ინტერვიუები

15:34 | 19.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: საქართველოს დარ გუნდებთან მოგება ძალიან გაჭირდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ამ საუბრის პირველი ნაწილი გუშინ შემოგთავაზეთ. მეორეს კი დღეს გთავაზობთ.
- ვისენტე, ბოლო დროს თქვენ უამრავი ტიტული მოიპოვეთ. ამ ხნის განმავლობაში რაიმე თუ გაეჭვებდათ ხოლმე?
- რა თქმა უნდა. ფეხბურთში გამარჯვების შემთხვევაშიც კი გეეჭვება რაღაცეები. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ფაქტობრივად, ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ვითამაშეთ. გადავწყვიტეთ ისეთი ფეხბურთელი გამოგვეყენებინა, რომლესაც მომენტის შექმნაც შეუძლია და მისი რეალიზებაც. ეს ადვილი არ გახლდათ. მგონი, ცხოვრებაში ყველაფერში დარწმუნებული ვერ იქნები.
- ამდენი გამარჯვებების შემდეგ კრიტიკას როგორ აღიქვამთ? მაგალითად, ევრო 2012-ზე ბევრი გაკრიტიკებდათ სწორედ უთავდამსხმელო ტაქტიკის გამო.
- კრიტიკას ყოველთვის ვუსმენ და ვაფასებ. არ შეიძლება ერთი ყურიდან მეორეში გაუშვვა ის, რასაც ადამიანები გეუბნებიან. ზოგჯერ ისინი მართლებიც არიან. ახლა ჩვენ უპირატესობა გვაქვს, რადგან ვიცით როგორ დამთავრდა ევროზე ყველაფერი. მაგალითად, ჯგუფის პირველ მატჩში იტალიასთან (1:1) ასეთი გადაწყვეტილება მეტოქე ანდრეა პირლოს გამო მივიღეთ. შესაძლოა, იმ დღეს ყველაფერი კარგად არ გამოგვივიდა, მაგრამ ტურნირი გრძელდებოდა და ჩვენც სულ უფრო უკეთ ვთამაშობდით. როცა ფინალში იმავე იტალიას (4:0) მოვუგეთ, ფაქტობრივად, იგივე შემადგენლობა გვყავდა.
- ერთხელ თქვენ განაცხადეთ, რომ სანაკრებო გამოცდილების შემდეგ საკლუბო საქმიანობას აღარ დაუბრუნდებოდით. ახლაც ასე ფიქრობთ?
- ეს ასაკის მიზეზით ვთქვი. ახლა 61 წლის ვარ და ნაკრებთან წელიწადზე ცოტა მეტი დამრჩა სამუშაოდ. ამის შემდეგ კლუბში მუშაობა ძალიან რთული იქნება. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია 70 წლის (იცინის) ისევ ვმწვრთნელობდე.
- რითი განსხვავდება სანაკრებო და საკლუბო მწვრთნელი ერთმანეთისაგან? ეს სხვადასხვა პროფესიებია?
- წლეულს 16 მატჩი ჩავატარეთ. მაშინ, როცა კლუბებმა 50-ზე მეტი ითამაშეს. ამით ყველაფერი ნათქვამია. კლუბში მწვრთნელს ფეხბურთელებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს თანდათანობით გააუმჯობესოს გარკვეული ხარვეზები. სანაკრებო დონეზე კი ამდენი დრო არ გაქვს. კლუბში მეტი კონფლიქტებია, ვიდრე ნაკრებში. შესაძლოა, ვიღაც არ ათამაშოთ და ნაწყენი დაგრჩეთ, მეორე ზომაზე მეტად ანერვიულდება და წყობიდან გამოვა, მაგრამ ნაკრებში ეს ყოველდღიური სიძნელეები არ არის. აი, ეს არის დიდი განსხვავება.
- რას ეუბნებით პირველად ახალგაზრდას, რომელიც ესპანეთის მაგვარ წარმატებულ ნაკრებში თამაშს იწებს?
- ვეუბნები, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. რომ მას ყველა დაეხმარება და პრობლემები არ ექნება. თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ვიცი, რომ ძველები ისე მიიღებენ ახალს, თითქოს დიდი ხანია იქ თამაშობდეს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს.
- საინტერესოა, როგორ ახერხებენ, მაგალითად ხორდი ალბას მსგავსი ახალგაზრდები ასე მალე გუნდთან შეთვისებას?
- ზოგი მოთამაშე მართლაც მალე ეჩვევა ახალ გარემოს, რადგან კარგად იცის თავისი დანიშნულება. ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ჭაბუკმა ფეხბურთელმა გააკეთოს. უფროსების მიმართ პატივისცემით გამსჭვალული ახალგაზრდა მალე თვითონაც დაფასებული ხდება. ჩვენ ვენდეთ ალბას და მანაც ფანტასტიკურად გვიპასუხა.
- მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი ჯგუფებიდან თქვენი ყველაზე მცირერიცხოვანია. თქვენთანაა საფრანგეთის ნაკრებიც. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მუნდიალი მოქმედი გამარჯვებულის გარეშე?
- ჯგუფში ორი შეხვედრა მოვიგეთ და ერთიც ფრედ დავამთავრეთ, მაგრამ ჯერ კიდევ 5 მატჩია სათამაშო. ფრანგებთან სტუმრად გვიწევს შეხვედრა, თუმცა სხვა გუნდებიც არიან, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერს დააკარგვინონ ქულები, .მაგალითად საქართველო, რომელმაც ძალიან გვანერვიულა და სულ ბოლოსკენღა გავუტანეთ.
- მსგავს გუნდებთან თამაში გაჭირდა?
- რა თქმა უნდა. ძალიან გაძნელდა, რადგან ყველა მოწინააღმდეგემ უკვე კარგად შეგვისწავლა და ზუსტად იციან როგორ ვითამაშებთ. მაგრამ, მთავარია, რომ გვჯერა რასაც ვაკეთებთ და ჩემს ფეხბურთელებს ნებისმიერი რთული დაცვის გასარღვევად მოთმინებაც ჰყოფნით, აუცილებელი არ არის თამაშის პიველ 10 წუთში მოგება გვსურდეს.

 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176922