ჭიდაობა

10:26 | 25.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხუციშვილმა მსოფლიოზეც გაიბრწყინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყო. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს – 24 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ და ნუგზარ სხირელის გუნდის 4 წევრიდან 3 კვარცხლბეკზე ავიდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დავით ხუციშვილმა (74 კგ) მსოფლიოს პირველობაც წაუგებლად ჩაამთავრა. საჩემპიონო გზაზე ხუციშვილმა კოსტარიკელი ჰერიბერტო სანდი კასტილიო, ჩინელი ლეი ვანგი, ირანელი რიზა აფზალიპაემამი, რუსი არსენ შალაევი და თურქი სონერ დემირტაში ჩამოიცილა.
ლაშა ტალახაძე (50 კგ) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ამერიკელი ნიკ რობერტსის ძლევით უმალ მეოთხედფინალში გავიდა. იქ მონღოლ ტუგს ბატიარგალს აჯობა. ნახევარფინალში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მოლდოველი ანატოლი ბურუიანი დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მსუბუქწონოსანი რუს ზიკრულა დადაევთან ვეღარას გახდა და ერთი თვის წინ მოპოვებულ ევროპულ ბრინჯაოს მსოფლიოს ვერცხლი მიამატა.
თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებული ევროპირველობიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, ბუდაპეშტში კი მესამე საპრიზოზე გავიდა. ძირითად ბადეში კანადელ სკოტ ენტონი ჯოზეფ შილერთან და უკრაინელ სტანისლავ რეუცკისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში, მომავალმა ჩემპიონმა, რუსმა გაჯი აბდულაევმა შეაჩერა. რეპეშაჟში გადართულმა კი ჯერ მონღოლ ხას-ერდენე ბიამბადორჟს აჯობა, შემდეგ კი ჩინელი კატაი იერლანბიკი დაჩაგრა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კვარცხლბეკს მიღმა მხოლოდ 96 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ხიდეშელი დარჩა, რომელიც ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეორე წრეში გამოეთიშა. ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალში ვერც მისმა მომგებმა – ირანელმა არფან მორადალი ამირმა გააღწია, ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ. შეგახსენებთ, ევროპირველობაზე საკანდელიძე ჩემპიონი გახდა, ხოლო ხინჩეგაშვილმა ვერცხლი ირგუნა.
 

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუდაპეშტი. 24 ივლისი
50 კგ

1 ზიკრულა დადაევი (რუსეთი)
2 ლაშა ტალახაძე (საქართველო)
3 ანატოლი ბურუიანი (მოლდოვა)
3 ნიჯატ მურადოვი (აზერბაიჯანი)
60 კგ
1 გაჯი აბდულაევი (რუსეთი)
2 უმიდ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო)
3 იასუჰირო სუძუკი (იაპონია)
74 კგ
1 დავით ხუციშვილი (საქართველო)
2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
3 არსენ შალაევი (რუსეთი)
3 იბრაჰიმ იუსიფოვი (აზერბაიჯანი)
96 კგ
1 შამილ ახმედოვი (რუსეთი)
2 ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი)
3 ფათიჰ იასარლი (თურქეთი)
3 არფან მორადალი ამირი (ირანი)
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095