ინტერვიუები

18:08 | 23.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: “საუბარი იმაზე, რომ სირაძე, გოგუა და მუჯირი შეკრულები არიან, სასაცილოა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელმა დავით სირაძემ “მსოფლიო სპორტს” ღია წერილი გამოუგზავნა.
მკითხველმა განსაჯოს
მე, დავით სირაძეს, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების, ჩამოსვლისა და თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა და მექნება. გათამაშებენ თუ არა, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია. ამაზე არც ვდავობ. ბევრი მომითმენია და ამას არც ვნანობ. ევროპის ჩემპიონატის შესარშევი ციკლის ბოლო თამაშზე საბერძნეთთან ჩემს არგამოძახებას კი ნამდვილად არ ველოდი. იმის ღირსი მაინც ვიყავი, დამკავშირებოდნენ და აეხსნათ მიზეზი (მე იმ დროს თბილისში ვიმყოფებოდი). პრესიდან, ტელევიზიიდან საერთოდ ხსენება არ იყო ჩემი. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მე საერთოდ არ ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. ყოველივემ, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყვიტა გული, რაც განვაცხადე კიდეც. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დამთავრების შემდეგ, I არხზე გადაცემა “არენაში" სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქეცბაიამ განაცხადა, ყველაზე ძალიან გული სირაძეზე მწყდებაო და გაიხსენა პოლონეთთან ამხანაგურ თამაშზე ჩემი არჩამოსვლა, თითქოს მე განზრახ თავი ავარიდე ნაკრებში ჩამოსვლას, რაც არასწორია. ნამდვილი მიზეზი ვიზის არქონა იყო და ქეცბაიასგან მივიღე თანხმობა, დავრჩენილიყავი კლუბში. ნალჩიკის “სპარტაკს” თამაში ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” 3 დღის მერე, სადაც მე ვითამაშე 15 წუთი კი არა, როგორც ქეცბაია აცხადებს, არამედ, ძირითადში ვითამაშე და 75-ე წუთზე შემცვალეს. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკაც მქონდა და ფორმაშიც ვიყავი. ის, რომ გასვლით თამაშზე ხორვატებთან, სადაც ძირითადში ვიყავი, თითქოს შეცვლა მოვითხოვე მეორე ნახევარში, რადგან დავიღალე და სირბილი აღარ შემეძლო, ჩემი მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ისე, ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, მოითხოვოს შეცვლა, თუ იგი შეუძლოდაა მინდორზე. მკითხველმა თავად განსაჯოს, ყოველივე ამის შემდეგ, მქონდა თუ არა მიზეზი, დავრჩენილიყავი ნაწყენი?
წერილის მიღების შემდეგ, “მოსფლიო სპორტი” სირაძეს ნალჩიკში დაუკავშირდა.
- რით ახსნით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიერ გადაცემა “არენაში” თქვენს მიმართ ნათქვამს?
- არ ვიცი. მხოლოდ ის ვთქვი, ნაკრებში რომ არ გამომიძახეს, გული დამწყდა-მეთქი. აბა, იმას ხომ არ ვიტყოდი, ნაკრებში არ გამომიძახეს და გული არ დამწყდა-მეთქი? მგონი, ვიმსახურებდი საბერძნეთთან მატჩში გამოძახებას. შესარჩევი ციკლი ნაკრებთან ერთად დავიწყე და მინდოდა, მასთან ერთად დამემთავრებინა. მით უმეტეს, იმ დროისთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად. ხომ შეიძლებოდა, საბერძნეთთან გოლი გამეტანა, რაც ნაკრებსაც წაადგებოდა და ჩემს კარიერასაც? ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დაერეკა და აეხსნა მაინც, რატომ არ მიძახებდნენ? როდესაც არავინ გირეკავს და არაფერს გეუბნება, ბუნებრივია, გულდასაწყვეტია. ასეთი რა ვთქვი, რომ ჩემს სიტყვებზე ყველაზე მეტად დაწყდა გული? საუბარი იმაზე, რომ სირაძე, გოგუა და მუჯირი შეკრულები არიან, სასაცილოა.
- ქეცბაიას ნათქვამიდან და თქვენი პასუხიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ეროვნულ ნაკრებში კიდევ მიგიწვევენ?
- არ ვიცი, მწვრთნელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვის გამოიძახებს. ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვთამაშობდი და 4 გოლი გავიტანე. პოლონეთთან გამოვიძახეთ და არ ჩამოვიდაო, რომ თქვა, წერილში ავხსენი ამის მიზეზი. მე არ მეგულება საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელი, რომელსაც ჩამოსვლაზე უნდა ეხვეწო. ხორვატიაში ძირითად შემადგენლობაში დამაყენა და შესვენებაზე შეცვლას რატომ ვთხოვდი? ჩემი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ.

 

ლაშა თაბაგარი

ბადრი კეთილაძის ფოტო
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173308