ინტერვიუები

10:28 | 6.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მილიტო: “ბრწყინვალე სეზონი მქონდა, მაგრამ მუნდიალმა მწარე გემო დამიტოვა”

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირმა, არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მილიტომ იტალიური “ინტერის” საიტს ინტერვიუ მისცა. მილიტო აღნიშნავს, რომ რაფა ბენიტესის თავკაცობითაც ისეთივე ენთუზიაზმით იმუშავებს, როგორც ამას ჟოზე მოურინიოს პერიოდში აკეთებდა.
- როგორ გრძნობთ თავს ახალ “ინტერში”?
- აქ ბედნიერი ვარ. ახალ მწვრთნელს და ფეხბურთელებს გავეცანი.
- “ინტერი” იმ გოგოსავითაა, რომელმაც კოცნა გაჩუქათ და მას შემდეგ არ შეხვედრიხართ?
- ასეა. გასული სეზონის ბოლო საოცრად ჩავატარეთ, “ტიფოზებს” დიდი სიხარული ვაჩუქეთ და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. მომავალ სეზონსაც იმედით ვუყურებ.
- რადგან ჩემპიონატი ახსენეთ: პირველ ტურში “ბოლონიას” სტუმრობთ, მეხუთეში  – “რომას”. შემდეგ არის მატჩი “იუვენტუსთან” და აღარაფერს ვამბობ ჩემპიონთა ლიგაზე. დამღლელია, ხომ? რას ფიქრობთ ამაზე?
- კალენდარი ყოველთვის მძიმეა. შესაძლოა, სუსტებთან დაიწყო და ძლიერებთან დაამთავრო, ან პირიქით. წინასწარ ვერ იტყვი, რომელი მატჩი იქნება ძნელი და რომელი - შედარებით იოლი. ყველაფერი “ინტერის” მზადყოფნაზეა დამოკიდებული. ამჟამად ჩვენი ფიქრები ევროპის და იტალიის სუპერთასის შეხვედრებისკენაა მიმართული.
- ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პასუხისმგებლობა გაგეზარდათ?  
- რა თქმა უნდა. ამიტომაც ვემზადებით ახალი ტიტულების მოსაგებად.
- გასული სეზონი, ალბათ, საუკეთესო იყო თქვენს კარიერაში.
- ულაპარაკოდ. ყველანაირად დასამახსოვრებელი იყო.
- პიროვნულად შეგცვალათ ამ ტიტულებმა?
- არა. რაც ვიყავი, ყოველთვის იგივე დავრჩები.
- ამ ზაფხულს სიამოვნებით დაისვენებდით. მძიმე სეზონის მერე ხომ ყოველთვის კარგია განტვირთვა.
- კარგი იქნებოდა, მაგრამ მართალი არ ვიქნებოდი. მწარე გემო დამრჩა მუნდიალის შემდეგ, რადგან არგენტინის ნაკრებმა წარუმატებლად ითამაშა და მეც ვერაფერი კვალი დავტოვე. სხვა მხრივ კი 2010 წელი ბედნიერია ჩემთვის. არდადაგებიც მშვენიერი გამომივიდა, არგენტინაში ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან კარგი დრო გავატარე.
- “ინტერისტები” გაოცებულნი იყვნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არ გიწევდათ.
- ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მას პატივი უნდა ვცეთ.
- დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარაა. რას იტყვით მის წასვლაზე?
- ცოტა არ იყოს, სიურპრიზად აღვიქვი. არგენტინელ გულშემატკივრებს მისი დარჩენის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ასე არ მოხდა.
- რაფა ბენიტესზე პირველი შთაბეჭდილებები როგორია?
- ერთი შეხედვით, კარგი. თუმცა, დიდი ხნის საუბარი არც გვქონია ერთმანეთთან. შემიძლია ვთქვა, რომ ბენიტესი ძლიერი მწვრთნელია და დიდი გამოცდილებაც აქვს.
- გასული სეზონიდან ყველაზე მეტად რომელი მატჩი ან რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ?
- ძალიან ბევრი იყო, მაგრამ გამოვარჩევდი კიევში “დინამოსთან” შეხვედრას. რომ წაგვეგო, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა. ვაგებდით, მაგრამ მოვიგეთ და ამან ძალები შეგვმატა.
- სამუელ ეტოომ თქვა, მეტოქის კართან უფრო ახლოს თამაში მინდა, რადგან ფორვარდი ვარ და ჩემთვის გოლებია აუცილებელიო. რას იტყვით?
- ეტოო ძალიან მაგარია. რომელ გუნდშიც ითამაშა, ყველგან ბევრი გოლი შეაგდო. სეზონის დასაწყისში მეც და ეტოოც გამოკვეთილ ფორვარდებად ვთამაშობდით, მერე კი მწვრთნელმა ის უკან დასწია და კამერუნელსაც სხვა ფუნქციები დაეკისრა.
- და რას ეტყოდით “ტიფოზებს” სეზონის წინ?
- ჯერ მადლობას გადავუხდი მათ – “ინტერში” მისვლის პირველივე დღიდან სითბოს მაგრძნობინებდნენ. და ეს მოგებული ტიტულებიც, უპირველესად, მათ ეძღვნებათ.  
მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092552