რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი დევიდ ბლატი საკალათბურთო სამყაროში დაფასებული ადამიანია. მისი კომპეტენტურობა კიდევ ერთხელ საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში დამტკიცდა, როდესაც რუსებმა ქართველების ტაქტიკას ალღო მალევე აუღეს და “ჯვაროსნებს” თავს საკუთარი ტაქტიკა მოახვიეს. აკი, ბლატმა მატჩის შემდეგ თავადვე განაცხადა, დასახული გეგმა თითქმის ბოლომდე შევასრულეთ და გამარჯვებაც ამან მოგვიტანაო. რუსების დამრიგებელმა თამაშის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე განვლილ მატჩზე მცირე კომენტარი კი გააკეთა, თუმცა, მოგვიანებით განცალკევებულად მოვიხელთეთ და ჩვენთვის საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ.
- საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა და ფავორიტებს შორის ნამდვილად არ მოიაზრებოდა. თუ ელოდით, რომ ქართველებისგან ასეთ დიდ წინააღმდეგობას შეხვდებოდით?
- მართალი გითხრათ, ჩემთვის ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თუ დამიჯერებთ, ტურნირის წინ, შიდა წრეში სწორედ იმაზე ვსაუბრობდით, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი სწორედ საქართველოს ნაკრებთან მატჩი იქნებოდა. ორი მოგებით შემდეგი რაუნდისკენ დიდ ნაბიჯს ვდგამდით და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
- საქართველოს ნაკრების თამაში, ალბათ, შესწავლილი გექნებოდათ. ძირითადი აქცენტი რაზე გქონდათ გაკეთებული?
- დასამალი არაფერია. მთელი ჩვენი ტაქტიკა ზაზა ფაჩულიასა და ვიქტორ სანიკიძის შეჩერებაზე იყო გათვლილი. ქართველთა განვლილი შეხვედრების შემხედვარე ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ამ კალათბურთელებისგან ველოდით. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ჩვენი მისია შევასრულეთ კიდეც, რადგან გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
- ფაჩულიაზე ცალკე მინდა გკითხოთ. ჩვენი აზრით, მის მეურვეობას თავი მართლაც კარგად გაართვით...
- სტატისტიკიდან გამომდინარე მართლაც ასეა, თუმცა, ამ შეხვედრის მიუხედავად, ზაზასადმი ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. პირდაპირ შეგიძლია დაწეროთ, რომ ფაჩულიას ფანი ვარ. ზაზა დიდებული კალათბურთელი ხომ არის და ჩინებული პიროვნებაცაა. მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და სამომავლოდაც წარმატებას ვუსურვებ.
- ზემოთ ფაჩულიასა და სანიკიძის განეიტრალებაზე ისაუბრეთ, თამაშის დროს კი ყველაზე მეტად მანუჩარ მარკოიშვილის იერიშებმა შეგაწუხათ. მასზე გათვლას არ აკეთებდით?
- მანუს შესაძლებლობები კარგად ვიცი და თამაშის ბომბარდირი რომ გახდა, ნამდვილად არ გამკვირვებია. უბრალოდ, ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე, მეტი ვეღარ მოვახერხეთ. თავად წარმოიდგინეთ, როდესაც გუნდს კონკრეტულად ორი კალათბურთელის წინააღმდეგ პერსონალურად სათამაშოდ ამზადებ, უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას სხვაზე გადაწყობა ძალიან ძნელია. მართალია, მარკოიშვილი ვერ გავაჩერეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ტაქტიკის შერჩევისას შევცდი. რომ წაგვეგო, სხვანაირად ვისაუბრებდი.
- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ორი მატჩი ჩაატარა. ჩვენი ნაკრების შესახებ თქვენეული აზრი საინტერესოა.
- არ იფიქროთ, იმიტომ გეუბნებით, რომ ქართველ ჟურნალისტს ვესაუბრები. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ვილნიუსში ერთმანეთს კიდევ შევხვდებით (მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები ვილნიუსში შედგება – რედ.). განსაკუთრებით, თქვენების გუნდური თამაში მომეწონა და კოკოშკოვს ვუთხარი კიდეც. განვლილი თამაშებიდან გამომდინარე, ქართველებს შემდეგ რაუნდში გასვლის დიდი შანსი გაქვთ. ბევრი რამ საქართველო-ბულგარეთის მატჩში გაირკვევა. ამ შეხვედრაში მოგებული ვილნიუსისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
- რუსეთის ნაკრებზეც ვთქვათ. უკვე ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე, ევრობასკეტზე ასპარეზობას როგორ შეაფასებდით?
- მართალი გითხრათ, როგორც მწვრთნელისთვის, რუსეთის გუნდთან დაკავშირებით ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მინუსები და პლიუსები. ამდენად, რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ, კარგად ვიცი. სიტუაციის უკეთესობისკენ წასაყვანად დრო კიდევ გვაქვს და მომავალ დღეებს ამისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ. რაც შეეხება განვლილ მატჩებს. უფრო მეტად საქართველოსთან შეხვედრამ მასიამოვნა. ბიჭების ზედმეტად შექებას ყოველთვის ვერიდები, თუმცა, ამჯერად ვიტყვი. რუსეთის ნაკრებმა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში ბრწყინვალე თამაში აჩვენა. ბურთი ძალიან სწრაფი მოძრაობდა და შეტევისთვის კარგი პლაცდარმები იქმნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე გვდია და ლამის მოგებული თამაში წაგვაგებინა. თქვენებზე აღმატებით ხარისხში სწორედ ამიტომ ვსაუბრობდი.
- ერთგვარად ამ თემის გაგრძელებად მივიჩნიოთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების გაზრდას როგორ აფასებთ? იგივე საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, თავის შესარცხვენად აქ არავინაა ჩამოსული...
- ფიბა-ს გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები. ორგანიზაციის გადაწყვეტილება კალათბურთის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული და როგორ შეიძლება მისი წინააღმდეგი ვიყო?! მე ეს თამაში ძალიან მიყვარს და ყველა ნაბიჯს, რომელიც მის წინსვლას ხელს უწყობს, მივესალმები. მარტივი მაგალითია. ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა რომ არ გაეზარდათ, იგივე საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე არ იქნებოდა. დამიჯერეთ, საერთო საქმისთვის ეს დიდი უკუსვლა იქნებოდა.
- კიდევ ერთიც. საქართველოში ნატურალიზებული კალათბურთელების ეროვნულ ნაკრებში მიწვევას სხვადასხვაგვარად უყურებენ. აღნიშნულ საკითხზე თქვენი აზრი როგორია?
- ამაზე მკაფიო შეხედულება მაქვს. ზოგადად, უცხოელი მოთამაშის მიწვევის წინააღმდეგი არა ვარ, თუმცა, იმ კალათბურთელს, რომელსაც შიდა ჩემპიონატში არასოდეს უთამაშია, ნაკრებში არასოდეს მივიწვევ. როდესაც მოთამაშეს ეროვნულ გარემოსთან რაიმე შეხება არ აქვს, ძნელია მისი განწყობაც და ბოლომდე დახარჯვაც. იგივე რუსეთთან დაკავშირებით, ჯეი არ ჰოლდენი უნდა გავიხსენო. ის რუსეთში 9 წელი თამაშობდა და დიდი სარგებელიც მოგვიტანა, ამდენად, მისი ნატურალიზაცია ნამდვილად კარგად გვახსენდება.
დათო მანჯავიძე კლაიპედადან









