გულშემატკივრის სვეტი

12:12 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო და ძაღლი

დიეგო მარადონას სკანდალებით გაძეძგილ ცხოვრებას კიდევ ერთი, მორიგი არაბანალური სკანდალი დაემატა. არგენტინის ეროვნული გუნდის არაშთამბეჭდავი თამაშის გამო გაბრაზებული ინჩადას ჯავრი დიეგოსავე ძაღლმა ამოიყარა, რომელმაც საკუთარ პატრონს შიგ სახეში მახვილი კბილები ჩაასო და ეს მრავლისმნახველი კაცი ისეთ ხმაზე ააბღავლა, 1986 წელს გაჩემპიონების დროსაც კი რომ არ უბღავლია... ხალხს სალაპარაკო კიდევ ერთხელ მიეცა, თორემ სხვა თვალით რომ შეხედო, დიდი ამბავი?! ვინ არ დავუკბენივართ საკუთარ თუ მეზობლის დიდსა თუ პატარა ძაღლებს. ვის არ გვიწყევლია თავბედი მთელი 6 თვის განმავლობაში ე.წ. შრატის გაკეთების შემდეგ... მაგრამ მარადონას ღაჟღაღა სახეზე ჩასობილი ძაღლის კბილები მაინც განსაკუთრებულად მოსჩანს და ანტიმარადონისტები, ალბათ, ნახევარ სიცოცხლესაც კი გაიღებენ, საკუთარი ოთხფეხა “მეგობრის” მიერ აღრიალებული მარადონას სანახავად.
ალბათ, გახსოვთ, ორიოდე წლის წინათ, ერთ-ერთი სასახელო გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ქომაგებსა და ჟურნალისტებს რომ მოუწოდა: “მე დღეიდან ჟოზე აღარ მქვია და ამიერიდან “განსაკუთრებულად” მომიხსენიეთო”. პორტუგალიელის ამპარტავნობა ინგლისელებს განსაკუთრებულად უწამლავდა ხასიათსა და ნერვებს, მაგრამ ჟოზე მართლაც საოცარი ვინმე გახლავთ და ხალხი მის ცხვირაწეულობას დღეს უკვე ნაკლებად აქცევს ყურადღებას. დიეგო მარადონა კი ბევრად სხვა ფენომენია. არგენტინის ეროვნული გუნდის მესაჭედ დანიშვნის შემდეგ, ჟოზეზე არანაკლებ ნარცისმა დიეგომ ვინ იცის რაოდენი ნერვების ფასად, მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი ვერზილა “მე”-ს მოთოკვა და მხოლოდ ერთელ გაექცა “ენის სადავეები”, როდესაც არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რის ვაი-ვაგლახით გაათრია (სიტყვა “გაათრია” ამ შემთხვევაში სრულიად შეესაბამება სამხრეთამერიკული ათეულიდან არგენტინის ნაკრების გასვლას) და ამ წარმატებამ იმხელა სიხარული და სიამაყე მოჰგვარა, რომ პირი მოაღო და მის მაკრიტიკებელ ჟურნალისტებს ისეთი მწარე-მწარეები უთხრა, ყურში რომ არ შეიშვება. ჰოდა, სწორედ მაშინ თქვა მარადანამ, რომ იგი არამხოლოდ ფეხბურთელი, როგორც მწვრთნელიც განსაკუთრებულია!
მინდა გამოგიტყდეთ, რომ ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჩაუქნევია ხელი მარადონას ფორმაციის არგენტინის ნაკრებზე და რომელსაც, მისდა გასაოცრად სჯერა, რომ დიეგოს ქარიზმამ შესაძლებელია მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინას უდიდესი სამსახური გაუწიოს.
სხვა ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების სკანდალები ერთმანეთს ტყუპი ძმებივით ჰგვანან და ძირითადად, მხოლოდ ცოლებთან ჩხუბებით, ლოთობითა და ქალების დაუფლების არაკანონიერი სურვილით შემოიფარგლებიან, ხოლო მარადონა რის მარადონაა, რომ ასეთი “ადვილად შესაცნობი” იყოს? ჰოდა, ერთხელაც მივიდა სახლში, ღმერთმა უწყის როგორ ხასიათზე და როგორი გუნებით. მივიდა და თავისმა ძაღლმა მისი პუტკუნა ლოყები ისეთი სიტკბოებით დაიგემოვნა, როგორიც აქამდე, ჯერ არც ერთ ძაღლს შეუგრძვნია.
დიეგოს ორი ქალიშვილი ჰყავს. ერთი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ აგუეროს ცოლია და მადრიდის აკაციის სუნით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს. მეორე შვილი მავან ლათინოამერიკელ გიტარისტთან თანამოსაყდრეობს და სამხრეთამერიკის გრძელ კონტინენტს გარშემო უვლის. დიეგოს ცოლია და, ქალების პარფიუმერიის მაღაზიების თუ რაღაცა ეგეთის, კაცებისათვის რომ მუდამ გაუგებარი დარჩება, ქსელის ხელმძღვანელია და სახლში, ალბათ, დიეგოზე გვიან ის ბრუნდება ხოლმე. ჰოდა, მსახური ბიჭის სიცქვიტე და მსწრაფლსაზრიანობა რომ არა, ის ავადსახსენებელი ძაღლი ჩვენს დიეგოს მარტო ლოყებს კი არა, მკლავზე მიხატული რევოლუციონერის ტატუსაც გამოაჭამდა და მკლავზე უჩეგევარო, ფეხზე კი უფიდელკასტროო მარადონა აბა რაღა მარადონაა? ლოყებზე რომ არაფერი ვთქვათ...
ბოლოს კი, ამ ცუდი და ძაღლის კბილების წკაპუნის ამბიდან გამომდინარე, ერთი კარგი ამბავიც უნდა გითხრათ. გარდუვალია, რომ არგენტინელი ექიმები ძაღლისაგან დაკბენილ დიეგოს “შრატად” წოდებულ დიდებულ სითხეს შეუშხაპუნებდნენ. ამ სითხის ცხოველმოქმედება კი ყველამ იცით, რომ 6 თვე და ხშირად მეტ ხანსაც გრძელდება. ჰოდა, ამ ხნის განმავლობაში, ნარკოტიკები, სასმელი და ეგეთი რამე-რუმეები სასტიკად იკრძალება, რადგან ერთი ამგვარი გალაღება შესაძლებელია კაცს სიცოცხლედ დაუჯდეს. ჰოდა, განა პატარა ამბავია, რომ ორიოდე თვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ჯანსაღ და თვალებდაუნისლავ დიეგოს ვიხილავთ. მართალია, მხოლოდ სამწვრთნელო სკამზე და არა მწვანე მინდორზე, მაგრამ მაინც ჯანსაღ დიეგოს. ჩვენ ხომ სწორედ ასეთ მარადონაზე ვოცნებობდით!

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100971