საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, რომელსაც “ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის ასისტენტი დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც 12-22 ივლისს სლოვენია უმასპინძლებს.
აღნიშნულ ნაკრებში სასელექციო მუშაობა მიმდინარე წლის ზამთრის შემდეგ მიმდინარეობს. 20-წლამდელთა ნაკრებში 14 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც ჯერ ფიზიკურად ემზადებოდნენ, ხოლო 11 ივნისიდან ვარჯიშებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში აგრძელებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე საასპარეზოდ 12 კალათბურთელი გაემგზავრება.
20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის მზადების მიზნით 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ქართველი კალათბურთელები თბილისში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს 26 და 27 ივნისს გაეჯიბრებიან, ხოლო 5 და 6 ივლისს ესტონეთში, ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდებიან.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში 16 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 4 ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდა. თითოეული ჯგუფიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას I-III ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ, C ჯგუფში მოხვდა, სადაც ქართველ კალათბურთელებთან ერთად ესპანელი, თურქი და ლატვიელი სპორტსმენები იასპარეზებენ.
მართალია, FIBA-ს ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ არის ვარაუდი, რომ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გუნდების რაოდენობა 16-დან 18-მდე გაიზარდოს. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, უსტიაშვილის შეგირდები A დივიზიონში ადგილს უბრძოლველად შეინარჩუნებენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში ჩაატარა.
უკანა ხაზი: რეზო როგავა (”სოხუმი”), გიორგი ტეტელაშვილი (სტუ), დუდა სანაძე (”დინამო”), მერაბ ბოქოლიშვილი (“შსს აკადემია”), ოთარ ფხაკაძე (“ლიბერთი-ქრისტეან”).
ფორვარდები: საბა ლობჟანიძე (სტუ), ნოდარ თენიეშვილი (“შსს აკადემია”), კახა ჭინჭარაძე (თსსუ), ლევან ელიაძე (”ბათუმი”-რსუ), ზურა მაჩალაძე (სტუ), ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი, ესპანეთი).
ცენტრები: გოგა ჯავახიშვილი (სტუ), ირაკლი ალხანაიძე (“დინამო”), ავთო ლომინაშვილი, (“ქუთაისი-2010”)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” დავით უსტიაშვილს ესაუბრა:
- 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნფინალური ტურნირისთვის სრული შერმადგენლობით ემზადებით?
- ჩემ მიერ გამოძახებული კალათბურთელებიდან, ცენტრალური თავდამსხმელი ლევან რევაზაშვილმა ("შსს აკადემია"), აკნაკრებში თამაში არ ისურვა. აშშ-ს ერთ-ერთი კოლეჯის გუნდის წევრს, პერიმეტრის მოთამაშე კოღუაშვილს წელის ტრავმა აქვს და ნაკრებში მოხვედრის შანსი დაკარგა. ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა ფხაკაძე. თბილისშია ბურჯანაძე, რომელიც დღეს საღამოს ვარჯიშზე შემოგვიერთდება.
- შარშანდელი შემადგენლობიდან თუ დარჩა ვინმე გუნდში?
- ძველი შემადგენლობიდან, რომელმაც “A” დივიზიონში ასპარეზიბის უფლება მოგვაპოვებინა, სამი კალათბურთელი: სანაძე, ბოქოლიშვილი და თენიეშვილი თამაშობენ. დანარჩენები გუნდში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ.
- როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის პირველ სამეულში მოხვედრას და ჯგუფიდან გასვლის შანსს?
- ესპანეთი “C” ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერია, დანარჩენ გუნდებს II-III ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.
- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
- ფარზე ბურთისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ტანმაღალი კალათბურთელების სიმცირეს განვიცდით.
- 20-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების პარალელურად თქვენ საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ის მთავარ მწვრთნელად მუშაობდით, მომავალშიც ამ თანამდებობაზე იმუშავებთ?
- საქართველოს XXII ეროვნულ ჩემპიონატშიც ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელად ვიმუშავებ.
- ქუთათურთა გუნდში ცვლილებები თუ იგეგმება?
- მაქსიმალურად ვეცდები გუნდის ძირითადი შემადგენლობა შევინარჩუნო.
- ეროვნული ნაკრების ახალი, ნატურალიზებული კალათბურთელების შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
- ამ კითხვით სჯობს საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციას მიმართოთ.
როლანდ ლაბუჩიძე









