შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი მუდმივად ხვდება სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად დადგენილ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ოცეულში. მსოფლიოში გავლენიანობა ზოგისათვის ბევრი ფულით, იარაღით და ტრიბუნაზე ლაყაფით მოიპოვება, თუმცა ეს მთლად ასე რომ არაა, ლეო მესიმ კარგა ხანია დაამტკიცა. ცოტა ხნის წინ, არგენტინელი ზედიზედ მესამედ აღიარეს ჩვენი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად და “ოქროს ბურთიც” ზედიზედ მესამედ ჩაახუტეს. “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის მოძულეები, რასაკვირველია, ყოველთვის გამონახავენ ”არგუმენტებს” ლეოს შესაძლებლობის გასაბაიბურებლად, მაგრამ “ანტიმესური” ბოღმანარევი დისკუსები ხშირად ვერ ცდება “მესი დაბალია”, ”რას გავს ეგ უპატრონო”, ”ქალებში ვერ ერკვევა”, ”ცუდად იცვამს” და ასეთ არაფრისმომცემ თემებს. ამასწინათ მესის ერთ-ერთი მოძულისაგან ისიც კი გავიგე, რომ თურმე ლეო მესის მარადონამ რაღაც სტიმულატორი ნარკოტიკი ასწავლა, რომელიც დოპინგტესტზე არ ჩანს და სწორედ ამ ნარკოტიკის დამსახურებაა, რომ ლეო მესი მინდორზე ქარივით დაქრის და სასწაულებს სჩადის. ჯერ ერთი, მარადონას ასეთი ნარკოტიკი რომ სცოდნოდა, თავის დროზე თვითონ გადახუხავდა და რაკი ნარკოტესტებზე არ ჩანდა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს. და მეორეც - სტიმულატორმა ადამიანს მაქსიმუმ დამატებითი ენერგია და გამძლეობა მიანიჭოს, მაგრამ ვერანაირი წამალი ვერ მისცემს კაცს იმ უსაზღვრო ნიჭს, ტექნიკას, გონიერებას, საოცრად ზუსტ პასებს, რაც ლეო მესის ღმერთისგან ასე უხვად აქვს მომადლებული. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ სვეტში ვწერდი, რომ ნეიტრალური გულშემატკივრები ცოტა არ იყოს დაიღალნენ მესი-რონალდუს მოტრფიალეების მუდმივი დუელებით და იმედს ვიტოვებდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დროს, მესი-რონალდუს გარდა, სხვა ფეხბურთელებსაც მიექცეოდა ყურადღება. აზრი ამჯერადაც არ შემიცვლია და ვფიქრობ, რომ ჩვენს პლანეტაზე ამ ორი ვარსკვლავის გარდა, კიდევ სხვა ბევრი დიდი ფეხბურთელია, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულს.
თუმცა, ერთია, ჩვენ რა გვინდა და მეორეა ის რეალობა, რაც დღეს მსოფლიო ფეხბურთში არსებობს. ადამიანი ჭეშმარიტად უცნაური უნდა იყოს, რომ ლეო მესიზე თქვას, საუკეთესო არ არის და უპირველესი ფეხბურთელის წოდება არ დაუმსახურებიაო. ამის მთქმელთა დიდი ნაწილი ერთ-ერთ არგუმენტად ხშირად იმას იშველიებს, რომ ლეოს ნაკრები – არგენტინის ეროვნული გუნდი - ბოლო დროს ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს. მაგალითად, როგორც ”ფეხბურთის მეფედ” წოდებული პელე ამბობს, მესის საუკეთესოობა თუ უნდა, ჯერ ჩემსავით მსოფლიოს ჩემპიონატებზე უნდა დაამტკიცოს, რისი მაქნისიცააო. კარგი, გასაგებია, რომ პელეს ნამდვილად აქვს ამის თქმის უფლება, რადგან პელეა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების არაერთგზის ჩემპიონობისათვის მართლაც რომ ბევრი რამ გაუკეთებია. მაგრამ, საოცრებაა, როდესაც ამას კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრებიც ამბობენ. მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, ვისაც ძალიან მოსწონს კრიშტიანუ რონალდუს ფეხბურთი და მიმაჩნია, რომ მის მსგავს ვარსკვლევებზე დგას საფეხბურთო სამყარო. მაგრამ, რონალდუს ტრფიალს აქვს კი იმის უფლება, რომ ლეო მესი ნაკრებში წარუმატებლობის გამო გააკრიტიკოს?! საკუთრივ რონალდუმ მიაღწია რამეს პორტუგალიის ნაკრებში?! ლეო მესისა არ იყოს, რონალდუსაც მუდმივად შესანიშნავი პარტნიორები ჰყავს პორტუგალიის ეროვნულ გუნდში და არც ერთს და არც მეორეს ამ მხრივ საწუწუნოდ საქმე არ უნდა ჰქონდეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთი არსებობს და ისიც ოთხ წელიწადში ერთხელ თამაშდება (ოლიმპიადებზე, როგორც წესი, არგენტინის ნაკრები კარგად გამოდის ხოლმე, მაგრამ ოლიმპიადა სხვა დონის ტურნირია). ჩვენ უამრავი დიდი ფეხბურთელი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ ეღირსათ და პირიქით –შედარებით დაბალი კალიბრის მქონე მრავალი მოთამაშეც ვიცით, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბედნიერი დამთხვევებისა და შემთხვევების გამო დაისაკუთრეს.
ჯერჯერობით, მგონი, არავის აქვს ზუსტი და ეჭვმიუტანელი რეცეპტი იმისა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - მხოლოდ თანაგუნდელების ღვაწლით მოპოვებული ბევრი ტიტული, თუ კონკრეტული ფეხბურთელის მხრიდან ყველაფრის გაკეთება ამ ტიტულების მოსაპოვებლად. იმაზე კი, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ლეო მესის ”პელემდე” ნამდვილად კიდევ დარჩა გზა გასავლელი და სანამ მსოფლიოს ჩემპიონობას თუნდაც ერთხელ მაინც ვერ ეღირსება, ძველი თაობის უდიდეს, მაგრამ მინავლებულ და ბოღმაშეპარულ ვარსკვლავებს ყოველთვის ექნებათ ლეო მესის გაკრიტიკების მიზეზი.
ლევან სეფისკვერაძე









