ინტერვიუები

21:01 | 14.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით მარსაგიშვილი: “წარმატება გამოცდილებამ მოიტანა”

4-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა. გასულ კვირას, ბელგრადში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დავით მარსაგიშვილი ავიდა. 20 წლის სტეფანწმინდელი სპორტსმენის წარმატება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ნაკრების ლიდერად სტაბილური შედეგიანობით ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ყველა ტიტული მოიგო, უფროსებში კი, ევროპირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ იჭიდავა და თუ შარშან ალალად მოგებული ოქროს მედალი მსაჯებმა გაურკვეველი მიზეზით ჩამოართვეს, ამჯერად, ისე გაჩემპიონდა, არც მეტოქეებს დაუტოვა დაჩაგვრის მინიმალური შანსი და არც მსაჯებს.

წინ ლონდონის ოლიმპიური თამაშებია, რომელზეც დავით მარსაგიშვილი ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავა.
- რა შედეგს გეგმავდით ბელგრადული ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე?
- სიმართლე გითხრათ, ოქროს ველოდი. თუკი ერთი წლის წინათ, ევროპირველობის დაწყებამდე სამეულში მოხვედრაზეც თანახმა ვიყავი, ამჯერად, მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. კარგად მოვემზადე, თავდაჯერებაც მომემატა და უმაღლესი შედეგისთვის უფრო მზად გახლდით.
- წილისყრაშიც საკმაოდ გაგიმართლათ.
- მართლაც. ის მოჭიდავეები, რომლებსაც კონკურენტებად მივიჩნევდი, სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდნენ. იოლი წილისყრა შემხვდა და აბა ამ შანსის გამოუყენებლობა როგორ იქნებოდა.
- ალბათ, ფინალში ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, ანზორ ურიშევს ელოდით...
- რა თქმა უნდა. ფინალში გასვლის მთავარ ფავორიტად რუსი მოჭიდავე მიიჩნეოდა, მაგრამ ადრიანადვე გამოეთიშა ოქროსთვის ბრძოლას.
- უმთავრესი კონკურენტის ჩამოშორების შემდეგ, ხომ არ იფიქრეთ, რომ უკვე წინ ვეღარავინ დაგიდგებოდათ?
- ურიშევთან უარყოფითი ბალანსი მაქვს – სამჯერ მომიგო. სხვა საქმეა, სამჯერვე სამართლიანად მაჯობა თუ არა, მაგრამ ეს უკვე აღარავის ახსოვს. თუნდაც მარტო ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალის გამო მინდოდა კიდევ ერთხელ შეხვედრა და რევანშის აღება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მისმა წაგებამ ხასიათი გამიფუჭა. ბულგარელი მიხაილ განევი, ვინც ურიშევი დაამარცხა, ჩემთვის გაცილებით მისაღები მეტოქე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს შევხვედრივარ. მასთან უფრო ადვილად ვიჭიდავე და უპრობლემოდ მოვუგე. ჯერ კიდევ ფინალამდე მოდიოდა ხალხი და წინასწარ მილოცავდა ევროპის ჩემპიონობას. ეს სასიამოვნო იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, წინასწარ არ მეზეიმა და მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე მეფიქრა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ განევს მოვუგებდი.
- როგორ ფიქრობთ, ახლა უკეთეს ფორმაში იყავით თუ შარშანდელ ევროპირველობაზე?
- ორივე ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდი, მაგრამ ახლა წარმატების უფრო მეტი შანსი მქონდა. ბოლო ერთ წელიწადში არაერთ შეჯიბრებაზე ვიჭიდავე. გამოცდილება მომემატა და შესაბამისად, შედეგისთვის უფრო მზად ვიყავი.
- წინა ევროპირველობის შემდეგ, აშკარად იგრძნობა პროგრესი თქვენს ჭიდაობაში. ამას მარტო გამოცდილების ხარჯზე მიაღწიეთ?
- ტურნირებზე ჭიდაობამ თავდაჯერება შემმატა და ალბათ, ესაა უმთავრესი მიზეზი. ამასთან, ფიზიკურადაც მოვძლიერდი. სხვამხრივ კი, ყველაფერი ძველებურადაა. ისეთივე მონდომებით ვვარჯიშობ, როგორც ადრე.
- ოლიმპიურ თამაშებზე ვის მიიჩნევთ უმთავრეს კონკურენტად?
- პირველყოვლისა, აზერბაიჯანელ მსოფლიოს ჩემპიონს, შარიფ შარიფოვს, რომელმაც ევროპირველობა გამოტოვა. ასევე ანზორ ურიშევს, მიხაილ განევს, უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვს, უზბეკ მსოფლიოს ჩემპიონ ზაურბეკ სოხიევს, ამერიკელ გაელ სანდერსონს და ირანელ ალირეზა გოუდარზის.
- უცხოურ ფორუმებზე საჭიდაო სტილით ბუვაისარ საიტიევს გამსგავსებენ. თუ გინახავთ მისი ჭიდაობის ვიდეოჩანაწერები?
- საიტიევი, არა მარტო ჩემი, არამედ ლამის მთელი საჭიდაო სამყაროს კუმირია. ნებისმიერი სიტუაციიდან შეეძლო ქულის აღება. ჩემთვის მასთან შედარება მართლა უდიდესი პატივია.
- ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული გაქვთ. ზაფხულამდე რამდენ ტურნირზე იჭიდავებთ?
- სავარაუდოდ, ერთზე – მაისში, აზერბაიჯანში, მსოფლიოს გრანპრიზე გამოვალ. შემდეგ კი, მთლიანად ოლიმპიურ სამზადისზე გადავერთვები.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097011