ხშირად მინახავს, როგორ განიცდის დიმიტრი სანაკოევი ცხინვალის “სპარტაკის” მატჩებისას გუნდის ცუდ თამაშს, ღერი ღერზე ეწევა სიგარეტს და სულ ემოციებშია. თუმცა, ნამდვილად არ მახსენდება, სანაკოევს მსაჯისთვის შეეგინებინოს ან რაიმე სხვა სახის სკანდალი აეტეხოს. “სპარტაკის” პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ავად თუ კარგად, კლუბის მართვას ახერხებს. “სპარტაკი” საბიუჯეტო კლუბია და როგორც იტყვიან, ფინანსებთან დაკავშირებით “ქამარს იჭერს”, თუმცა არც ისე გახდომია საქმე, რომ ჩემპიონატიდან გასვლა დამუქრებოდა.
ცნობისთვის, ცხინვალის გუნდს 1990 წელს “ლიახვი” დაერქვა და საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, 2003-2007 წლებში “ცხინვალის” სახელით გამოდიოდა, პირვანდელი სახელი (ცხინვალის “სპარტაკი” 1936 წელს დაარსდა) კი, 2007 წლიდან ჰქვია.
“მსოფლიო სპორტი” დიმიტრი სანაკოევს ესაუბრა:
- რა შეხება გქონდათ ფეხბურთთან, სანამ “სპარტაკის” პრეზიდენტი გახდებოდით?
- ბავშვობაში დავდიოდი ფეხბურთზე, "ტყავის ბურთის” ტურნირებზე გამოვდიოდი, ოლქის გუნდში ვიყავი. მცველად, “მწმენდავად” ვთამაშობდი. მაშინ დაცვაში ხაზზე თამაში არ იყო შემოსული. ეს ძალიან ადრე იყო. მე-6 კლასში შევეშვი ფეხბურთელობას. ჩემს დროს გუნდში ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ: ინალ ჯიოევი, ბახვა თედეევი... შემდეგ წავედი ჭიდაობაში, ხელბურთში. ისე კი, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების ნაწილია. “სპარტაკის” შექმნით კი გვსურდა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ ცხინვალს საქართველოში ჰყავს საფეხბურთო წარმომადგენელი.
- იდეა თქვენი იყო?
- დიახ.
- 2007 წლიდან მუდმივად უმაღლეს ლიგაში ხართ. რამდენად კმაყოფილი ხართ კლუბის განვლილი გზით?
- კარგი ტემპით მივდივართ. აშენდა მოედნები, 3000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, გვყავს გუნდი დუბლების ჩემპიონატში, რეგიონალლიგაში, ჭაბუკთა ლიგაში, ბავშვთა სხვადასხვა ასაკში. გორის “ქართლზე” ვარჯიშობენ ჩვენი ბავშვთა გუნდები, რომლებიც “სამაჩაბლოს” სახელით გამოდიან.
- ბავშვებისთვის გადასახადი მოხსნილია?
- დიახ. ეკიპირება იქნება თუ ტრანსპორტირება, ყველაფერი უფასოა.
- ეს დიდი პლუსია. აკადემიის შექმნაზე არ გიფიქრიათ?
- ფეხბურთი ღარიბების თამაშია და კარგად ვიცი, რამდენი ბავშვი ვერ გაზრდილა ფეხბურთელად იმის გამო, რომ მშობელს უჭირს. რაც შეეხება აკადემიას, ახლა პირველად ვამბობ, რომ სპონსორს ველით და გვსურს, რომ ხაშურში დავფუძნდეთ. “სპარტაკიც” ხაშურში ჩაატარებს მატჩებს. ამაზე მუშაობა მიდის.
- რატომ მაინცდამაინც ხაშურში?
- ჯერ ერთი, შიდა ქართლია და მეორეც, ხაშურის სტადიონი არცთუ ძველია, 1989 წელსაა აშენებული. გაკეთდება, შელამაზდება და... იმედია, გულშემატკივარიც ივლის.
- “სპარტაკის” წლიური ბიუჯეტი რამდენია?
- მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ცოტაა და ბევრ რამეს ვერ სწვდება. ამის მიუხედავად, მთლად ცუდი შედეგი არ გვაქვს. 2010 წელს ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავედით და თასის ნახევარფინალში ვითამაშეთ. ამ ეტაპზე ვვითარდებით და მთავარი სწორედ ესაა.
- ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა. მით უმეტეს, გადასახადებიც იქნება...
- ასეა. ამ მილიონიდან მეხუთედი გადასახადს მიაქვს. სანამ ეს არ მოწესრიგდება, ძნელია სერიოზულ წინსვლაზე ფიქრი.
- “სპარტაკს” არ ჰყავს თუნდაც მცირერიცხოვანი ფან-კლუბი. გვესმის, რომ გულშემატკივარს სტადიონზე დაძახება არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც, არ გსურთ, დააინტერესოთ?
- როცა სტადიონი არ გაქვს, ფან-კლუბის დაარსება წარმოუდგენელია. პლუს, ამას ცალკე ფინანსები სჭირდება. კაცს ძალით ვერ წამოიყვან თამაშზე. აი, როცა სტადიონიც იქნება და სანახაობაც, მაშინ, კი ბატონო. ამ სეზონში ჩვენი საშინაო მოედანი “მიხეილ მესხია”. ვფიქრობ, ეროვნული ჩემპიონატი მაშინ წავა წინ, როცა ყველა რეგიონში გუნდს ექნება საკუთარი სტადიონი და პლუს, დამხმარე მოედნები.
- ფედერაციის მუშაობაში რა მოგწონთ და რა – არა?
- ვიცი, რომ ფედერაციას არ აქვს დიდი ფინანსები. ამ ეტაპზე ოთხი კარგი სტადიონი გვაქვს (ორი - თბილისში, ერთი - ქუთაისში, ერთიც - ზესტაფონში) და კიდევ კეთდება. რატომ არ უნდა დავინახო ეს? ფედერაციაზე ცუდი რა გითხრათ, მაგრამ უშუალოდ თამაშებში ბევრი რამ არ მომწონს. მაგალითად, ფეხბურთელების არაჯენლტმენური ქცევა, მსაჯებზე აპელირება...
- ამის გამო დაგისჯიათ ფეხბურთელი?
- რა თქმა უნდა. თუმცა, ჩვენთან ფულადი ჯარიმები არაა. სიტყვიერად დამისჯია და გამიფრთხილებია, რომ იგივე არ გაიმეოროს.
- საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა კლუბის პრეზიდენტი მწვრთნელის საქმიანობაში აქტიურად ერევა. მინახავს, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი ფურცელზე დაწერილ ფეხბურთელთა სიას აძლევს მწვრთნელს თამაშის წინ... თქვენ?
- არა. ბოლო სიტყვა მწვრთნელზეა. რა თქმა უნდა, მატჩის წინ ვინტერესდები, როგორ შემადგენლობას აყენებს მწვრთნელი, მაგრამ ეს ამოაგდე და ის ჩასვი-მეთქი, მსგავსი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია. ისე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მწვრთნელთან, სხვადასხვა სათამაშო რგოლებს ვარჩევთ. მაგალითად, სხვამ რომ არ მითხრას, მეც ვიცი, რომ მცველების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს და გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება.
- “სპარტაკის” თამაშებს არ აცდენთ და ძალიან ნერვიულობთ ხოლმე...
- კლუბის მხოლოდ კაბინეტიდან მართვა ჩემში არ ზის. ვარჯიშებზეც დავდივარ. ვცდილობ, თამაშებს პროფესიონალის და არა ემოციური თვალით ვუყურო. როცა კარგად ვთამაშობთ - მიხარია, როცა ცუდად – სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი.
- როგორც ვიცით, ფეხბურთს გასართობად ხშირად თამაშობთ.
- დიახ. ამ საღამოსაც მივდივარ სათამაშოდ.
- სპორტის კიდევ რომელი სახეობები გიყვართ?
- კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი. აი, რაგბიში ვერ ვერკვევი. ძალოსნობა და კრივი არ მიყვარს. უფრო, გუნდური და ბურთიანი სათამაშო სახეობები მიზიდავს.
- მიზნად, ალბათ, ევროტურნირებზე თამაში გაქვთ დასახული. ამ სეზონს არ ვგულისხმობ – უახლოეს მომავალზე ვამბობ...
- ძალიან მინდა. ვნახოთ.
- “სპარტაკის” ფეხბურთელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? უფრო მეგობრული თუ მკაცრი?
