ინტერვიუები

10:08 | 18.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირის ორი ვარიანტი და ფავორიტი “დინამო”

შემოდგომაზე თბილისის “დინამოში” დაბრუნებულმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ მზად იყო გუნდში უხელფასოდ ეთამაშა, რადგან მისთვის, მთავარი კონდიციების აღდგენა და კლუბის ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონება იყო, რათა შემდეგ გრძელვადიან გეგმებზე ესაუბრათ. მეორე წრის მიწურულს, 32 წლის შემტევი ნახევარმცველი კარგ სათამაშო ფორმაში შევიდა და მისმა გოლებმა გუნდს მნიშვნელოვანი ქულებიც მოუტანა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის ბოლო შეხვედრა მუჯირმა პირველლიგელი “გაგრას” წინააღმდეგ საქართველოს თასზე ჩაატარა და მეტად ეფექტური გოლიც გაიტანა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. წლის ბოლოს, მას კლუბთან კონტრაქტი ეწურება და “მსოფლიო სპორტი” ფეხბურთელის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
- წლის ბოლოს “დინამოსთან” კონტრაქტი გიმთავრდებათ. აპირებთ კლუბში დარჩენას?
- მე თვითონ კონტრაქტს ვერ გავაგრძელებ, კლუბიდან კი არავის მოუმართავს. იანვრიდან თავისუფალი აგენტი ვხდები და ამ ეტაპზე, კლუბის შეცვლის ორი ვარიანტი მაქვს. თუ “დინამოს” შეთავაზება იქნება, ფავორიტი სწორედ ისაა. ცხადია, კლუბს ის ამბიცია თუ ექნება, რომელიც მას ეკადრება. ჯერჯერობით, არც ახალ მფლობელს მოუმართავს და არც - ძველს.
- რომელი ქვეყნების გუნდებზეა საუბარი?
- არ მინდა ამის შესახებ საუბარი, რადგან კარიერის განმავლობაში ყოველთვის ასე ვიქცეოდი. მითუმეტეს, ჯერ არ გადამიწყვეტია სად წავალ - მეუღლესთან და ოჯახთან უნდა მოვითათბირო.
- “დინამოში” გადასვლამდე აცხადებდით, რომ შეთავაზება აზერბაიჯანის კლუბებიდან გქონდათ, მაგრამ მსგავს ქვეყნებში თამაში თქვენთვის მიუღებელია. ახლაც, იმავე აზრზე ხართ?
- ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორი გუნდის ვარიანტი მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაგან აზერბაიჯანი არცერთია. მალე 33 წლის გავხდები და როდესაც ამ ასაკში სათამაშოდ საზღვარგარეთ მიდიხარ, პირველ ადგილზე ოჯახის ინტერესი გამოდის.
- ჩემპიონატის პირველი ნახევარი იმ დროს დასრულდა, როდესაც “ფორმაში” შეხვედით...
- “დინამოს” ფეხბურთელებს მძიმე სეზონი ჰქონდათ, რადგან ევროტურნირზე თამაშის გამო, ზაფხულში არ დაუსვენიათ. ამიტომ, ბოლო თამაშებში დაღლილობა ეტყობოდათ. მე 9 თვე უთამაშებელი ვიყავი და სამწუხაროა, რომ შესვენება ახლა მომიწია. ჩემი მიზანი იყო, საკუთარი თავის რწმენა დამებრუნებინა და კლუბის ხელმძღვანელობაც დარწმუნებულიყო ჩემს შესაძლებლობებში, რის შემდეგაც, იანვრიდან უფრო გრძელვადიან კონტრაქტს შემომთავაზებდნენ. ჯერჯერობით, მსგავსი რამ არ ყოფილა.
- განვლილ პერიოდში საკუთარ თამაშს, როგორ შეაფასებდით?
