თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 2012 წლის ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით (ოღონდ რატომღაც ძველი ჰიმნით) დაგვირგვინდა. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ისე დამსახურებულად ავიდა, ჩასაფრებულ კრიტიკოსებსაც კი არაფერი დაუტოვა სათქმელი. არადა, ჭიდაობაში რომ ჩემპიონობა ყველაზე ძლიერს ყოველთვის არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ხშირად გვინახავს. თუნდაც შარშანდელ ევროპირველობაზე, როდესაც დავითს უკვე მოპოვებული ოქროს მედალი ყელიდან ჩამოხსნეს.
ამჯერად საჩემპიონო გზას მარსაგიშვილი მაკედონიელი დეიან ბოგდანოვის ძლევით შეუყვა. სულ 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში 27 სპორტსმენი შეიკრიბა. მათგან 5, ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო. დავით მარსაგიშვილი კი დანარჩენ 22-ში მოხვდა, თუმც მეთექვსმეტედფინალის დაძლევა არანაირად არ გასჭირვებია – ბოგდანოვს ორ სეტში, 1:0 3:0 მოუგო. შემდეგ, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ბორის ანდონოვი კიდევ უფრო იოლად ჩამოიცილა. არც რუმინელ გეორგიტა შტეფანთან დადგომია დიდი ჯაფა – 6:0 3:1, ნახევარფინალში კი თურქ სერდარ ბოკეს ორ სეტში 9 ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.
სატურნირო ბადის მეორე მხარეს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი რუსეთის ნაკრების წევრი ანზორ ურიშევი იყო. სწორედ ამ ყაბარდოელმა მოჭიდავემ დაამარცხა შარშანდელი ევროპირველობის ფინალში მარსაგიშვილი. უფრო ზუსტნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ იმ შეხვედრის ბედი არა ურიშევმა, არამედ უსამართლო მსაჯობამ გადაწყვიტა.
დავით მარსაგიშვილს რევანშის შანსი ბელგრადში უნდა მისცემოდა, რომ არა მიხაილ პეტროვ განევი. მსოფლიოს 2010 წლის ბულგარელმა ჩემპიონმა ურიშევი მეოთხედფინალში ჩატოვა და მოგვიანებით ფინალში თავად გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში მარსაგიშვილმა გამოცდილ მეტოქესთან ორჯერვე თითო ქულა აიღო და უპირატესობა შეინარჩუნა.
ზაზა თურმანიძის გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში საბოლოოდ 52 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გასულ რუსეთს 8 ქულით ჩამორჩა. ბულგარელებმა კი 49 ქულა და მე-3 ადგილი იკმარეს.
ხვალიდან ევროპირველობაში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან. თავისუფალთაგან და ქალებისგან განსხვავებით, მათ შვიდი წონის ჩემპიონ-პრიზიორების გამოსავლენად ორჯერ ნაკლები დრო ექნებათ. 10 მარტს მედლები 55, 60, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 11 მარტს – 66, 74 და 84 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრები ხალიჩაზე ნაწილობრივ ექსპერიმენტული შემადგენლობით გავა. ბეგი დარჩიამ სერბეთში შემდეგი შვიდეული იახლა: ქემალ ხარაბაძე (55 კგ), ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), რევაზ ლაშხი (66 კგ), მანუჩარ ცხადაია (74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ).
პირველი დღის სატურნირო ბადე უკვე შეივსო და ცნობილია, რომ ხარაბაძის პირველი მეტოქე მერვედფინალში ბელარუსის სახელით მოჭიდავე ელბეკ ტაზიევი იქნება. ჭოჭუა ევროპირველობას მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, ბრიტანელ ტერენს კრისტოფერ ბოსონთან შეხვედრით. პირველივე წრიდანვე ჩაერთვებიან ტურნირში 96 და 120 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებიც: ჯაბიძე ბელარუს ტიმაფეი ძეინიჩენკას დაეჭიდება, ხოლო ფერსელიძე – ლატვიელ იგორს კოსტინსს.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი
9 მარტი
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)
3 გეორგიტა შტეფანი (რუმინეთი)
3 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







