განვლილ მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრების თამაშის შეფასებისას დიკ ადვოკაატის აზრი რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურია, ეს უდავოა. “პატარა გენერალი” “ნარინჯისფერთა” შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს, ვინაიდან 1992-1995 და 2002-2004 წლებში ეროვნული გუნდის თავკაცი გახლდათ. შედეგად, მან კარგად უწყის თითოეული ნიუანსი რაც ნაკრების შიგნით ხდება და ცხადია, სხვებზე უკეთ შეუძლია დასკვნების გაკეთება. 62 წლის სპეციალისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ჰოლანდიას გულშემატკივრობდა სიახლე არავისთვისაა, თუმცა, მისი პროფესიონალზმი იმაშიც სჩანს, რომ მიუკერძოებელია და თანამემამულეებთან შედარებით ესპანელების უპირატესობას აღიარებს.
- ფინალში ჰოლანდიელების დამარცხებამ იმედი ძალიან გაგიცრუათ?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყოთ, უფრო ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა. ესპანელებმა ჰოლანდიას არა მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში აჯობეს, არამედ, მთელი ტურნირის განმავლობაში ისინი უფრო ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში თავზე “ნაცრის დაყრის” მიზეზი არ გვაქვს. ჩვენ ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავედით, რაც უდიდესი მიღწევაა.
- ჰოლანდიის ნაკრების უდიდეს მწვრთნელებს - რინუს მიხელსსა და ერნსტ ჰაპელს, შესაბამისად, 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ტრიუმფისგან ერთი ნაბიჯი აშორებდათ. ბევრი თვლის, რომ ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს ბერტ ვან მარვიიკს ზემოთ ნახსენებ სპეციალისტებამდე ბევრი აკლია...
- უდავოა, რომ მწვრთნელს გუნდში უდიდესი როლი აკისრია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს მოედანზე გასული მოთამაშეები წყვეტენ. ვფიქრობ, ჰოლანდიელი ფეხბურთელები საკმაოდ კარგი დონის იყვნენ, რომ ოქროს მედლები მოეგოთ. სხვათა შორის, ამჟამინდელი ნაკრების ექვსი ფეხბურთელი –ვან ბრონკჰორსტს, ჰეიტინგას, ვან დერ ვაარტს, სნეიდერს, ვან ბომელსა და რობენს, ჩემი ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ. ასე რომ, მარვიიკის განკარგულებაში გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც უმაღლეს დონეზე უთამაშიათ საკმაოდ იყვნენ.
- მაშინ, საბოლოო ჯამში რატომ ვერ გაიმარჯვეს?
- ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები კონკრეტულ მატჩში ინდივიდუალურად უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, შესაძლოა, ჰოლანდიას ცოტა იღბალი არ ეყო.
- გადამწყვეტ მომენტებში რობენს რა დაემართა? მსგავს შანსებს ის ჩვეულებისამებრ “თვალდახუჭული” იყენებს...
- რა უნდა ვთქვა? რობენი მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო კონდიციებში არ შეხვედრია. უდავოა, რომ ტრავმამ მის გამოსვლას თავისი დაღი დაასვა და მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში მან ძალიან კარგ დონეზე ითამაშა.
- მსაჯობის საკითხზე გადავიდეთ. წინა მუნდიალებისგან განსხვავებით, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტურნირის დროს, იგი ძალიან აქტუალური იყო. არც ფინალის მთავარი არბიტრი ჰოვარდ უები გახლდათ მთლად უზადო. თქვენ როგორ თვლით?
- გინდათ ვთქვა, რომ ჰოლანდიელები მსაჯმა დააღალატა? თუმცა, ეს ასე არ ყოფილა. მართალია, რეფერი უზადო არ იყო, მაგრამ მან შეცდომები არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ ჰოლანდიის სასარგებლოდაც დაუშვა. მატჩის ძირითად დროში მინიმუმ ორი ეპიზოდი იყო, როდესაც ჰოლანდიელი ფეხბურთელის გასაძევებლად უებს ყველა პირობა ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ შეხვედრის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, საფუძველს მოკლებულია.
- ფიფამ უკვე განაცხადა, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამსაჯო სისტემაში ცვლილებები მოხდება. მსაჯობაში სიახლეების დანერგვის მომხრე ხართ თუ მოწინააღმდეგე?
- ორივე ხელით სიახლეებს მივესალმები. თამაშის ტემპი ძალიან მაღალია და მსაჯები ყველაფერის დანახვას ფიზიკურად ვერ ასწრებენ. ვიდეოგამეორებების დრო დადგა. საუბარი, ხომ რაიმე რადიკალურ ცვლილებებზე არ მიდის. უბრალოდ, საჭიროა დამატებითი მსაჯი, რომელიც თამაშის მსვლელობას თვალს მონიტორზე მიადევნებს და მთავარ არბიტრს უკარნახებს - იყო თუ არა თამაშგარე ან გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. ეს ხომ წამების ამბავია – ნახე გამეორება და შეატყობინე მთავარ მსაჯს მიკროფონით. ყოველივე, შეხვედრის მსვლელობის შეფერხებას არ გამოიწვევს.
- როგორც მწვრთნელმა, საკუთარი თავისთვის სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ ტურნირზე რაიმე ახალი აღმოაჩინეთ?
- გარკვეულწილად გამაკვირვა, რომ ტურნირის სტარტზე გუნდები ფრთხილობდნენ. თუმცა, სამწვრთნელო კონცეფციებთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.
- თქვენი აზრით მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი ვინ იყო?
- შედეგით თუ ვიმსჯელებთ საუკეთესო მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო შედეგის მიღწევაში მთავარი როლი მოთამაშეებს ეკისრებათ. გუნდებზე თუ ვისაუბრებთ, სხვებზე მეტად გერმანიამ და ურუგვაიმ გამაოცეს. არავინ ელოდა, რომ სამხრეთამერიკული გუნდი ასეთ მაღალ შედეგს აჩვენებდა.
- უსიამოვნო მოულოდნელობა რა იყო?
- ამ შემთხვევაში ორიგინალური არ ვიქნები – იტალიისა და ინგლისის გამოსვლა.
- ფიფამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დიეგო ფორლანი დაასახელა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- არა. ვთვლი, რომ საუკეთესო ხავი იყო. თუმცა, ჩემპიონატი ფორლანმაც საუცხოოდ ჩაატარა.
- მეოთხედფინალების წინ მუნდიალის მთავარ ფავორიტად არგენტინა დაასახელეთ. მაშინ თქვით, რომ მათ შემადგენლობაში ისეთი დონის ფეხბურთელი გამოდის, როგორიც სხვა ნაკრებებს არ ჰყავთ. მესიმ იმედი რატომ არ გაამართლა?
- ჩემთვის კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ცოტა განსხვავებული სათამაშო პოზიცია, სხვა პარტნიორები, დიდი ფსიქოლოგიური წნეხი – მიზეზი ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.
- ხავისთან და ინიესტასთან ერთად მესი უფრო სახიფათოა. როგორ თვლით, “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებს ერთმანეთის წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობებით რომ ეთამაშათ, ვინ გაიმარჯვებდა?
- რთული შეკითხვაა. არ გამოვრიცხავ, რომ “ბარსელონას” მოეგო.
ლაშა თაბაგარი







