საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ბელგრადულ ხალიჩაზე ქართველმა მოჭიდავემ ოთხი მეტოქე დაამარცხა: მაკედონიელი დეიან ბოგდანოვი, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ბორის ანდონოვი, რუმინელი გეორგიტა შტეფანი და თურქი სერდარ ბოკე. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბულგარელ მიხაილ პეტროვ განევს დაეჭიდება. სწორედ განევმა დაასრულებინა ოქროზე ფიქრი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ურიშევს.
ფინალური ბლოკი წინა დღეების მსგავსად, თბილისის დროით 22 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







