დონეცკის “შახტარის” 22 წლის ქართველი ლეგიონერი დავით თარგამაძე, რომელიც მარიუპოლის “ილიჩივეცში” იჯარის წესით ასპარეზობს, უკრაინული “კომანდას” ჟურნალისტს თავისი საფეხბურთო კარიერის შესახებ ესაუბრა.
- კარიერა თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. აკადემიას ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ანთაძე ხელმძღვანელობდა. 15 წლის ასაკში (2004 წელს), თბილისის “დინამოს” ბავშვთა გუნდში ჩავირიცხე, იქედან 2 წლის შემდეგ კი, დუბლშემადგენლობაშიც მოვხვდი. პირველ გუნდში თამაში ვერ მოვასწარი, რადგან გერმანიიდან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. იმ ქვეყანაში კარგად იცნობენ ძმებ არველაძეებს, ალექსანდრე იაშვილს და სხვებს. ამ ფეხბურთელებმა ჩემი თამაში “დინამოში” ნახეს და “ფრაიბურგს” ჩემი სინჯებზე მიწვევა ურჩიეს. წასვლის არ შემშინებია. შეიძლება იმიტომაც, რომ კლუბში ქართველებს - ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს დიდ პატივს სცემდნენ. თავდაპირველად, იქაც დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩასვლიდან 2 წლის შემდეგ, სრულფასოვანი კონტრაქტი გავაფორმე და პირველ გუნდშიც გადავედი. იმ დროს, “ფრაიბურგი” მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. ქვედა ლიგაში 6 მატჩი ჩავატარე. კლუბმა პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაც მოახერხა – იქ 2 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ვატყობდი, რომ მწვრთნელს დიდად არ მოვწონდი. “ფრაიბურგმა” 2-წლიანი იჯარით შვეიცარიულ “არაუში” გადასვლა შემომთავაზა. ახალი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გარკვეული დრო გავატარე, მაგრამ კლუბები რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და გერმანიაში დაბრუნება მომიწია. მქონდა კარიერის “კარლსრუეში” გაგრძელების შესაძლებლობა, მაგრამ ეს ვარიანტიც ჩაიშალა. გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი. ამ დროს, ჩემმა უკრაინელმა აგენტმა “ოლექსანდრიაში” მისვლა შემომთავაზა. მაშინ, ეს გუნდი უკრიანის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, თამაში ძალიან მენატრებოდა და მათ შემოთავაზებას დავთანხმდი. რუსული ენის ცოდნა თანაგუნდელებთან დაახლოებაში დიდად დამეხმარა. მომწონდა ვლადიმირ შარანის ხელმძღვანელობით თამაშიც. საბედნიეროდ, სეზონის წარმატებით დასრულება შევძელით – “ოლექსანდრია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მე კი, 8 თუ 9 გოლით დავეხმარე გუნდს.
- პოლტავაში გამართულ პირველივე მატჩში, “ვორსკლას” ბრწყინვალე გოლი გაუტანეთ და მთელი უკრაინული საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრეთ. შემდგომში, “ოლექსანდრიას” წარუმატებლობასა თუ წარმატებას პრესა იმას უკავშირებდა, ითამაშა თუ არა თარგამაძემ. ამ დროის განმავლობაში, გქონდათ სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები?
- ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის პირველ ლიგაში ვთამაშობდი, “კარპატი” მიწვევდა. პრემიერლიგაში გადასვლასთან ერთად, ვარიანტებმაც მოიმატა. მიხარია, რომ საბოლოოდ, კონტრაქტი დონეცკის “შახტართან” გავაფორმე.
- არ გეწყინა, როდესაც “შახტარმა”, ფაქტობრივად, უნახავად გაგანათხოვრათ “ილიჩივეცში”?
- არა, რადგან ეს ვარიანტი კონტრაქტთან ერთად განიხილებოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დონეცკში უნდა დავბრუნებულიყავი. “შახტარში” ზაფხულისთვის მელიან. ახლა, მარიუპოლში ვარ და ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ამ გუნდს სეზონის წარმატებით დასრულებაში დავეხმარო. მნიშვნელოვანია, რომ “ილიჩივეცში” სამუშაო გარემო და ბრწყინვალე ბაზაა. თანაგუნდელები კარგად დამხვდნენ. კლუბის სპორტული დირექტორი ევგენი კანანი ადაპტაციის სწრაფად გავლაში მეხმარება.
- აღსანიშნავია, რომ ცოტა არ იყოს მოულოდნელად, ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა “შახტარმა” მიგიწვიათ...
- დიახ, ამას ნამდვილად არ ველოდი. “ილიჩივეცთან” ერთად ყირიმში, საშინელ ამინდში ვვარჯიშობდი. ამ დროს, “შახტარიდან” მოწვევა მოვიდა. ალბათ, მათ ჩემი ახლოდან ნახვა და საქმეში გასინჯვა სურდათ. გუნდი სწორედ ამ დროს იწყებდა ბურთთან ერთად აქტიურ ვარჯიშს. გარდა ამისა, გვქონდა ამხანაგური მატჩები. თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტი მალევე დავამყარე. მათაც თბილად მიმიღეს. დამეხმარა ის, რომ რუსულისა და ქართულის გარდა, ცოტ-ცოტა ინგლისური და გერმანულიც ვიცოდი. ბრაზილიელები, ისევე როგორც დანარჩენები, კარგად მეპყრობოდნენ. 2 მატჩი ჩავატარე და გუნდს გოლითაც დავეხმარე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ "შახტარის" დონე მაშინვე შევიგრძენი. გუნდის თავკაცმა ალექსანდრ სპირიდონმა ამიხსნა, რომ ამ ეტაპზე, “ილიჩივეცში” ყოფნა ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი. დამპირდა, რომ “შახტარი” ჩემს თამაშს ყურადღებით დააკვირდებოდა.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ









