სამსუნში მიმდინარე ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ “დიდ პრიზზე” დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 6 ძიუდოისტი გავიდა და 5-მა საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი წინასწარ ეტაპზევე დაკარგა.
მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილი აგრძელებს. მან ორი მეტოქე ჩამოიშორა. უნგრელ ატილა უნგვარის უილეთოდ, გაფრთხილების ხარჯზე აჯობა, უკრაინელ სერგეი დრებოტს კი მეოთხე წუთზე ლამაზი იპონი შეუსრულა და მეოთხედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში არსენ მაჭარაშვილმაც იჭიდავა - სლოვენიელ იგორ პოტპარიჩს იუკოთი სძლია, ებრაელ საგი მუკთან კი იუკოთივე წააგო.
უმსუბუქეს წონაში კიმონოები პაატა მერებაშვილმა და გიორგი ბროლაშვილმა მოირგეს. ბროლაშვილი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან დამარცხდა. მერებაშვილმა პირველ წრეში უკრაინელი დენის ბილიჩენკო ჩამოიცილა, მაგრამ ებრაელ არტიომ არშანსკისთან ვეღარას გახდა.
შალვა ქარდავამაც (66 კგ) ებრაელ მოწინააღმდეგესთან წაგებით დაკარგა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი. თორნიკე თათარაშვილისა (66 კგ) და სომეხი არმენ ნაზარიანის შეხვედრაში კი გადამწყვეტი ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებული იუკო აღმოჩნდა.







