ინტერვიუები

10:20 | 26.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ფორლანი: „ინტერი ძლიერია, მაგრამ სუპერთასის მოგების იმედი გვაქვს“

განვლილი სეზონი, დიეგო ფორლანის კარიერაში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, საუკეთესო აღმოჩნდა. 31 წლის ფორვარდმა, ჯერ ევროპის ლიგის ფინალში ინგლისურ “ფულემთან” დუბლი შეასრულა და მადრიდის “ატლეტიკოს” გაამარჯვებინა, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მის მიერ გატანილმა 5 გოლმა, ურუგვაელები 1/2-ფინალში გაიყვანა. საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკაში მაღალ დონეზე გარჯა, ფორლანს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებით დაუფასდა. “ატლეტიკო” ახალ სეზონს 27 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე მილანის “ინტერთან” მატჩით გახსნის. მომავალი დაპირისპირების წინ, მადრიდელთა სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი ჟურნალისტებს ესაუბრა.   
- პლანეტის პირველობა საუცხოოდ ჩაატარეთ, სადაც მსოფლიოს წინაშე მთელი ბრწყინვალებით წარმოჩინდით. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღების შემდეგ, რას გრძნობდით?
- ეს გასაოცარი იყო. არასოდეს დამისახავს მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატზე პერსონალური ჯილდო მიმეღო, რადგან ჩემთვის, პირველყოვლისა, ეროვნული ნაკრების ინტერესებია მთავარი. მიუხედავად ამისა, ძალიან გახარებული ვიყავი. ტურნირის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ შემეძლო საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის მებრძოლა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება, ფანტასტიური გრძნობაა, რომლის სიტყვით აღწერა, წარმოუდგენელია. ეს, ურუგვაული ფეხბურთის წარმატებისთვის მიღებული ჯილდოა და ძალიან ვამაყობ.    
- სამხრეთ აფრიკაში, ურუგვაის ნაკრებისგან მსგავს შედეგს, ნაკლებად თუ ვინმე ელოდა, მაგრამ სკეპტიკოსებს იმედი გაუცრუეთ. ალბათ, თქვენს გუნდს განსაკუთრებული მებრძოლი სული ჰქონდა?
- საკუთარი ძალების ყოველთვის გვჯეროდა. პირველივე დღიდან, მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. მართალია, საფრანგეთის ნაკრებმა საერთო ჯამში მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტად ჩაატარა, მაგრამ სასტარტო შეხვედრაში “სამფეროვნებთან” ნათამაშებმა ფრემ თავდაჯერება შეგვმატა და ნაკრებისთვის ერთგვარი საძირკველი გახდა. საუცხოო გუნდი გვყავს, რაც სამხრეთ აფრიკაში ჩვენი თამაშით დავამტკიცეთ.   
- გასული სეზონი “ატლეტიკომ” მძიმედ დაიწყო, მაგრამ მდგომარეობა გამოასწორეთ და ფინიში საუცხოოდ ჩაატარეთ. მომავალ სეზონში დასახული მიზნების რეალიზაციისთვის, წარმატებულ სტარტს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?
- კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მზად ვართ, წინა სეზონში მიღწეულზე არ შევჩერდეთ. რა თქმა უნდა, უეფას სუპერთასის მოგება გვინდა, რაც პრიმერადივიზიონის სტარტის წინ, თავდაჯერების წარმოუდგენლად დიდ მუხტს მოგვცემს. სეზონის წარმატებული დასაწყისი, მოთამაშეებს, გარკვეულწილად, ფსიქოლიგიურ ტვირთს უხსნის და სეზონის მსვლელობისას, ისინი ნაკლებად ნერვიულობენ. განვლილი სეზონი არაერთგვაროვნად წარიმართა – გუნდს ძალიან წარუმატებელი სტარტი ჰქონდა, მაგრამ მუდმივად ვცდილობდით დაკარგულის ანაზღაურებას. საბოლოო ჯამში, ევროპის ლიგა მოვიგეთ და ამიტომ, სეზონის ბოლო, წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ. თუმცა ვიცით, რომ სამუშაო კიდევ გვაქვს.      
- მომავალი სეზონის წინ, რა მიზნებს ისახავთ?
- უდავოა, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებულის წოდების შენარჩუნება გვინდა. გარდა ამისა, ჩვენს გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. თუმცა, უახლოეს პერსპექტივაში, უეფას სუპერთასის მოგება გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური კოლექტივი ვიყოთ, მაგრამ საკუთარი ამოცანები თანდათანობით, მატჩიდან მატჩამდე უნდა გადავწყვიტოთ და მოვლენებს არ უნდა დავასწროთ. ერთი სიტყვით, სეზონის დაწყება მაჟორულ ნოტზე გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.   
- მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით, არაჩვეულებრივად გრძელი სეზონი გამოგივიდათ. დასვენების შემდეგ, ფეხბურთი მოგენატრათ?
- სიმართლე გითხრათ, მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. განვლილ სეზონში, საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მივიღე, რადგან თითქმის 70 მატჩი ჩავატარე. თუმცა, შვებულების განმავლობაში ორგანიზმმა დაისვენა და მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. ფეხბურთს ვაღმერთებ და ჩემი კლუბის რიგებში თამაში, რაც შეიძლება მალე მინდა.
