ინტერვიუები

15:01 | 21.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქუბრიაშვილი: “ჩვენ სხვებზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი და ეს ბევრ რამეს გვაკეთებინებს”

მოედანზე - მებრძოლები და დაუნდობლები, მის გარეთ - საოცრად თავმდაბლები და ზრდილობიანები. სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს ქართველ მორაგბეებს ყველა სხვა ერის წარმომადგენლებისგან. “ჩვენ სხვებზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი და ეს ბევრ რამეს გვაკეთებინებს”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრებისა და “ტულონის” პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა, რომელსაც რუსეთის ეროვნული ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა სამი ნომრის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე უწოდა და ძნელია, მას არ დაეთანხმო.
ბევრს “ბორჯღალოსნები” მხოლოდ იმიტომ უყვარს, რომ ისინი რუსებს შინ თუ გარეთ, განურჩევლად ამინდისა და მოედნის საფარის ხარისხისა - დარში თუ ავდარში - მუდამ ამარცხებენ. პირადად მე, ქართველი მორაგბეები უფრო იმ თავდადებისთვის მიყვარს, რომლითაც თბილისში აშშ-ის ნაკრები ბოლო წუთებზე გატეხეს და საკუთარ მოედანზე მოგებათა სერიის უწყვეტობა გააგრძელეს, რომლითაც ბოლო 10 წუთი რუმინელთა იერიშებს საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზზე გაუძლეს და როდესაც მეტოქემ მისი გადალახვა მოახერხა, ბურთი არ დაადებინეს და უკან დაახევინეს. იმ თავდადებისთვის, რომლითაც უკვე გარანტირებული გამარჯვების პირობებში, არ მოეშვნენ და რუსთა ერთადერთ იერიშს ისე დაუხვდნენ, თითქოს მასზე იყო საქართველოს ნაკრების ბედი დამოკიდებული, მეტოქეს ქულა არ ააღებინეს და შინ მშრალი ანგარიშით გაისტუმრეს.
და კიდევ იმისთვის, რასაც ისინი მოედანს გარეთ აკეთებენ. სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აუქციონი, სადაც “ბორჯღალოსანთა” მაისურები და სხვადასხვა ნივთები გაიყიდა, და მისგან შემოსული თანხა კი, საგურამოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში გადაირიცხა, ამის ნათელი მაგალითია. დავით ქუბრიაშვილმა, იმისათვის, რომ თანხა მაქსიმალურად დიდი ყოფილიყო (არა საკუთარი ჯიბისთვის, არამედ, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის!), “ტულონის” ვარსკვლავებს ზედ ხელმოწერები გააკეთებინა და არც შემცდარა - მისი მაისური, მამუკა გორგოძის “მონპელიეს” კვართთან ერთად, ყველაზე ძვირად, 3000 ათას ლარად დაფასდა! როდესაც მას მივულოცეთ. თქვენი მაისური ყველაზე ძვირად გაიყიდაო, სიტყვა შეგვაწყვეტინა - “არა! ყველაზე ძვირად მხოლოდ ჩემი კი არა, ჩემი და მამუკას მაისურები გაიყიდა”, - და გააგრძელა, - “მოხარული ვარ, რომ ასე დააფასეს ჩვენი მაისურები. უფრო მეტად ის მახარებს, რომ ეს თანხა ბავშვთა სახლში გადაირიცხება”.
- რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვვრთნელმა კინგსლი ჯონსმა, რომელსაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, თქვენზე თქვა - საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამი ნომერი ჰყავსო.
- ეს ადამიანი რაგბის სამყაროში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ჩემთვის დიდი აღიარებაა მისი სიტყვები. არა მგონია, ის სიტყვებს ტყუილად ამბობდეს. ვეცდები, ჩემი კარგი თამაშით ამ საქმის მცოდნე ხალხი უფრო მეტად ავალაპარაკო.
- რუსეთის ნაკრებამდე რუმინელთა წინააღმდეგ მთელი 85 წუთი ძალიან მძიმე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშეთ, რაც თქვენი პოზიციისთვის ძალიან რთულია. ერთი კვირის შემდეგ, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყავით და 65 წუთი ითამაშეთ...
- საფრანგეთში თითქმის 100 წუთიც ნათამაშები მაქვს - ორი წლის წინ, ქვეყნის ჩემპიონატის ნახევარფინალში “კლერმონის” წინააღმდეგ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და 20-წუთიანი დამატები დრო დაინიშნა. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. კი, რთული იყო, მაგრამ ჟინით და მონდომებით გავძელით და რაც მთავარია, მივაღწიეთ საწადელს.
- სტუმრად, რუმინეთში, პრაქტიკულად ფინალის ტოლფას შეხვედრაში, ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე, თქვენ 10-წუთიან უმძიმეს შტურმს გაუძელით. ამის გაკეთება იოლი არაა. რის ხარჯზე მიაღწიეთ მიზანს?
- ვფიქრობ, ჩვენ, ქართველებს, სხვა ერებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი “ჯიგარი” გვაქვს. ბიჭებს სხვებზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი და ეს ბევრ რამეს გვაკეთებინებს.
- ელოდით, რომ რუსეთს ასეთი სარეკორდო ანგარიშით დაამარცხებდით?
- არ ველოდით. სიმართლე გითხრათ, უფრო რთული თამაშისთვის ვემზადებოდით.
- თამაშამდე ჯონსმა თქვა, შემადგენლობაში ახალი ბიჭები იმიტომ შევიყვანე, რომ მათ საქართველოს კომლექსი არა აქვთ და ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარებაო...
- მეც გავიგე მისი ეს სიტყვები. ალბათ, ამ ბიჭებს ძველ თაობაზე უფრო მეტად დაამახსოვრდებათ საქართველოს ნაკრები და უფრო მეტად დაკომპლექსდებიან. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს...
 

 

ზურა ქსოვრელი

 

0.096123