ინტერვიუები

16:51 | 24.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით თარგამაძე: “კონკრეტული წინადადება სწორედ “შახტარიდან” მივიღე”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ championat.com-თან საუბარში განაცხადა, რომ სხვადასხვა კლუბების მის მიმართ ინტერესის მიუხედავად, კონკრეტული წინადადებით მხოლოდ “შახტარმა” მიმართა და არჩევანიც დონეცკელებზე ამიტომ შეაჩერა.
- მარიუპოლის “ილიჩივეცში” როგორ მიგიღეს?
- ყველაფერი საუცხოოდაა, მარიუპოლელებს კარგი გუნდი ჰყავთ და თბილად მიმიღეს. ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახალ გუნდში ყველა პარტნიორი გავიცანი.
- “ილიჩივეცის” რომელიმე ფეხბურთელს იცნობდით?
- მხოლოდ ჩემს თანამემამულე თორნიკე ოქრიაშვილს. შეიძლება ითქვას, რომ ახალ გუნდში ის მმეურვეობს. შეკრებაზე ერთ ოთახში ვცხოვრობთ. თორნიკე ძალიან მეხმარება.
- ახლა საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს. რით განსხვავდება “ილიჩივეცში” მზადების პროცესი იმისგან, რაც “ოლექსანდრიაში” ვოლოდიმირ შარანთან გაიარეთ?
- ჯერ შედარება ძნელია, რადგან იალტაში ძირითადად დავრბივართ. ბურთით ვარჯიში ცოტა ხნის წინათ დავიწყეთ.
- “ილიჩივეცში” რომელ პოზიციაზე აპირებენ თქვენს გამოყენებას?
- ვფიქრობ, მწვრთნელი ამ საკითხს შეკრებისა და ამხანაგური მატჩების ჩატარების შემდეგ გადაწყვეტს.
- თავად სად უფრო მოგწონთ თამაში?
- მე უფრო ფლანგებზე მომწონს თამაში – მარჯვნივ ან მარცხნივ. ცენტრშიც შემიძლია.
- რა ნომრით ითამაშებთ “ილიჩივეცში”?
- 99-ით. საერთოდ “ათიანი” მომწონს, მაგრამ “ილიჩივეცში” ის დაკავებულია.
- საწყენი არ იყო, რომ “შახტართან” კონტრაქტის გაფორმებიდან ფაქტობრივად მეორე დღეს “ილიჩივეცში” გაგანათხოვრეს?
- არავითარი წყენა არ მქონია. ეს საკითხი ჯერ კიდევ დონეცკელებთან კონტრაქტის გაფორმებამდე განვიხილეთ. მით უმეტეს, “შახტარის” პრეზიდენტ რინატ ახმეტოვს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში უკრაინის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “შახტარში” ვიქნები.
- ბრაზილიელებთან კონკურენცია არ გაშინებთ?
- არა, რა თქმა უნდა. პირიქით, მომწონს, როდესაც გუნდში მაღალი კონკურენციაა.
- ვიდრე “შახტართან” კონტრაქტს გააფორმებდით, ბევრი ჭორი ვრცელდებოდა იმ გუნდების შესახებ, რომლებიც თქვენზე “ნადირობდნენ”. დონეცკელთა შეთავაზება რომ არა, სად შეიძლებოდა აღმოჩენილიყავით?
- ვიდრე “შახტარიდან” დამირეკავდნენ, მოსკოვის “დინამოს” ერთ-ერთ ხელმძღვანელს შევხვდი. ვისაუბრეთ, მაგრამ კონკრეტული წინადადება სწორედ “შახტარიდან” მივიღე.
- “ოლექსანდრიას” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ბურიაკმა განაცხადა, რომ თქვენი კანდიდატურა კიევის “დინამოს” შესთავაზა. კიეველები არ დაგკავშირებიან?
- ეს საუბარი მეც გავიგე, მაგრამ მხოლოდ ჭორის დონეზე.
- როდესაც “ოლექსანდრიას” ტოვებდით, ახალი გუნდის შესახებ შარანთან კონსულტაცია გქონდათ?
- ამის შესაძლებლობა არ მქონია, რადგან როცა შვებულებაში გავდიოდი, არ ვიცოდი, “ოლექსანდრიაში” დავრჩებოდი, თუ კარიერას სხვაგან გავაგრძელებდი. ამ დღეებში შარანს ტელეფონით ვესაუბრე და “კარპატის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მივულოცე.
- მარიუპოლი შორს არ არის დონეცკისგან, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ გადასვლა მოგიწევთ. “ილიჩივეცში” თამაშის პერიოდში სად იცხოვრებთ?
- ცალსახაა, რომ ჯერჯერობით მარიუპოლში. ახლა ჩემი ფიქრი მხოლოდ “ილიჩივეცს” უკავშირდება.

 

P.S. სამშაბათს თარგამაძემ "ილიჩივეცის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. "ვორსკლასთან" 0:1 წაგებულ სპარინგში მან მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა შეხვედრის პირველი ნახევარი გაატარა მინდორზე.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089344