- ინგლისში, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, ხალხს თავი არაერთგვაროვანი გამოსვლით დაამახსოვრეთ, მაგრამ ესპანეთში გადასვლის შემდეგ, თქვენი შედეგიანობა საგრძნობლად გაიზარდა...
- ინგლისში მოედანზე გასვლა ისე ხშირად არ მიწევდა, როგორც მე მსურდა, მაგრამ ვთვლი, რომ გოლები საკმაოდ გამქონდა. “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოსვლის პერიოდში, პროფესიონალური თვალსაზრისით საუცხოო გამოცდილება მივიღე, რომელიც შემდეგ გამომადგა. სერ ალექს ფერგიუსონთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მასთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ. ის საუცხოო ადამიანი და უდიდესი მწვრთნელია, რომელიც ყოველგვარ პატივისცემას იმსახურებს.  
- ევროპის ლიგის ფინალში დუბლი შეასრულეთ და “ატლეტიკოს” ევროპული ტიტული მოაგებინეთ. მაშინ, როდესაც კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ გქონდათ, შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ევროთასების ფინალში გადამწყვეტ ბურთს გაიტანდით?
- პროფესიონალი ვარ და ყოველთვის ვოცნებობდი მონაწილეობა მიმეღო უდიდეს შეხვედრებში. ევროპის ლიგის ფინალმა, ჩემში ისეთი ემოციები გამოიწვია, რომელთა  სიტყვით გადმოცემა ძნელია. მართალია, დუბლი შევასრულე, მაგრამ ჩვენი გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურება იყო. თავდაუზოგავად ვშრომობდით, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე მიგვეღწია და საერთო წარმატებაში თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა. ეს, დაუვიწყარი რამ იყო. რაც შეეხება კარიერის რთულ პერიოდებს, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, მსგავსი რამ, ნებისმიერი ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება. მოთამაშისთვის დამახასიათებელი სწორედ ისაა, თუ რამდენად შეუძლია სიძნელეებს გაუმკლავდეს. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა – ყოველთვის, როდესაც ეს მჭირდებოდა, ახლობელი ადამიანები გვერდით მედგნენ.  
- სერხიო აგუეროსთან ერთად თამაში, რამდენად მოგწონთ?
- ის საუცხოო მოთამაშეა. ჩვენ ერთად უკვე საკმაო ხანია ვთამაშობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. გარდა ამისა, მოედნის გარეთაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სერხიო ძალიან კარგი ადამიანია და ჩემი აზრით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც.  
- ესპანურ ფეხბურთში ძლიერი სამხრეთამერიკული გავლენა იგრძნობა. თავად, რა განსხვავებებს გამოარჩევდით ესპანურსა და სამხრეთამერიკულ ფეხბურთს შორის?
- ევროპაში უფრო სწრაფად თამაშობენ – საჭიროა მაქსიმალურ სიჩქარეზე მოქმედება, რადგან მცველებს შეუძლიათ წამებში შენს გვერდით აღმოჩნდნენ და უბრალოდ, ბურთის დაუფლების საშუალება არ მოგცენ. ზოგიერთ სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს, თავდაპირველად უჭირდა მისთვის ახალ სათამაშო სტილთან შეჩვევა. ამიტომ, წარმატების მისაღწევად სწრაფად სწავლაა საჭირო.  
- ევროპის სუპერთასის მომავალ შეხვედრაში, ფავორიტად “ინტერი” ითვლება. “ატლეტიკოს” შანსებზე რას იტყვით?
-“ინტერი” ძალიან ძლიერია, მაგრამ სუპერთასის მოგების იმედი გვაქვს. შანსი არის და თუ მას გამოვიყენებთ, ჩვენთვის ფანტასტიური წარმატება იქნება.  
- მოწინააღმდეგის რომელ ძლიერ მხარეებს გამოარჩევდით?
-“ინტერი” საუცხოოდ გამოიყურება როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ თამაშში. მილანელებმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დაიმსახურეს, არაფერს ვამბობ სკუდეტოს მოგებაზე, რადგან ისინი, იტალიაში უძლიერესნი არიან.
- რა შეუძლია “ატლეტიკოს” იტალიურ გრანდს დაუპირისპიროს?
- პირველყოვლისა, თავდადება. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რათა ეს ტიტული მოვიპოვოთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც “ინტერია” დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს, ჩვენ განწყობილი ვართ, ყოველგვარი პროგნოზების საწინააღმდეგოდ გავიმარჯვოთ. ძლიერი მეტოქე კი, ამისთვის საუცხოო რამაა.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სათამაშო კლასში, უპირატესობა “ინტერის” მხარესაა?
- მილანელები ჩემპიონები არიან, ხოლო ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ასეთები გავხდეთ. თუმცა, სუპერთასზე მხოლოდ ერთი თამაშია და ამ დროს, შესაძლოა, ერთმა დარტყმამ, ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა






 

0.096494