- ნორმალური. ფეხბურთელი მონად არ უნდა გრძნობდეს თავს და არც ისე უნდა იყოს, რომ ყველაფერში თავისი გაიტანოს. ხშირად ვსაუბრობ ფეხბურთელებთან, შენიშვნებიც არაერთხელ მიმიცია – ზოგჯერ ხდება, არ ესმის, რას ვეუბნები და აზრი ეკარგება ყველაფერს. არ გინდა ჩვენთან? გზა ხსნილი გაქვს. იცით, რას ვაფასებ ფეხბურთელში? არა მარტო მატჩის დროს, ვარჯიშებზეც რომ ბოლომდე იხარჯება, იღლება და ლასლასით მიდის სახლში.
- არ ყოფილა შემთხვევა, როცა ფეხბურთელისთვის ხელი შეგიშლიათ და სხვა კლუბში არ გაგიშვიათ?
- არა. წეღანაც ვთქვი, ფეხბურთელს მონასავით არ უნდა მოექცე. თუმცა, კლუბს თუ თანხა ეკუთვნის ამ ფეხბურთელში, უნდა აიღოს. ეს ორჯერ ორი ოთხივითაა. მაგალითად, თემურ შონია იყო წასული უკრაინულ კლუბში და იტოვებდნენ, მაგრამ ფულის გადახდა არ სურდათ. ჩვენ შონიაში კომპენსაციას ვითხოვდით – როგორც 23 წლამდე ახალგაზრდაში, რომელიც ჩვენთან იზრდებოდა. შესაბამისად, თემური დაბრუნდა ჩვენთან და დღეს გუნდის კაპიტანია. მაგალითად, ტიერი კლოვისი წლეულს ისრაელში გავუშვით და არაფერი მოგვითხოვია.
- საქართველოში რომელ კლუბს თვლით მისაბაძად?
- რომლებიც ცხრილში ზემოთ არიან. ‘ზესტაფონი”, “დინამო”, “მეტალურგი”, “ტორპედო”... მაგალითად, მარტვილის “მერანი” კარგად თამაშობს, მაგრამ კლუბს ბაზისი არ აქვს.
- “სპარტაკის” ლიდერი ვინაა? გასახდელში ლიდერს ვგულისხმობ.
- გასახდელში ლიდერი ჩვენი მწვრთნელია. ასე უფრო მართებულია.
- მსაჯობაზე გვაინტერესებს თქვენი აზრი...
- ამ სეზონში ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც ჰონორარები მოუმატეს, შედარებაც არაა. ადრე ბევრ შეცდომას ვაწყდებოდით.
- გასაგებია. ოჯახზეც მოგვიყევით.
- მეუღლე და სამი შვილი მყავს. ორი ვაჟი და ერთი გოგონა. ერთი ვაჟი ფეხბურთს თამაშობდა, “სპარტაკის” დუბლებში იყო და დაასრულა თამაში. ახლა ორივე ბიჭი უცხოეთში სწავლობს – ერთი ბულგარეთში, მეორე კი უნგრეთში.
- შვილი რატომ შეეშვა ფეხბურთს?
- ერთხელ მსაჯს შეაგინა, მინდვრიდან გააძევეს და იმდღესვე ვუთხარი, შენი ფეხბურთელობა დასრულებულია-მეთქი. ჩემი გადაწყვეტილება იყო.
- 1981 წელს, როცა თბილისის “დინამომ” თასების თასი მოიგო, პატარა იქნებოდით. გახსოვთ ის დღე და ის ემოციები? და რა ხდებოდა მაშინ ცხინვალში, დიდი ზეიმი იყო?
- 12 წლის ვიყავი და სიხარულისგან არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. ქალაქში არ გავსულვარ, რადგან პატარა ვიყავი. ვლადიმერ გუცაევის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი და თასების თასი რომ მოიგო “დინამომ”, რამდენიმე დღეში გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი და კიდევ ორი ფეხბურთელი გვესტუმრა სკოლაში. უნდა გენახათ, რა ხდებოდა... სააქტო დარბაზში ტევა არ იყო. როცა გამოაცხადეს, “დინამოს” ფეხბურთელები მოდიანო, ისეთი ხმაური და აჟიოტაჟი ატყდა, საკლასო ოთახში ფანჯრის მინებს ლაწა-ლუწი გაუდიოდა.
ილია ნანობაშვილი