- 9 თვე დიდი შესვენებაა ფეხბურთელისთვის, მითუმეტეს, როდესაც 30 წელს ხარ გადაცილებული. თუმცა, თავს ძალა დავატანე, რომ კარიერა არ დამემთავრებინა. სათამაშო ფორმის აღსადგენად “დინამოს” დუბლშემადგენლობაშიც რამდენიმე მატჩი ჩავატარე. ბოლო ტურამდე ვთვლიდი, რომ მეტი სათამაშო დრო მეკუთვნოდა, მაგრამ არც სათადარიგოთა სკამზე 90 წუთი ჯდომა მეთაკილებოდა. მეორე წრის ბოლოს ორი გადამწყვეტი გოლი გავიტანე და გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შევიტანე. სამწუხაროდ, “გაგრასთან” წაგება სამარცხვინო გამოდგა, რისთვისაც “დინამოს” ნამდვილ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. “დინამო” აქცენტს ჩემპიონობაზე გააკეთებს და გუნდს აქვს პოტენციალი, რომ ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, საქართველოს ჩემპიონობა მოიგოს მიმდინარე სეზონში.  
- მაინც რა მოხდა “გაგრასთან” მატჩში? წაგებას რით ახსნით?
- მინდა “გაგრას” წარმატება მივულოცო. ამ გუნდმა თავდადებით და ჟინით ითამაშა.  პირველი მატჩი სტუმრად 2:1 გვქონდა მოგებული და შეგვეძლო ანგარიშის შენარჩუნებაზე გვეთამაშა, მაგრამ სახლში “დინამო” “გაგრასთან” ასეთი განწყობით არ უნდა გამოვიდეს. ეს არც გაგვიკეთებია და თავიდანვე შეტევაზე ვაკეთებდით აქცენტს და როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მაშინაც ვჩქარობდით. მანამდე მნიშვნელოვანი სამი ტური ჩავატარეთ – “სიონთან”, “ვიტ ჯორჯიასთან” და “ტორპედოსთან” მატჩებში კარი მშრალად შევინახეთ. მეტოქის შეუფასებლობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. პირველი გოლი შემთხვევით გავუშვით, ხოლო მეორე შემთხვევაში “რიკოშეტს” ჰქონდა ადგილი. მეტრეველის წაქცევისთვის მსაჯმა რატომ არ დანიშნა 100-პროცენტიანი პენალტი, დღემდე გასაკვირია. მსაჯი ჩემთან ერთად იდგა და ყვითელი ბარათიც ამიტომ მომცა, რომ ვუთხარი: “პენალტი რატომ არ დადე-მეთქი?”. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, “გაგრასთან” მარცხს გამართლება არ აქვს.
- “ვიტ ჯორჯიასთან”, “ტორპედოსთან” და “გაგრასთან” ეფექტური გოლები გაიტანეთ. მათგან რომელს გამოარჩევდით?
- ეფექტურობის მხრივ “გაგრასთან” გატანილ ბურთს გამოვარჩევდი. თუმცა, “ვიტ ჯორჯიასთან” და “ტორპედოსთან” თამაშის მერე განვაცხადე, რომ გოლს მაშინ აქვს ფასი, როდესაც გუნდისთვის წარმატება მოაქვს. ამიტომ, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ამ გოლის წყალობით, “დინამო” ნახევარფინალში გასულიყო.
-“დინამო” შვებულებაში გავიდა და თავად რას აპირებთ – დაისვენებთ, თუ ვარჯიშს გააგრძელებთ?
- ამ ეტაპზე, ბიჭებს ერთი სული აქვთ როდის დაისვენებენ. მე ისედაც საკმაოდ ბევრი დავისვენე და ინდივიდუალურად ვივარჯიშებ. თუმცა სულ სხვაა, როდესაც მარტო ვარჯიშობ და როდესაც გუნდთან ერთად. გაჩერებას არ ვაპირებ და მომავალ კლუბში, იანვრის დასაწყისში მომზადებას ისედაც დავიწყებ.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093514