ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელმა დავით სირაძემ რუსულ ინტერნეტ-გამოცემა championat.com-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია, რადგან საქართველოს ნაკრებისთვის და გუნდებისთვის, სადაც უთამაშია, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.
- ზურგს დიდი გამოცდილება გიმაგრებთ. როდესაც განვლილ გზას იხსენებთ, რას ფიქრობთ ხოლმე?
- უკვე 31 წლის ვარ და ნალჩიკში მე-5 წელიწადია ვთამაშობ. მანამდე დიდი ხანი ვითამაშე საქართველოს ჩემპიონატში, გერმანიასა და საქართველოს ნაკრებში. ამიტომ, ბედს არ ვუჩივი. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა როგორც ნაკრებისთვის, ასევე იმ კლუბებისთვის, რომლებშიც ვთამაშობდი.
- ქვეყნის პირველ ნაკრებში დებიუტი 2004 წელს რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გქონდათ. განვლილ პერიოდში ნაკრებში 30 მატჩამდე ჩაატარეთ, რომლებშიც 8 გოლი გაიტანეთ...
- ნაკრებში დებიუტი ალენ ჟირესის მთავარი მწვრთნელობის დროს მქონდა. ბედნიერება მქონდა, ისეთ ოსტატებთან ერთად მეთამაშა, როგორიც კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე და სხვები არიან. ყოველთვის კარგი და მეგობრული გუნდი გვყავდა, მაგრამ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში ჯგუფიდან ვერცერთხელ გავედით. ახლანდელი ნაკრები უფრო პერსპექტივაზე მუშაობს. მეტს ენდობიან ახალგაზრდებს და იმედოვნებენ, რომ ჩვენი გუნდი ბოლოსდაბოლოს ჩრდილიდან გამოვა და რომელიმე დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვდება. ახლა ნაკრებს ამის პოტენციალი და შანსი აქვს. ჩვენმა მეზობელმა, სომხეთის ნაკრებმა განაცხადი უკვე გააკეთა. იგივე შეიძლება ბელარუსის ნაკრებზეც ითქვას. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი დრო დადგება.
- 5 წელიწადი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდით, სადაც 4 კლუბში ითამაშეთ...
- სხვადასხვა წლებში ბერლინის “უნიონში”, ტრირის “აინტრახტში”, “აუეში” და “პადერბორნში” ვთამაშობდი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. თუმცა, იქ სხვა ამპლუაში ვმოქმედებდი - უფრო მეტად გამთამაშებლად ვთამაშობდი და პარტნიორებს ასისტენტობას ვუწევდი.
- შეგიძლიათ, პარალელი რუსეთის პირველ დივიზიონსა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგას შორის გაავლოთ?
- პრინციპში, ოსტატობის დონე ერთნაირია, მაგრამ გერმანიაში ბოლომდე იხარჯები. იქ მეტი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება. გარდა ამისა, გერმანიაში უფრო ხისტად თამაშობენ, ვიდრე რუსეთის პირველ დივიზიონში. იქ ყოველთვის ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რათა ტრავმა არ მიიღო.
- ერთ-ერთმა სპეციალისტმა თქვა, რომ ნალჩიკის “სპარტაკი”, რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს, პირველ დივიზიონს სათანადოდ არ აფასებს და 100 პროცენტით არ იხარჯება...
- პირველ დივიზიონში პირველად ვთამაშობ და რა თქმა უნდა, დონე პრემიერლიგისას ჩამორჩება. შემადგენლობის მხრივ პირველ დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, მაგრამ ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ ამ ტურნირს არ ვაფასებთ. თითოეულ მატჩზე დიდი მონდომებით და მოტივაციით გავდივართ განურჩევლად იმისა, ვინ გვყავს მეტოქედ – ლიდერი თუ აუტსაიდერი. ყველა გუნდის დონე დაახლოებით თანაბარია და თითოეულ მათგანს პატივს ვცემთ.
- მიმდინარე სეზონში ამოცანა კვლავ პრემიერლიგაში მოხვედრაა?
- პრემიერლიგაში მოხვედრა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა.
- განვლილ სეზონს თქვენთვის წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. გუნდის განაცხადში ხშირად რატომ ვერ ხვდებოდით?
- როდესაც მწვრთნელმა იგრძნო, რომ გუნდს პრემიერლიგაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, სასტარტოში ადგილს უფრო მეტად ახალგაზრდებს ანდობდა. თამაშის მხრივ პრობლემა არასოდეს მქონია. არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ჩემი სათამაშო დონე დაეცა. უბრალოდ, მწვრთნელმა უკეთ იცის, სასტარტოში ვინ დააყენოს და ვინ - არა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









