დანიის სას-ლიგა (რანგით მეორე) 18 მარტს განახლდება და ლიგის ლიდერის, “ორჰუსის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დავით დევდარიანი კლუბის საიტთან ინტერვიუში როგორც გუნდის, ასევე პირად გეგმებზე საუბრობს.
23 წლის ქართველმა სეზონის პირველ ნახევარში 7 გოლი გაიტანა.
- როგორ ფორმაში ხართ?
- ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, ასპროცენტიანს ვუახლოვდები. გუნდიც კარგადაა მომზადებული მე-2 წრისთვის.
- რას ელით ამ გაზაფხულისგან?
- მიზანი რაც აქამდე იყო, არ შეცვლილა – სუპერლიგაში დაბრუნება.
- პირველ წრეში 7 გოლი გაიტანეთ. რამდენ გოლს ჰპირდებით “ორჰუსის” გულშემატკივრებს გაზაფხულზე?
- დაპირება არ შემიძლია. ისე კი, ვეცდები, 15 გოლი მომიგროვდეს.
- 15 გოლი მარტო გაზაფხულზე?
- არა, 15 გოლი სეზონში.
- “ორჰუსის” ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ?
- ისინი ფანტასტიკურად გვქომაგობენ. მე მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები და იმედი მაქვს, სუპერლიგაში დავბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ჩემი ყველა თანაგუნდელიც ამას ფიქრობს.
ილია ნანობაშვილი









