13-14 მარტს ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე, მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას დავით მოძმანაშვილი დაიცავს. შიდა კონკურენციას წერტილი გუშინ, საგარეჯოს სპორტის სასახლეში დაესვა. მოძმანაშვილი ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 2008 წლის 1 აპრილს, ქართველი მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში, მას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თან ტიტულიც ჩამოართვა.
სასჯელის ვადა იწურება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამის დამადასტურებელ ოფიციალურ წერილსაც მიიღებენ. აბსოლუტური ჩემპიონატიც, პირველ ყოვლისა, იმისთვის დაიგეგმა, რომ პერსპექტიულ მოჭიდავეს ნაკრებში დაბრუნების შანსი მისცემოდა. დავით მოძმანაშვილმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა.
ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ტურნირს ლეგენდარული მოჭიდავის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, არსენ მეკოკიშვილის სახელი ეწოდა. პატარა, კოხტა დარბაზში მაყურებელმა შეკრება 11 საათიდან დაიწყო, 12 საათზე კი, უკვე ფეხზე დასადგომი ადგილის მოძებნაც ძნელი იყო. ფალავნობისთვის ბრძოლის სურვილი 14-მა მოჭიდავემ გამოთქვა. მათ შორის, ქვემძიმე წონებში მყოფებმაც. ერთ-ერთი მათგანი, სტეფანწმინდელი ლევან სეთურიძე იყო, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიიჩნევა ნაკრების კანდიდატად. სეთურიძის გამორჩევის მიზეზი მისი ლამაზი ჭიდაობაა. მეტოქეებთან შედარებით აშკარად ტანმორჩილმა სპორტსმენმა, აბსოლუტური პირველობა ისე ჩაამთავრა, აშკარად არავისთან დაჩაგრულა.
პირველ წრეში, მერვედფინალში, ხალიჩაზე 6 წყვილი გავიდა. ერთი შეხედვით, ყველაზე საინტერესო ბრძოლა მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონ ლუკა კურტანიძესა და ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატ ლევან ბერიანიძეს შორის უნდა გამართულიყო. ასეც მოხდა. სამრაუნდიან შეხვედრაში ერთი ილეთიც კი არ გაკეთებულა და გამარჯვებულის ბედი ბურთულას ამოღებამ გადაწყვიტა. პირველ რაუნდში იღბალი თბილისელი ბერიანიძის მხარეს იყო, ხოლო მეორე-მესამეში აფხაზეთის სახელით მოჭიდავე კურტანიძეს გაუმართლა.
შეჯიბრი გამარჯვებით დაიწყეს სეთურიძემ, გიორგი ნიკურაძემ, მიხეილ ჩიქოვანმა, კობა კერესელიძემ და მოძმანაშვილმაც. ამ უკანასკნელმა, ზვიად მეტრეველი სულ რაღაც 13 წამში დაამარცხა. სეთურიძემ სათბურას გაბერვასა და გახეთქვაში გინესის რეკორდსმენ ჯემალ ტყეშელაშვილს აჯობა საკმაოდ იოლად, ნიკურაძემ – გიორგი მარტიაშვილს, ხოლო ჩიქოვანმა და კერესელიძემ წმინდა გამარჯვებები იზეიმეს ფრიდონ ბეჟიტაშვილთან და ვალერი გზირიშვილთან.
ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო ნაკრების გამოცდილი წევრი ალექსი მოდებაძე. მან თავისსავით დასვენებული გიორგი ქართველიშვილი ორ რაუნდში დაჩაგრა. სეთურიძემ ნეიტრალური მაყურებლის პირველი სიმპათია ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი ნიკურაძის ძლევით მოიპოვა. მოძმანაშვილმა წმინდად არა, მაგრამ უპრობლემოდ ჩამოიშორა ჩიქოვანი. კურტანიძეს კი, კერესელიძის დასამარცხებლად მესამე რაუნდი დასჭირდა.
ნახევარფინალში, ლევან სეთურიძემ ჭიდაობის მოყვარულთ მორიგი სიურპრიზი შესთავაზა – მოდებაძე დაამარცხა. დაძაბული ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი მსაჯის მიერ ტომარიდან ბურთულას ამოღება იყო. ფერი სეთურიძეს დაუჯდა და ეს საჩუქარი გემრიელადაც შეირგო. აბსოლუტური პირველობის მეორე ნახევარფინალს, მოძმანაშვილსა და კურტანიძეს შორის, ბევრმა ჯერ კიდევ დაწყებამდე ნაადრევი ფინალი უწოდა. გამოცდილმა მოჭიდავემ თავისზე 13 წლით უმცროს და ერთი თავით მაღალ მოწინააღმდეგეს პირველი რაუნდი ბურთულის ფერით და ფეხიდან აყვანით მოუგო, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შეძლო – მომდევნო პერიოდებში, მოძმანაშვილმა ძირითად დროშივე შეასრულა მომგებიანი ილეთები.
დამამშვიდებელი ეტაპი წაუგებლად ნიკურაძემ ჩაიჭიდავა. ბრინჯაოს ფინალში მან სამ რაუნდში მოუგო კურტანიძეს. თანამედროვე ქართული ჭიდაობის ყველაზე უხვტიტულა წარმომადგენელი, გუშინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა განსაკუთრებული ოვაციებით გააცილეს ხალიჩიდან.
საქართველოს მეორე აბსოლუტური ჩემპიონის (პირველი ფალავნობა თავისუფალ ჭიდაობაში 1978 წელს გაიმართა და ნოდარ მოდებაძემ მოიგო) გამოსავლენად ორი რაუნდი აღმოჩნდა საკმარისი, ოღონდ, ორივეში ბურთულის ამოღება გახდა საჭირო. ჯერ იღბალმა მოძმანაშვილს გაუღიმა და ფეხში შესვლის უპირატესობა შედეგიანადაც შეირგო. მეორედ, მსაჯმა უკვე სეთურიძის მხარდამჭერები გაახარა, მაგრამ ამ უკანასკნელს, ილეთის დასაგვირგვინებლად ძალა აღარ ეყო, კონტრ-ილეთზე წამოეგო და მეორე ადგილს დასჯერდა.
ჩემპიონატის ორგანიზატორმა, არსენ მეკოკიშვილის შვილმა გოგი მეკოკიშვილმა, ჩემპიონს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი გადასცა, მეორე-მესამე ადგილოსნებს – ტელევიზორი და დივიდი პლეიერი.
“თუ აბსოლუტურ პირველობას ტრადიციად დავამკვიდრებთ, ეს ჩვენს ჭიდაობას სასიკეთოდ წაადგება. რაც შეეხება დღევანდელ შედეგს, მოძმანაშვილის ჩემპიონობას, ველოდი, მაგრამ იგი სასურველად დამაჯერებლად მაინც ვერ გამოიყურებოდა. მიზეზი მარტივია, სატურნირო პრაქტიკა აშკარად აკლდა. ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებლად მოუმატებს”, – უთხრა “სპორტულ ამბებს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ.
პრაქტიკის ნაკლებობა თავად ჩემპიონმაც ახსენა, თან, იქვე დასძინა, ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო და ევროპირველობის წინ, საგანგაშო აღარაფერიაო.
ოთარ მაღლაკელიძე







