“ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ ადამიანმა ცუდი ღვინო დალიოს” - სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, რატომღაც ეს სიტყვები გამახსენდა. ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ცხოვრება ბევრად უფრო ხანმოკლედ მოეჩვენებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მომდევნო ჩემპიონატამდე არსებულ 4-წლიან ციკლს ისევ და ისევ მომავალი ჩემპიონატის ხილვის სურვილი და ამ სურვილის თანმხლები, სიამოვნებისაგან ხელების ფშვნეტა რომ არ ავსებდეს.
კენჭისყრიდან აგერ უკვე ერთი კვირა გავიდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ეროვნულ თუ საერთაშორისო საკლუბო პირველობებში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა, მაგრამ ყველას პირზე მაინც ზაფხულში გასამართი მუნდიალი აკერია და “ბაიერნის” მიერ “მიონხენგლადბახის” ძლევა რა ბედენაა, იმასთან შედარებით, რასაც გულშემატკივრები ზაფხულში ელიან.
შვილები დედების წინააღმდეგ! არ იფიქროთ, რომ ამ ფრაზის დაწერისაკენ ფროიდისტულმა შეხედულებებმა მიბიძგა. თუკი მსოფლიოს ჩემპიონატის 8 ჯგუფში განაწილებულ გუნდებს, ანუ ქვეყნებს დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ აფრიკის მუნდიალი ისტორიული იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ოთხი “დედათა და შვილთა” ბრძოლა, ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გაიმართება - პორტუგალია-ბრაზილია, ესპანეთი-ჩილე, ესპანეთი-ჰონდურასი, ინგლისი-აშშ. მთლიანობაში ამ დაპირისპირებებიდან გრანდების ბრძოლად, ალბათ, მხოლოდ პორტუგალიისა და ბრაზილიის მატჩი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ აქ მთავარი მოწინააღმდეგეთა სიძლიერე როდია.
მაშინ, როდესაც სამხედრო გემებიდან ამერიკის კონტინენტზე გადასული ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორები და ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალები, დღევანდელი შეერთებული შტატების, ჰონდურასის, ბრაზილიისა და ჩილეს ტერიტორიებზე ახალი სასიცოცხლო მიწების მოპოვების მიზნით დააბოტებდნენ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღესაც, მათ მიერ დაარსებული კოლონიები ქვეყნებად იქცეოდა და მერე, მაისურებითა და შორტებით შემოსილი მათი შთამომავლები, შორეული აფრიკის კონტინენტზე, გადაჭედილი ტრიბუნების წინ, ძველი სამშობლოს წინააღმდეგ ბურთს გააგორებდნენ და გამარჯვებისათვის თავსაც კი დადებდნენ.
ახლა შეერთებული შტატების რომელიმე ფეხბურთელს ინგლისის იმპერიის მხრიდან ამერიკისათვის გაწეული “დედობა” რომ გაახსენო, ალბათ, სიცილად არც ეყოფა. ანდა, მიდი და, იოჰანესბურგის სტადიონზე მოსაგებად შემართული ბრაზილიელი, პორტუგალიის - მისი სამშობლოს სავარაუდო წინაპრის - წინააღმდეგ თამაშის გამო დაამუნათე... ამ ბრაზილიელს თუკი რიოში ან ბელუ ორიზონტიში რაიმე უწმაწური სიტყვა გაუგია, ალბათ, ყველაფერს ერთად გიწოდებს. მაგრამ მე მაინც ღრმად მჯერა, რომ “დედაშვილობის” განცდა ამ ქვეყნებს შორის მართლაც არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ “შვილები” უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ქვეყნები არიან, რამდენიც არ უნდა ეცადნონ უარყოფას, ფაქტია, რომ მათი ეთნიკური, თუნდაც ლინგვისტური ფესვები, მაინც “დედასამშობლოს” უკავშირდება.
ვიცი, ძალიან შორს წამიყვანს იმაზე საუბარი, თუ რას გრძნობდნენ და დღესაც რას განიცდიან ლათინოამერიკელი თუ ჩრდილოამერიკელი პოეტები, მწერლები, მხატვრები თუ მუსიკოსები მათი პირველადი სამშობლოს მიმართ. როგორ გაურბიან ეს ადამიანები ძველ, კოლონიურ გავლენებს, მაგრამ მაინც როგორ ვერ აღწევენ თავს. ბოლოს კი ბევრი მიდის აღიარებამდე, რომ ფესვების ასე ხელაღებით გადაჭრა, მთლიანობაში მაინც შეუძლებელია. ამიტომ, არც ფეხბურთია გამონაკლისი. ერთი წლის წინათ (2008 წლის 19 ნოემბერს), როდესაც ბრაზილიამ, მუდამჟამს ძლიერი და ამბიციური პორტუგალიის ნაკრები, თავის კრიშტიანუთი, გამანადგურებელი და სამარცხვინო ანგარიშით – 6:2 დაამარცხა, ყველას გასაკვირად, რიოსა და სან პაულუს ქუჩებში დიდი ზეიმი და ტაშ-ფანდურა სულაც არ გამართულა და ბრაზილიელთა ზეიმი, მხოლოდ სტადიონით შემოიფარგლა. არადა, პორტუგალია ხომ ევროპის გრანდია?! და განა ასე მოიქცეოდნენ ბრაზილიელები, პორტუგალიის ნაცვლად, ვთქვათ გერმანია, ინგლისი, ან თუნდაც რუსეთის ნაკრების რომ დაემარცხებინათ?
სულ მალე გაირბენს ეს 6 თვე, ცოტა ხნით მაინც შეგვეძლება დავივიწყოთ მოკრძალებული პრობლემები და ყველანი სამხრეთ აფრიკის “ალმასების სანაპიროს” ცხოვრებით ვიცხოვრებთ. იოჰანესბურგისა და კეიპტაუნის მსგავსად, თბილისშიც იქნება სხვადასხვაფერი დროშების ფრიალი და გადი-გამოდი. ცოტა ხნით მაინც ვიგულებთ თავს მსოფლიოს სისხლხორცეულ ნაწილად და ყველა ერთად ვნახავთ, ესპანურ, ინგლისურ და პორტუგალიურ საფეხბურთო “დედაშვილობას”.
ლევან სეფისკვერაძე









