საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხახალეიშვილი ქართულ ძიუდოში აგორებულ ბოლო სკანდალს ოფიციალური გამოეხმაურა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც 26 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მომხდარის შესაფასებლად“მსოფლიო სპორტს” შემდეგი წერილი მიაწოდა.
პატივცემულო მკითხველო, მსურს გამოვეხმაურო ძიუდოს აკადემიის ცენტრალურ დარბაზში 9 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს. ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებისას, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის ვარჯიშის დროს დარბაზში არასპორტულ ფორმაში შევიდა 2 სპორტსმენი და ერთი უცხო პირი, რომლებიც პროვოკაციის მიზნით დაუპირისპირდნენ გუნდის მწვრთნელებს, საბედნიეროდ ვარჯიში არ ჩაშლილა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ფაქტი არის ძიუდოს ფედერაციაში ბოლო წლებში განვითარებული უმახინჯესი მოვლენების უკანასკნელი რეციდივი. ქართველი ხალხი ყველანაირად იმსახურებს იამაყოს იმ დიდებული ფენომენით, რასაც ქართული ძიუდო ჰქვია. ქართული ძიუდოს ოჯახიდან უნდა გადიოდეს ამბები სამართლიანობის, ვაჟკაცობის, დარბაისლობისა და დიდსულოვნების. ქართული ძიუდო სიხარულის მომტანი უნდა იყოს ჩვენი ერისათვის!
უღრმესი პატივისცემით დავით ხახალეიშვილი.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი







