დაახლოებით ათი დღის წინ, ძიუდოს აკადემიაში სტუმრობისას, სრულიად შემთხვევით, უცნაური ინფორმაცია მოვისმინე. საქმე სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (9-11 ნოემბერი, მინსკი) საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ მოსალოდნელ ცვლილებას ეხებოდა. კერძოდ, ითქვა, რომ 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში განაცხადში შეყვანილ მირიან პავლიაშვილს ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან ჟორჟოლიანი ჩაანაცვლებდა. პავლიაშვილი იმ მომენტში ნაკრების სხვა წევრებთან ერთად უკვე ბელარუსში იყო, წინასატურნირო შეკრებაზე და ეს განაცხადი აღარ უნდა შეცვლილიყო. მოსალოდნელი ცვლილებაც უცნაურად სწორედ ამიტომ მეჩვენა. აქვე გაკვირვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი – 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი დავით ლორიაშვილი გახდა. შესაბამისად, ყველაზე მეტად ადგილი ნაკრებში მას ეკუთვნოდა, მაგრამ...
მაშინ ეს კულუარული ინფორმაცია ჭორად ჩავთვალე და გახმაურებისგან თავი შევიკავე, მაგრამ გუშინ ვინანე, მას შემდეგ, რაც მოსმენილი სიტყვები სრული სიზუსტით ახდა. ნაკრებს წინ მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს და “მსოფლიო სპორტი” სპორტსმენებისა და ხელმძღვენელობის ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით შეწუხებას შეგნებულად მოერიდა. ქვემოთ კი დავით ლორიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ. სპორტსმენი, რომელიც შიდა კონკურენციაში ძიუდოსა და სამბოში არაერთხელ დაუჩაგრავთ, უსამართლობაზე საუბრისგან თავს დიდხანს იკავებდა და ძლივს დავითანხმეთ.
- რომ გავიგე, საქართველოს ჩემპიონატი დაინიშნა, სასწრაფოდ ვარჯიშს შევუდექი. არადა, იქამდე ტრავმებმა 8 თვე გამაცდენინა და წესით, არც მაშინ უნდა ავჩქარებულიყავი, მაგრამ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტისგან, სოსო ლიპარტელიანისგან შევიტყვე, რომ საქართველოს პირველობაზე გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობაში მოსახვედრად აუცილებელი იყო. სულ რაღაც 2 კვირა ვივარჯიშე, თავი გადავდე, რაც მთავარია, გავრისკე და საქართველოს ჩემპიონიც გავხდი.
- სამბოში ნაკრები ძირითადად მართლაც საქართველოს ჩემპიონებით კომპლექტდება. როდის გაიგეთ, რომ ვერ ხვდებოდით განაცხადში?
- ახლახან, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დუშეთში შეიკრიბა. უკვე სრული დატვირთვით ვემზადებოდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, მაგრამ მირიან პავლიაშვილი შემოგვიერთდა და თქვა, რომ 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მინსკში მას უნდა ეჭიდავა. ეს განცხადება ყველამ უსიტყვოდ მიიღო. მაშინვე მივხვდი, რომ მე შანსი აღარ მქონდა. ავთო ცინცაძე გავიხმე გვერდზე და ვთხოვე, აეხსნა, რა ხდებოდა. მითხრა, ახლა ასე უნდა იყოს და მომავალში აუცილებლად შენ დაგაყენებთო.
- თავად პავლიაშვილმა რა გითხრათ?
- პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ბიჭებისგან გავიგე, ულაპარაკია, თუ მე ვერ ვიჭიდავებ, მაშინ აუცილებლად ლორიაშვილი უნდა დააყენონო.
- ვარჯიშებზე საკონტროლო შეხვედრებშიც ხომ არ დაჭიდებიხართ?
- 3-4 დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვეჭიდავე და მისგან წინააღმდეგობას ვერ ვგრძნობდი. სამწუხაროდ, ამას უკვე ყურადღებას არავინ აქცევდა. ისე იქცეოდნენ, თითქოს მე იქ საერთოდ არ ვიყავი.
- თქვენი აზრით, რა იყო ამ იგნორირების მიზეზი?
- უკვე დათვლაც კი მიჭირს, რამდენჯერ დავიჩაგრე. ძიუდოდან სამბოში ზუსტად უსამართლობების გამო გადავედი, მაგრამ აქაც ცუდად მომექცნენ. მიზეზსაც გეტყვით. უბრალოდ, მე გავლენიანი პატრონი არ მყავს, ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით.
- დუშეთის შეკრებაში ლევან ჟორჟოლიანიც მონაწილეობდა?
- ჟორჟოლიანი არც დუშეთის შეკრებაში ჩართულა, არც საქართველოს ჩემპიონატზე უჭიდავია და მინსკის შეკრებაც მის გარეშე გაიარა ნაკრებმა.
- წინასწარვე გავრცელდა ხმა, რომ პავლიაშვილის შემადგენლობაში შეყვანა ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რადგან შემდეგ ჟორჟოლიანით ჩაენაცვლებინათ. ამის შესახებ თქვენც იცოდით?
- ეს ნამდვილად არ ვიცოდი. პავლიაშვილის სიტყვებში კი ეჭვი არ მეპარება, რომლის მიხედვითაც, თუკი მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ვერ იჭიდავებდა, მაშინ აუცილებლად მე უნდა დავეყენებინეთ. პავლიაშვილის ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ვერ დავიჯერებ.
- სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრა ძიუდოსთან შედარებით, გაცილებით ადვილია. ამასთან, მედლის მოპოვება საკმაოდ სოლიდური პრემიალური თანხის მიღების გარანტიაა. იქნებ, სწორედ ფინანსური საკითხია გადამწყვეტი?
- ვერაფერს გეტყვით. ასეთ რამეებზე აღარ მიფიქრია. მთავარია, რომ ძალიან ცუდად დავიჩაგრე და თან, უკვე მერამდენედ. ისევ ძიუდოზე ვიტყვი, 8 წელია ნაკრებში ვარ, 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობის საშუალება ერთხელაც არ მომცეს. არადა ეს მართლა ალალად მეკუთვნოდა და მით უმეტეს, თითო წონაში ორ კაცს შეუძლია ერთი ქვეყნიდან ჭიდაობა. სამწუხაროდ, ამ უსამართლობებს და უაზრო დაპირებებს ბოლო არ უჩანს. უკვე 27 წლის ვარ. ძალიან დავიღალე.
- კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებაზე თუ გიფიქრიათ?
- ამ ზომამდეც მიმიყვანეს. ხელმძღვანელობას ვთხოვე, რადგან აქ შანსი არ მეძლევა, იქნებ უცხოეთში წასვლაში მაინც არ შემიშალოთ ხელი-მეთქი. სასტიკი უარი მივიღე, ეგ ნაბიჯი არ გადადგა, თორემ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ აგცდებაო. სიმართლე გითხრათ, არცერთი შემოთავაზება არ მქონია. უბრალოდ, მინდოდა, სადმე კარგად მევარჯიშა და მეჭიდავა.
- რას აპირებთ?
- რა უნდა ვქნა. ნერვები აღარ მაქვს, მაგრამ როგორც შემეძლება, მაინც ვიბრძოლებ. ეს უსამართლობა ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს. პრობლემა სათავეშია და ძალიან ბევრი რამე უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება სპორტულ გეგმებს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადები.
ოთარ მაღლაკელიძე







