ძიუდო

17:36 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დებულება სპორტსმენთა და მწვრთნელთა ურთიერთობის შესახებ

ამ დღეებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა სპორტსმენთა და მწვრთნელთა ურთიერთობის შესახებ დებულება შეიმუშავეს, რითაც სამომავლოდ აქამდე პრობლემატური ბევრი საკითხის გაცილებით იოლად გადაჭრა იქნება შესაძლებელი.

ქართულ სპორტში პირადი მწვრთნელის საკითხი რომ მართლაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, არაერთგზის გვსმენია. ბევრი დაპირისპირებაც გვინახავს ამიერიდან კი, საკამათო დეტალები მინიმუმამდე შემცირდება.

ახალი დებულების თანახმად, სპორტსმენის მიერ  პირადი მწვრთნელის შეცვლა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, რა დროსაც ფედერაცია იმჟამინდელ და მომავალ მწვრთნელებთან ერთად განიხილავს ყველა დეტალს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფედერაციის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა ჩაითვლება ბათილად და დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება პირველი მწვრთნელის სასარგებლოდ. ამავე დროს სპორტსმენებს ეკრძალებათ პირად მწვრთნელად ჰყავდეთ ისეთი პიროვნება, რომელიც არ მოღვაწეობს ამ კუთხით, რაც უნდა გამოიხატებოდეს სისტემატური საწვრთნელი პროცესის წარმართვაში.

ამავე დებულებით, ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს პირადი მოსწავლის აყვანა ეკრძალებათ. ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელებს დაევალათ, ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ იმ სპორტსმენთა სია, რომელთა პირად მწვრთნელებადაც ითვლებიან და გამონაკლისის სახით ახალი დებულება მათზე არ გავრცელდება. შეზღუდვა უწესდებათ აგრეთვე მთავარი მწვრთნელების თანაშემწეებსაც, გარდა იმ კონკრეტული სპეციალისტებისა, რომლებსაც უკვე აქვთ დამოუკიდებლად გახსნილი სპორტული სექცია და მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, ნაკრების სამწვრთნელო პროცესისგან თავისუფალ დროს ატარებენ ვარჯიშებს.

ხშირად ყოფილა, ცნობილ სპორტსმენებს (მათ შორის ძიუდოისტებსაც) პირად მწვრთნელად სხვადასხვა გამოცემებისთვის სხვადასხვა სპეციალისტი დაუსახელებიათ. გაურკვევლობებსა თუ რიგით ცვლილებებზე გაცილებით უხერხულ მომენტებს კი თავად სპორტსმენები მაშინ აწყდებოდნენ, როდესაც საქმე მათი წარმატების გამო პირადი მწვრთნელისთვის პრემიალური თანხის ჩარიცხვაზე მიდგებოდა. პერსპექტიული სპორტსმენების მიტაცების შესახებაც გავრცელებულა ხმები და ამ დარღვევის უკანაც ფინანსური დაინტერესება იდგა - მატერიალური სარგებლის წინასწარ გათვლა. კულუარებში ნაკრების მწვრთნელების უსამართლო პრივილეგიებზეც ალაპარაკებულან, აქაოდა ნიჭიერ სპორტსმენს გუნდში აყვანის სანაცვლოდ პირად მწვრთნელად თავისი ჩაწერა მოსთხოვესო. მართალია, ამ და მთელ რიგ დარღვევებზე ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს, მაგრამ ფაქტია, საკითხი მოსაგვარებელია და კარგი იქნება, ძიუდოს ფედერაციისგან მაგალითს სხვა ფედერაციებიც თუ აიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097221