უეფას ოფიციალურ საიტზე გორის "დილას" ამბები წერია. ეს სტატია ჩვენმა კოლეგამ, ვახტანგ ბზიკაძემ დაწერა. როგორც იცით, დღეს "დილას" მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა აქვს "ანორთოსისთან" - შეხსენებისთვის, თამაში 20:00 საათზე დაიწყება "მიხეილ მესხზე".
"იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქი პირველად მონაწილეობს ევროპის ლიგაზე. სწორედ იოსებ ჯუღაშვილის მიერ ახალგაზრდობაში დაწერილი ერთ-ერთი ლექსის საპატივსაცემოდ დაერქვა კლუბს "დილა" და ასე ჰქვია 60-იანი წლებიდან.
თუმცა, გორს სხვა სიმბოლოებიც აქვს. ეს ქალაქი ძიუდოს ცენტრია, რისი ნათელი დადასტურებაც 20 წლის ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის მიერ ლონდონის ოლიმპიადაზე აღებული ოქროა. "დილას" ფეხბურთელებმა ლაშას სიხარულით მიულოცეს წარმატება და თავადაც ახარებენ გულშემატკივარს. გასულ კვირაში მათ დანიურ "ორჰუსს" თბილისშიც მოუგეს და საერთო ჯამში 5:2 გამარჯვებით გადალახეს II საკვალიფიკაციო ეტაპი.
თემურ შალამბერიძე ("დილას" მწვრთნელი): "დანიელებთან თამაში ნამდვილად მძიმე გამოდგა. მეტოქემ კარგი ევროპული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ არ დავიღლები გამეორებით: "დილაში" იმდენად გამოცდილი ფეხბურთელები მოგროვდნენ, რომ "ორჰუსისა" არ გვეშინოდა. ჩვენ უფრო ახალგაზრდები რომ გვყოლოდა, შესაძლოა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ვეღარ მოეხერხებინათ გარდატეხის შეტანა".
... "დილას" წარმატებას საფუძველი გაზაფხულზე ჩაეყარა, როცა გუნდში "ვოლგადან" მოვიდნენ ლაშა სალუქვაძე, მათე ვაწაძე და ზურაბ არზიანი, "კარპატიდან" სანდრო გურული და ასევე, ევროტურნირებზე გამოცდილები - შოთა კაშია და კახა ალადაშვილი. ზაფხულში მათ შეუერთდნენ გიორგი შასიაშვილი და დავით კვირკველია, ასევე, 'ზესტაფონის" ლიდერები: შოთა გრგალაშვილი და გიორგი ონიანი.
"ჩვენი პრობლემა არასაკმარისი შეთამაშებაა. ბიჭები სხვადასხვა ჩემპიონატიდან მოვიდნენ - რუსეთიდან, კვიროსიდან, საბერძნეთიდან. მათ დრო სჭირდებათ, თუმცა ახლოს არიან იმასთან, რომ ერთმანეთს თვალდახუჭულებმა გაუგონ" - ამბობს შალამბერიძე და იქვე ამატებს, რომ "ანორთოსისთან" თბილისში გოჩა ხოჯავასა და გულვერდ თომაშვილს (ტრავმა) ვერ ათამაშებს, ხოლო გიორგი კახელიშვილის შარშანდლიდან გამოყოლილი დისკვალიფიკაცია ამ პირველი მატჩის შემდეგ დასრულდება და კვიპროსზე შეეძლება თამაში.
"კვიპროსული კლუბი საკმაოდ ძლიერია, - ამბობს შალამბერიძე - ჩვენ ისინი კარგად შევისწავლეთ. არ მიმაჩნია, თითქოს ჩვენ მათზე სუსტები ვიყოთ. ასე რომ, მიზანი სემდეგ ეტაპზე გასვლაა".
ისე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, "ანორთოსისი" "ქართული კვალის" გარეშე წარმოუდგენელიცაა. საქართველოს ისტორიაში პირველი პროფესიონალური ტრანსფერი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" გადასვლა იყო და ძალიან წარმატებულც გამოდგა. ქეცბაია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახდა, ხოლო შემდეგ მწვრთნელის რანგში გაიყვანა "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. სხვადასხვა დროს, ქართველთაგან "ანორთოსისში" ასევე უთამაშიათ გიორგი ქინქლაძეს, კლიმენტი წიტაიშვილსა და "დილას" ორ ფეხბურთელს: გოჩა ხოჯავასა და დავით კვირკველიას.









