ჭიდაობა

17:55 | 23.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიღომში ახალი ნაკრების კონტურები გამოჩნდა

2010 წლის ქართული საჭიდაო სეზონი დასრულდა. წერტილი ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებმა დასვეს. დღეს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, კლასიკოსთა საქართველოს ჩემპიონატი ბოლო-სამმა წონითმა კატეგორიამ დააგვირგვინა. 84, 96 და 120 კილოგრამებში ერთიანად 55 სპორტსმენი მოგროვდა და შედეგად, მედლების სამივე კომპლექტის გათამაშებას სულ რაღაც 4 საათი ეყო.
84 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული თბილისის სახელით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ მოიპოვა. საფინალო გზაზე მან ასევე თბილისელები – ნიკოლოზ კელასოვი და გიორგი ავაზაშვილი, აჭარის გუნდის წევრი ლაშა ხმალიძე და ბაღდათელი მათე სოფაძე ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი ქუთაისელ დავით ჩაკვეტაძესთან მოიპოვა. ცნობისთვის, ჩაკვეტაძე 18 წლისაა და მისმა ჭიდაობამ უკვე ბევრი აალაპარაკა. თუმც საჩემპიონოდ ძალა ნამდვილად არ ეყო. გეგეშიძემ ფინალიც და მთლიანად ჩემპიონატიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამ წონაში ბრინჯაოს პრიზიორები თბილისელი რევაზ ნადარეიშვილი და მათე სოფაძე გახდნენ. ამ უკანასკნელმა საქართველოს პირველობის სამეულში მოხვედრა ზედიზედ მეორედ შეძლო. იანვარში ჩატარებულ ჩემპიონატშიც ბრინჯაო ირგუნა. აქვე 84 კილოგრამის დანაკლისზეც ვთქვათ. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ გუშინ, აწონვაში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სწრაფადვე განაცხადა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა და არ იჭიდავებდა. ტრავმების გამო კი ლეიბზე გასვლა იანვარში გამართული პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებმა, აკაკი ჯოხაძემ და არსენ კახაბრიშვილმა ვერ შეძლეს.
96 კილოგრამში, ყველასთვის მოულოდნელად, ზედ აწონვის წინ გაირკვა, რომ რამაზ ნოზაძე არ იჭიდავებდა. კიდევ ერთი ფავორიტი, სოსო ჯაბიძე შეჯიბრს ტრავმის გამო დააკლდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი 18 წლის თბილისელი სანდრო დიხამინჯია ავიდა. ცნობისთვის, მისი პირადი მწვრთნელიც ნოზაძის დამრიგებელი ოთარ ტატიშვილია. დიხამინჯიამ ფინალში ასევე დედაქალაქის სახელით მოჭიდავე სოლომონ გიკაშვილი დაამარცხა. იქამდე კი გიორგი კიკნაძე (თბილისი), გოჩა დავითაძე (აჭარა) და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი) დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილები ქარჩავამ და მისმა თანაქალაქელმა ბექა ჩოფლიანმა დაიკავეს.
მძიმე წონაში მხოლოდ 12 მონაწილე მოგროვდა და აჭარელ გურამ ფერსელიძეს ოქროს მედლის მოსაპოვებლად 3 გამარჯვება (აქედან მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭიდაობა) ეყო. ქუთაისელი შოთა გოგისვანიძის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მას თბილისელ გივი მორჩილაძესთან უწევდა დაპირისპირება, თუმცა მეტოქე ტრავმის გამო არ გამოცხადდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი უმთავრესი კონკურენტი, რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი) სამრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მესამე ადგილები გოგისვანიძემ და თბილისელმა დიმიტრი ჯავახიშვილმა მოიპოვეს. ეს უკანასკნელი დღეს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჭიდაობდა და ტიტულის შენარჩუნების შანსი ნახევარფინალში, ჭელიძესთან წაგებით დაკარგა.
გუნდურ ჩათვლაში ყველას თბილისის გუნდმა აჯობა, მეორეზე აჭარა გავიდა, ხოლო მესამეზე – ქუთაისი.

 

ჩემპიონატის ჩამთავრების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბეგი დარჩიას გაესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველობას?
- ჭიდაობის საერთო დონე იანვარში ჩატარებულ საქართველოს პირველობასთან შედარებით მაღალი იყო. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვიან.
- კონკრეტულად ვის ჭიდაობას გამოარჩევთ?
- 66 კილოგრამის ჩემპიონ არჩილ თურმანიძეს, 55 კილოგრამის ფინალისტ ზურაბ მაჭარაშვილს, ასევე 84 კილოგრამის ვერცხლისმედალოსან დავით ჩაკვეტაძეს და 96-ის ჩემპიონს, სანდრო დიხამინჯიას. იყო კიდევ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა, რომელთა ჭიდაობაც იმედს გვაძლევს, რომ ძირითად ნაკრებს კარგი შევსება ეზრდება.
- ნაკრების უკვე გამოცდილი წევრების გამოსვლით კმაყოფილი დარჩით?
- საკმაოდ. გამორჩეულად დამაჯერებლად ლაშა გოგიტაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ), მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) იჭიდავეს. გული დამწყვიტა გიორგი ცირეკიძის (74 კგ) სამეულს მიღმა დარჩენამ. საოცრად შრომისმოყვარე ბიჭია, ამასთან, საკმაოდ ნიჭიერიც, მაგრამ... ზედმეტი წონის დაკლებამ თავისი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენის საშუალება აღარ მისცა.
- ცხადაიას ადგილს რომელ წონაში ხედავთ, 66-ში თუ 74-ში?
- ფაქტია, 66-ში დაკლება უკვე უჭირს. ერთი წონით მაღლა ჯერჯერობით ნორმალურად გამოვიდა, მაგრამ ამ ეტაპზე, თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მაინც ძნელია. ყველაფერი საერთაშორისო ტურნირებზე გამოჩნდება.
- უკვე გადაწყვეტილია, რამდენ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს გუნდი მონაწილეობას ევროპირველობამდე?
- გეგმა შედგენილია და მასში 3 ტურნირი გვაქვს შეტანილი. იანვრის ბოლოს ნაკრების კანდიდატები თურქეთსა და საფრანგეთში იჭიდავებენ, ხოლო თებერვლის ბოლოს – ბულგარეთში. ევროშემადგენლობა სწორედ ბულგარეთის შემდეგ გამოიკვეთება.
- საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე ტიტულოვანი მოჭიდავის გარეშე ჩატარდა. მათ თუ განიხილავთ ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობის კანდიდატებად?
- მარტამდე შანსს ალბათ მათაც მივცემთ, თუმც დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელთა საბჭო მიიღებს.




ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
23 დეკემბერი


84 კგ
1 ვლადიმერ გეგეშიძე (თბილისი)
2 დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი)
3 მათე სოფაძე (ბაღდათი)
3 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)

96 კგ
1 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
2 სოლომონ გიკაშვილი (თბილისი)
3 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)
3 ბექა ჩოფლიანი (ოზურგეთი)

120 კგ
1 გურამ ფერსელიძე (აჭარა)
2 რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი)
3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 დიმიტრი ჯავახიშვილი (თბილისი)
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.094862