაც ქუჩაში მინუს 30, მინუს 40 გრადუსია? არ მესმის!
- გუნდში ჩარიცხვამდე “ოკჟეტპესთან” ერთად მხოლოდ ერთი შეკრება გაიარეთ თურქეთში...
- დიახ, ასე იყო. შეკრება მთლიანად არ გამივლია, გუნდთან ერთად ბოლო დღეები დავყავი. მენეჯერის სატელეფონო ზარის შემდეგ, თურქეთში სინჯებზე ჩავედი, ამხანაგურ მატჩში 30 წუთი ვითამაშე და გოლი გავიტანე. შემდეგ კი, გადაწყდა, რომ კარიერას ამ კლუბში გავაგრძელებდი და მასთან კონტრაქტი გავაფორმე.
- ღიმილს თუ გავითვალისწინებთ, კმაყოფილი დარჩით?
- შედეგით კმაყოფილი ჯერ არ ვარ. მთავარია, გუნდმა კარგ შედეგს მიაღწიოს.
- იმ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატი დასრულებული ჯერ არ იყო...
- კლუბი თასის ნახევარფინალში იყო გასული, როცა დავტოვე და აქ ჩამოვედი. “დილა” ძალიან კარგი გუნდია და მის გამოსვლას თვალს ყოველთვის მივადევნებ.
- ყაზახეთის პრემიერლიგის დონე უფრო მაღალია თუ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისა?
- დაახლოებით ერთნაირია.
- ახალი გუნდის თაობაზე რა აზრის ხართ?
- აქ თამაში მომწონს. თუმცა, სეზონი ცუდად დავიწყეთ. ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს. გუნდი უცებ არ შენდება და დროა საჭირო. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა და კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
- “ოკჟეტპესში” შექმნილი პირობები მოგწონთ?
- ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მოედანია ცუდი. თუმცა, რა ვქნათ? დაველოდებით, როდესაც ცენტრალურ სტადიონზე თამაშის ნებას დაგვრთავენ. მინდა ვთქვა, რომ ქალაქი მომწონს და აქ კეთილი ხალხი ცხოვრობს. თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- რა შეიცვალა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ?
- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. თითოეულ მწვრთნელს თამაშის საკუთარი ხედვა აქვს. ახალი მწვრთნელი გვეუბნება, რომ თამაშის დროს მეტი გადაცემები უნდა გავაკეთოთ. მოედანზე მის დავალებას ვასრულებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით – ჩემპიონს თუ აუტსაიდერს, რადგან განწყობა ყოველთვის ერთნაირი მაქვს.
 
- თქვენი აზრით, რატომ აიღო გუნდმა ჩემპიონატში ასეთი წარუმატებელი სტარტი?
- ალბათ, ვნერვიულობდით და შეთამაშებაც ვერ მოვასწარით. კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ჩამორჩენას აღმოვფხვრით. ეჭვი არ მეპარება, რომ თამაშებს აუცილებლად მოვიგებთ.
- კოკშეტაუელი გულშემატკივრები როგორ მოგწონთ?
- ასე ყველგან ხდება - როდესაც გუნდს გოლები ვერ გააქვს, ფანები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. შედეგი თუ იქნება, გულშემატკივრები მხარს უკეთესად დაგვიჭერენ. იმედია, ასეც მოხდება.
- ყაზახური კერძები უკვე გასინჯეთ?
- ჯერ ვერ მოვასწარი. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად გავსინჯავ.
- წინ ევროპის ჩემპიონატია. რომელ ნაკრებს უგულშემატკივრებთ?
- რა თქმა უნდა, ესპანეთს. ძალიან მომწონს ესპანური ფეხბურთი. სწორედ იმიტომ ვგულშემატკივრობ “ბარსელონას”, რომ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, ეს კლუბი ბევრს მოსწონს.
 
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 
0.09008