სტატიები

17:57 | 14.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დებულება, დებულება: “ზესტაფონი” თავს ლიდერად მიიჩნევს

უნიკალური ამბავი, რომელსაც, შესაძლოა, ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვეს: უმაღლესი ლიგა სრულდება, ორი ტური დარჩა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე “მეტალურგი” უწერია, ხოლო “ზესტაფონის” საიტს – “ზესტაფონი”.
როგორც იცით, გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ (49-49) და ამ შემთხვევაში, პრიორიტეტი მოგებების მეტი რაოდენობაა. “ზესტაფონს” ამაზე სადავო არაფერი აქვს, მაგრამ აი, ვნახოთ დებულება (ფოტოზე) და მისი პუნქტები:  

4.4. უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით;

4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;


“ზესტაფონი” მიიჩნევს, რომ დებულებით სწორედ ისინი არიან ლიდერები. აქ წერია სიტყვა “ჩემპიონატში” და არსად არაა ნახსენები, რომ უშუალოდ 8 გუნდს შორის მოგებათა მეტი რაოდენობაა გადამწყვეტი.

დავაკონკრეტოთ: ჩემპიონატი გასულ ზაფხულს დაიწყო და “ზესტაფონს” 22 მოგება აქვს, ხოლო “მეტალურგს” - 17. უშუალოდ 8 გუნდს შორის კი “მეტალურგს” აქვს მეტი გამარჯვება (15-13).
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი პუნქტი:

4.4.6. ფეარ-პლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-პლეი პრინციპების შეფასების გათვალისწინებით);

აქაც აღნიშნულია “ყველა მატჩზე” და არსად არაა ნახსენები 8 გუნდს შორის თამაშების გათვალისწინებით.
“მსოფლიო სპორტი” სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროს ნოდარ კაკულიას დაუკავშირდა:
    
- ამჟამად “მეტალურგია” ლიდერი, რადგან მათ მოგებათა მეტი რაოდენობა აქვთ.
- ეს გასაგებია, მაგრამ “ზესტაფონის” საიტს ლიდერად “ზესტაფონი” უწერია: ისინი მიიჩნევენ, რომ ჩემპიონატში მეტი მოგებაა განმსაზღვრელი და დებულებაშიც ასე წერია.
- მაშინ, რისთვის გავიდა ის 8 გუნდი ცალკე? ცხრილში ითვლება სწორედ იმ 7 მეტოქე გუნდთან ნათამაშები მატჩები და მოგებების რაოდენობაც. ცხრილი როგორც გამოიყურება, 26 ტურია ჩატარებული და “მეტალურგს” მეტი მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ თუ ჩემპიონატში მეტი მოგებაა განმსაზღვრელი (როგორც “ზესტაფონის” საიტზე წერია), მაშინ “დინამოც” გორის “დილაზე” წინ უნდა იყოს (16-13), თუმცა ასე არაა. უშუალოდ 8 გუნდს შორის დაგროვილი მოგებებით კი, “დილა” უსწრებს დინამოელებს (10:9) და ფედერაციის საიტის ცხრილშიც სწორედ გორელები არიან წინ.  
მოკლედ, დებულებაში სიტყვა “ჩემპიონატში” და “ყველა მატჩზე” შავით თეთრზეა დაწერილი.  

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098596