წარმოიდგინეთ, რა დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ: ბოლო წუთებია, “ჩელსი” აგებს და კუთხურს აწვდის. ყველა მიუნხენელმა იცის, რომ ხუან მატა ამ ზამბარასავით კოტ დივუარელს ჩაუწოდებს. ყველამ იცის. აბა, სხვა ვის? და მაინც, ყველას ასწრებს, ჰაერში ფრინდება და თავით მძლავრად ურტყამს. გოლია - 1:1.
ყველას მასზე უჭირავს თვალი, მაგრამ ვერ აკავებენ. აღარ დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რას ნიშნავს ეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო წუთებზე, როცა სტუმრად თამაშობ, როცა ლიგის მეორე ფინალს აგებ.
დროგბამ იცოდა, რომ ამ თამაშის წაგება არ შეიძლებოდა. არა მხოლოდ იცოდა - სჯეროდა.
“წააგე ბევრი, რათა მოგება ისწავლო” – დიდიე დროგბა ყოველთვის კარგად (თუ საუკეთესოდ არა) თამაშობდა გადამწყვეტ მატჩებში, მაგრამ მისი გუნდი უმეტესად თავჩაღუნული გადიოდა მინდვრიდან. ჯერ მარტო ნაკრებში ორჯერ აქვს აფრიკის ერთა თასის ფინალი წაგებული, “მარსელსა” და “ჩელსიშიც” არაერთხელ გამწარებულა.
გეხსომებათ, “არისტოკრატებს” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა ემუქრებოდათ, ბოლო ტურში “ვალენსიას” ხვდებოდნენ და მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. არეული იყო “ჩელსი”, ბევრს არ სჯეროდა მათი, მაგრამ ბედად, სწორედ მატჩის წინა დღეებში მოიშუშა ტრავმა “ტიტომ” (გეტყვით, რატომ ჰქვია ეს მეტსახელი)Eდა თითქმის მარტომ მოიგო.
დროგბა კოტ დივუარის დედაქალაქ აბიჯანში დაიბადა და 5 წლის იყო, როცა პარიზში გადაიყვანეს საცხოვრებლად. იქ ბიძამისი, ყოფილი ფეხბურთელი - მიშელ გობა ცხოვრობდა. პატარა დიდიემ ძალიან მოიწყინა და 8 წლის ასაკში დედ-მამასთან დაბრუნდა, თუმცა, მათ სამსახური დაკარგეს და ისევ პარიზში გააგზავნეს.
“ტიტო” დედამ დაარქვა, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის - იოსიპ ბროს ტიტოს პატივსაცემად.
დიდიე 15 წლის (!) იყო, ფეხბურთზე რომ შევიდა. თავიდან მარჯვენა მცველად თამაშობდა. ის პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც აფრიკელები არ უყვარდათ და დროგბა იხსენებს, მოედნის კიდესთან ჩემზე უფროსი ბიჭები იდგნენ, რომლებსაც ხელში ჯაჭვები ეჭირათ და კარგად თამაშის შემთხვევაში, ცემით მემუქრებოდნენო.
რამდენჯერმე უჩხუბია კიდეც და 17 წლის რომ გახდა, ფეხბურთზე ცოტა ხანს გული აიყარა. დიდიე სწავლას მიჰყვა, თუმცა, სამ თვეში ისევ მინდვრისკენ გაიხედა და მოკრძალებულ ფრანგულ გუნდ “ლევალუაში” მიიწვიეს.
შემდეგ იყო “ლე მანი”, სადაც 4 წელიწადი გაატარა და თვალს ვერავის სჭრიდა. გოლები იშვიათად გაჰქონდა.
აი, რას ამბობს “ტიტო”: “მე და ალას (მეუღლე) შვილი შეგვეძინა, რომელსაც აიზეკი დავარქვით. შვილის დაბადება საკვანძო მომენტი იყო ჩემს კარიერაში, ამან პასუხისმგებლობა შემმატა. კარგად, გაცილებით კარგად უნდა მეთამაშა”.
2002 წელს დროგბა “ლე მანივით” მოკრძალებულმა “გენგამმა” აიყვანა. ზეთივით მოუხდა ახალ კლუბს, 45 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ერთ წელიწადში “მარსელმა” გადაიბირა, თუმცა, კოტ დივუარელს იმ დროსაც საშუალო დონის ფორვარდად თვლიდნენ.
პროვანსულ კლუბში სულ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ უეფას თასის ფინალში გაიყვანა გუნდი, სადაც მარსელელებმა “ვალენსიასთან” 0:2 წააგეს. სხვათA შორის, ეს სწორედ 19 მაისს მოხდა და ვინ იფიქრებდა, რომ 8 წლის შემდეგ, კოტ დივუარელი გაცილებით პრესტიჟულ თასს ასწევდა და თან, უმთავრესი ფიგურა იქნებოდა იმ გუნდში.
ჟოზე მოურინიუ – კაცი, რომელმაც დროგბას ტალანტი შეამჩნია და “ჩელსის” ბოსს - რომან აბრამოვიჩს მისი შეძენა მოსთხოვა. დროგბა სწორედ ლონდონში გახდა დროგბა, 26 წლის ასაკამდე ის ერთ ჩვეულებრივ თავდამსხმელად ითვლებოდა.
“ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მარსელიდან ლონდონში არ გადავიდოდი. ეს ბედი იყო. მიხაროდა, რომ რობენთან, მუტუსთან და მაკელელესთან ერთად უნდა მეთამაშა, მაგრამ გული მაინც საფრანგეთისკენ მომიწევდა”, – აი, ასეთი უცნაურია “ტიტო”.
ხოლო იმაზე საუბარი, რას მიაღწია “არისტოკრატებში”, როგორი სტატისტიკა ჰქონდა, რა დღეში ჰყავდა მეტოქის მცველები და მეკარეები, მგონი, ზედმეტია.
დროგბა ქველმოქმედებითაც ცნობილია. მან კარგად იცის, რა არის გაჭირვება. შარშან დააჯილდოვეს პრემიით (“ჰუმანურობა სპორტის მიღმა”), რადგან კოტ დივუარში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან შექმნა “დიდიე დროგბას ფონდი”, რომელიც აფრიკის მოსახლეობას მატერიალურად ეხმარება.
ასეთია დროგბა, რომელსაც არ სჯეროდა, ვარსკვლავებთან რომ უნდა ეთამაშა და ადრიან მუტუს თანაგუნდელობაც კი სასწაულად მიაჩნდა.
34 წლის კაცი ჩემპიონთა ლიგის სეზონის გმირი გახდა.
“ადამიანი-ზამბარა” კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ შესაძლოა, 26 წლის ასაკში გაბრწყინდე და პიკს 34 წლისამ მიაღწიო. წლები გავა, ჩემპიონთა ლიგას ბევრი ახალი ტრიუმფატორი ეყოლება, მაგრამ რაც კოტ დივუარელმა 2012 წლის 19 მაისს ჩაიდინა, არავის დაავიწყდება.
...88-ე წუთი, ყველა მიუნხენელს მასზე ეჭირა თვალი, ყველამ იცოდა რომ მისი თავისგან ელოდათ საფრთხე, მაგრამ მაინც გაიტანა. დიდია დროგბა!
ილია ნანობაშვილი









